მუსიკაში არსებობს ერთი ოქროს წესი, რომელსაც ბას-გიტარისტები სწავლის დასაწყისშივე ეცნობიან: „იპოვე შენი გრუვი და მიჰყევი მას“. ეს ის რიტმია, რომელიც მუსიკოსს დრამერთან იდეალური სინქრონიზაციის საშუალებას აძლევს, რათა დანარჩენი ბენდი ბუნებრივად აჰყვეს და გაბრწყინდეს. წლების განმავლობაში დაკვირვებამ აჩვენა, რომ ზუსტად იგივე პრინციპი მოქმედებს პროდუქტიულობაშიც: თითოეულ ადამიანს აქვს თავისი „გრუვი“ – მუშაობის უნიკალური, ბუნებრივი სტილი, რომლის პოვნაც საუკეთესო შედეგების საწინდარია.

პრობლემა ისაა, რომ პროფესიონალების უმეტესობა ცდილობს, სხვისი, უკვე აპრობირებული პროდუქტიულობის სისტემები დააკოპიროს, რაც ხშირად მათი ტვინის ბუნებრივ რიტმს ეწინააღმდეგება. ალბათ, ბევრს წაუკითხავს ისტორიები CEO-ებზე, რომლებიც დილის 4 საათზე იღვიძებენ, უცდიათ დროის მართვის პოპულარული ხრიკები და იმედგაცრუებული დარჩენილან, რადგან მათ შემთხვევაში ამან არ იმუშავა. ეს იგივეა, ჯაზის საქსოფონისტს მოსთხოვო, კლასიკური პიანისტის მეთოდებით ივარჯიშოს. ორივე მუსიკოსია, მაგრამ მათი ხელოვნება – და მათი ტვინი – სრულიად განსხვავებულ მიდგომებს მოითხოვს. ნეირომეცნიერებაც ადასტურებს, რომ ჩვენი კოგნიტური ძლიერი მხარეები და ენერგიის პატერნები ისეთივე უნიკალურია, როგორც თითის ანაბეჭდი.

პროდუქტიულობის სტილები ოთხ ძირითად კატეგორიად იყოფა, რომლებიც შეგვიძლია ორკესტრის სექციებს შევადაროთ – მაგია კი სწორედ მათ ჰარმონიულ თანხვედრაშია.

პირველი არის „დისციპლინირებული ვირტუოზი“. ასეთი ადამიანები მუსიკოს პრინცს ჰგვანან, რომელმაც 27 ინსტრუმენტი დაუსრულებელი, თავდაუზოგავი გამეორებებით დახვეწა. ისინი სტრუქტურის, თანმიმდევრულობისა და მკაფიო მიზნების პირობებში ყვავიან.

მეორე ტიპია „კრეატიული გარდამქმნელი“, დევიდ ბოუის ან The Beatles-ის მსგავსად. მათი სტიქია ინოვაციების დანერგვა, საკუთარი თავის ხელახლა აღმოჩენა და სტატუს-კვოს ეჭვქვეშ დაყენებაა.

მესამე სტილი „გამძლე იმპროვიზატორია“. ჯაზის ლეგენდა ჯონ კოლტრეინის მსგავსად, ისინი საუკეთესოდ გრძნობენ თავს გაურკვევლობაში, სირთულეებს კი არა დაბრკოლებად, არამედ იმპროვიზაციის შესაძლებლობად აღიქვამენ.

და ბოლოს, „კოლაბორაციული დირიჟორი“, ბიონსეს მსგავსად, რომელიც ძლიერ გუნდს კრავს და სხვების ორკესტრირება გამოსდის. მათი „გრუვი“ ისეთი გარემოს შექმნაა, სადაც ნდობა სუფევს და კოლექტიური ბრწყინვალება იჩენს თავს.

საკუთარი სტილის უგულებელყოფა სიმღერაში ბასის იგნორირებას ჰგავს. როცა ბუნებრივ რიტმს მიჰყვებით, ურთულესი ამოცანებიც კი მარტივი ხდება, გადაწვის რისკი მცირდება და სტრატეგიული სიცხადე ჩნდება.

როგორ ვიპოვოთ და გამოვიყენოთ ჩვენი სტილი?

ეს პროცესი ძალიან ჰგავს მუსიკის სმენით სწავლას. დაკვირდით ენერგიის პიკებს ერთი კვირის განმავლობაში: „ვირტუოზები“ ხშირად დილით არიან პროდუქტიულები, „გარდამქმნელები“ კი – საღამოს. გაიხსენეთ წარსული პროექტები – როდის იყავით „ნაკადში“ (Flow)? როცა გეგმას მიჰყვებოდით, თუ როცა ექსპერიმენტებს ატარებდით? ცადეთ, ერთი კვირა იმუშაოთ თქვენთვის არადამახასიათებელი სტილით და დააკვირდით, ეს ენერგიით გავსებთ თუ გფიტავთ.

სტილის აღმოჩენა მხოლოდ პირველი ნაბიჯია, მთავარი კი მისი გამოყენებაა. მოაწყვეთ გარემო სტუდიასავით: „ვირტუოზებს“ მოწესრიგებული მაგიდა და მენეჯმენტის ხელსაწყოები სჭირდებათ, „გარდამქმნელებს“ – ვიზუალიზაციის დაფები, „იმპროვიზატორებს“ კი – უსაფრთხო სივრცე სათამაშოდ.

დღესდღეობით, სამუშაო მკაფიო შედეგებზეა ორიენტირებული. ამ გარემოში პროდუქტიულობა მეტის კეთებას კი არა, მთავარი საქმის კეთებას ნიშნავს – თანაც ისე, რომ ეს თქვენი ტვინის მუშაობის პრინციპს ემთხვეოდეს. დაიწყეთ მარტივად: დააკვირდით, როდის გაქვთ ყველაზე მეტი ენერგია, მონიშნეთ კალენდარში პიკური საათები მნიშვნელოვანი საქმეებისთვის და იპოვეთ კოლეგები, რომლებიც თქვენს სტილს შეავსებენ. საბოლოო ჯამში, როცა საკუთარ რიტმს იპოვით, არა მხოლოდ უკეთ იმუშავებთ, არამედ ზუსტად გეცოდინებათ, ვისთან უნდა ითანამშრომლოთ წარმატების მისაღწევად.

წყარო: Fastcompany    marketer.ge