„სტარლინკი ქვეყანაში არსებულ მონოპოლიას და ფასების ზრდის ტენდენციას შეამცირებს. მინიმუმ ფასები აღარ გაიზრდება“, - ამის შესახებ „კომერსანტთან“ საუბრისას კრიპტო იურისტმა, კრიპტობანკ Yield App-ის რეგიონულმა მმართველმა პარტნიორმა ლევან ბოძაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, სტარლინკი მოიტანს იმას, რომ გლობალური ინტერნეტი აღარ იქნება მონოპოლიაზე დამყარებული. სამაგიეროდ, სტარლინკი და მასკი გახდებიან მსოფლიოში მონოპოლისტები.
„კომერსანტი“ ლევან ბოძაშვილს საქართველოში სტარლინკის შემოსვლის მნიშვნელობას, პრიორიტეტებსა და პერსპექტივებზე ესაუბრა.
რა მნიშვნელობა აქვს საქართველოში სტარლინკის შემოსვლას?
ლევან ბოძაშვილი, კრიპტო იურისტი, კრიპტობანკ Yield App-ის რეგიონული მმართველი პარტნიორი: ჩვენ ნუ შევხედავთ სტარლინკის შემოსვლას მხოლოდ ინდივიდუალური მომხმარებლის საბაზრო თვალსაზრისით. პირველ რიგში რასაც სტარლინკი მოიტანს იქნება ის, რომ გლობალური ინტერნეტი არ იქნება მონოპოლიაზე დამყარებული. მაგრამ საბოლოო ჯამში, თვითონ მასკი და სტარლინკი იქნება მონოპოლისტი. ყველა ქვეყნის ინტერნეტის პროვაიდერ კომპანიას მოუწევთ თავიანთი ფასების გადახედვა.
საქართველოსთვის კარგია სტარლინკი იმიტომ, რომ მაღალმთიან რაიონებში ინტერნეტი არ არის, ან რთულად იჭერს და სატელიტური ინტერნეტი, რომელსაც სტარლინკი იყენებს, მისწრებაა საქართველოსნაირი გეოგრაფიის მქონე ქვეყნისთვის. ეს ასევე ხელს შეუწყობს მთიან რაიონებში სასტუმროებში ინტერნეტის უზრუნველყოფას და მათ მუშაობას გაუადვილებს.
საქართველოსთვის სტარლინკი ყველაზე მნიშვნელოვანი „აბრეშუმის გზის გაციფრულების“ კონტექსტშია. ჩვენი ქვეყანა ვერ იქნება და არ უნდა იყოს ამოვარდნილი ამ საერთო, გლობალური, გაციფრულებისგან. ძალიან ბევრი დიდი და გლობალური პროექტი, რომელიც მსოფლიოში მიმდინარეობს, ეს ეხება რკინიგზას, პორტებს, საჰაერო ტრანსპორტს, აუცილებლად ძალიან სწრაფი ინტერნეტით უნდა იყოს უზრუნველყოფილი და შემდეგ ეტაპზე, როცა მოხდება ტოკენიზაცია და ხელოვნური ინტელექტის გამოყენება, ძალიან ბევრ სატრანსპორტო და გადაზიდვის სერვისებში სწრაფი ინტერნეტი იქნება საჭირო, გარდა ამისა, დაფარვის ზონა სტარლინკს აქვს გაცილებით დიდი, ვიდრე ნებისმიერი სხვა მომწოდებელს.
როგორია სტარლინკის ინტერნეტის ფასები და რამდენად იქნება საქართველოში მასზე მოთხოვნა?
სტარლინკის 220 მეგაბიტამდე სიჩქარის ინტერნეტი 160 ლარი ღირს, მაგრამ კომპანიებისთვის ძალიან დიდი 1 ტერაბიტი სიჩქარის ინტერნეტის ფასი 700 ლარიდან იწყება. აპარატურა კომპანიებს ერთჯერადად 8 000 ლარამდე დაუჯდებათ.
ინდივიდუალურ მომხმარებელზე რომ გადავთვალოთ, 160 ლარი ერთი ოჯახისთვის საკმაოდ მაღალი ფასია, როცა 40 ლარამდე ჯდება მინიმალური პაკეტი. ინდივიდუალურ მომხმარებელს ასეთი დიდი სისწრაფის და ასეთი ფასის ინტერნეტი არ სჭირდება, მაგრამ სტარლინკის ინტერნეტი ძალიან კარგია ტურისტული ადგილებისთვის მთიან რეგიონებში.
ინდივიდუალური მომხმარებლისთვის მოწყობილობა 1800 ლარამდე ჯდება და 2 კვირა უნდა ტრანსპორტირებას, კომპანიებისთვის - 8000 ლარზე ცოტა მეტი. ამას სხვა ქვეყნების ფასებს თუ შევადარებთ, საქართველოში კიდევ იაფია. ამერიკის და ევროპის ბაზარზე 90$-დან იწყება ფასები. მე ვფიქრობ, რომ საკმაოდ ბევრი ინდივიდუალური მომხმარებელი დააყენებს სტარლინკის ინტერნეტს, განსაკუთრებით მთაში, მაგრამ მეტი მოთხოვნა კომპანიების მხრიდან იქნება.
შეიძლება თუ არა განვიხილოთ სტარლინკი, როგორც საქართველოში არსებული ინტერნეტ პროვაიდერების კონკურენტი და რა გავლენას იქონიებს ბაზარზე?
დიახ, რა თქმა უნდა. თუ შევადარებთ ქვეყნების აბსოლუტურ უმრავლესობას, საქართველოში ინტერნეტი არის ყველაზე ძვირი, მათ შორის კორპორაციული ინტერნეტიც ძვირია. სტარლინკი შეამცირებს არსებულ მონოპოლიას და ფასების ზრდის ტენდენციას.
სატელიტური ინტერნეტის ერაში, როგორია შავი ზღვის კაბელის პროექტის პერსპექტივა?
ინტერნეტ კაბელების შესახებ დიდი სკანდალია ატეხილი მედიაში, რომ საქართველო კარგავს ჰაბის ფუნქციონალს. რამდენიმე თვის წინ, მთავრობამ გარკვეული ინვესტირება გააკეთა საერთო შავი ზღვის კაბელის პროექტში. რა თქმა უნდა, საკაბელო ინტერნეტი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ მომავალი არის ისეთი ინტერნეტის, რასაც სტარლინკი სთავაზობს მთელ მსოფლიოს და საქართველოს. ვფიქრობ, რომ პერსპექტივა ასეთი ტიპის ინტერნეტს უფრო აქვს.