უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის აუცილებლობაზე გერმანიის კანცლერმა გაეროს მინისტერიალზე ისაუბრა. ფრიდრიხ მერცი ამბობს, რომ რუსეთზე ზეწოლა გაგრძელდება, ვიდრე ისინი მოლაპარაკების მაგიდასთან არ დასხდებიან.

„ჩვენ ერთად ვმუშაობთ, რომ ასეთი მოლაპარაკებები სწრაფად დაიწყოს. ჩვენ ასევე გავაძლიერებთ ზეწოლას რუსეთზე, რომ მათ მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნა საბოლოოდ გამოთქვან. როგორც კიევში ჩვენს პარტნიორებთან შეთანხმებული იყო, ევროკავშირი მალე დააწესებს სანქციების მე-17 პაკეტს. გერმანიამ სანქციები უკვე დაამტკიცა”,- განაცხადა ფრიდრიხ მერცმა.

გერმანიის კანცლერმა პლატფორმა X-ზე დაწერა, რომ ევროკავშირმა რუსეთისთვის სანქციების მე-17 პაკეტი მოამზადა და რუსეთზე წნეხი კიდევ უფრო გაიზრდება.

„პრეზიდენტი ზელენსკი სტამბოლში ჩავიდა, უზარმაზარი დათმობაა. პუტინი კი მოლაპარაკებებს არ დაესწრო – ამ მოცემულობაში მხოლოდ მისი ქცევაა არასწორი. ახალი სასანქციო პაკეტი მზად არის. მას სამშაბათს [20 მაისს] ბრიუსელში მივიღებთ”, – წერს მერცი სოციალურ ქსელში.

ბერლინში მიმდინარე მინისტერიალზე შეკრებილია 130-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი. 74 ქვეყნის ლიდერი შეთანხმდა, რომ სამშვიდობო ოპერაციების მხარდაჭერას გააძლიერებენ. გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა ამ პროცესში გერმანიის ჩართულობაზე ისაუბრა.

გერმანიის კანცლერის განცხადებით, მან გაეროს გენერალურ მდივანთან უკრაინაში მშვიდობის დამყარებისთვის ძალისხმევის გაძლიერება განიხილა. გაეროს გენერალური მდივანი და გერმანიის კანცლერი თანხმდებიან, რომ მშვიდობიანი მოლაპარაკებებისთვის ცეცხლის უპირობო შეწყვეტაა საჭირო.

„გაეროს გენერალურ მდივანთან ვრცლად ვისაუბრე უკრაინაში მშვიდობის დამყარების მიმართულებით დიპლომატიური ძალისხმევის მნიშვნელობაზე. ჩვენ ვთანხმდებით, რომ ის, რაც ახლაა საჭირო, არის ცეცხლის უპირობო შეწყვეტა. სწორედ ამის საფუძველზე შეიძლება დაიწყოს მოლაპარაკებები ხანგრძლივი მშვიდობის შესახებ”, – განაცხადა ფრიდრიხ მერცმა.

euronews georgia