ქუთაისში, საქართველოს პარლამენტის ყოფილ შენობაში ტექნოლოგიური ჰაბის განვითარების მიზნით სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ირაკლი ნადარეიშვილის შეფასებით, ეს იქნება მნიშვნელოვანი პროექტი არამხოლოდ საქართველოს, არამედ მთელი რეგიონის მასშტაბით.
„პროექტს რეგიონულ მნიშვნელობას ანიჭებს არამხოლოდ მისი მასშტაბი, არამედ ის უნიკალური მულტიფუნქციურობა, რომელიც აქ იქნება წარმოდგენილი. ერთი მხრივ, საუბარი გვაქვს, რა თქმა უნდა, საგანმანათლებო მიმართულებაზე - აქ განთავსდება საერთაშორისო IT და ტექნოლოგიური სკოლა მოსწავლეებისთვის, მინიმუმ 1000 ბავშვზე გათვლილი. ასევე აქ იმუშავებს რეგიონში უნიკალური სამეცნიერო და ტექნოლოგიური მუზეუმი, „საქპატენტის“ საერთაშორისო ტრენინგ-ცენტრი და ა.შ. რა თქმა უნდა, ძირითადი და წამყვანი მიმართულება თანამედროვე ტექნოლოგიები იქნება“, - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.
ეკონომიკისა და განვითარების მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ტექნოლოგიური ჰაბის სივრცეში ასევე განთავსდება საქართველოში ყველაზე დიდი ტექნოპარკი და მისი სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია (FabLab), 3D პრინტერების ლაბორატორია, ელექტრონიკის, რობოტიკის, დრონების, STEAM, IoT, ვირტუალური და აუგმენტირებული რეალობის ლაბორატორია და სხვა ექსპერიმენტული სივრცეები სტუდენტებისა და სტარტაპებისთვის. იქვე იმუშავებს ასევე TUMO კრეატიული ტექნოლოგიების და AI მძლავრი მონაცემთა და კომპეტენციების ცენტრები.
პროექტის თანახმად, ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის გახსნა 2025 წლის შემოდგომაზე იგეგმება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს გარე ინფრასტრუქტურული და პროექტით გათვალისწინებული სხვა სახის სამუშაოები. ასევე აღსანიშნავია, რომ უკვე რამდენიმე თვეა შენობის რეკონსტრუქციისა და რეაბილიტაციის ახალი სივრცეების დაგეგმვა და საინჟინრო კომუნიკაციების გადაწყობის პროექტის მომზადებაზე მიდის მუშაობა. განახლებული ინტერიერის დიზაინზე გამოცდილი დიზაინერებისა და არქიტექტორების ჯგუფი მუშაობს, პროექტირება მიმდინარე წლის გაზაფხულზე დასრულდება, რის შემდეგაც სარეკონსტრუქციო და სარემონტო სამუშაოები დაიწყება.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ახალ მულტიფუნქციურ ცენტრში განთავსდება საქართველოში და რეგიონში უნიკალური ხელოვნური ინტელექტის გამოთვლითი ცენტრი, ტექნოლოგიური ლაბორატორიები, სატრენინგო, ქოვორქინგის და სხვა მიმართულების ოფისები.
„რაც ასევე მნიშვნელოვანია, ამავე სივრცეში დაიდებენ ბინას მთელი რიგი საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიები, რომლებიც დღეს საქართველოში მოღვაწეობენ. საერთო ჯამში, ის უნიკალური სინერგია, რომელიც შეიქმნება ამ სხვადასხვა მიმართულებების ერთ სივრცეში ოპერირებით და ტექნოლოგიური კუთხით განვითარებით, განაპირობებს იმ უპირატესობას, რომელიც წარმოაჩენს და ჩამოაყალიბებს მას, როგორც რეგიონული მიზიდულობის ცენტრს ტექნოლოგიური განვითარების თვალსაზრისით“, - განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.
ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს