საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციას (CERN) შორის არსებული სამეცნიერო კოლაბორაცია სამომავლოდ კიდევ უფრო გაფართოვდება, - ამის შესახებ სტუ-ის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და CERN-ს შორის ურთიერთგაგების ორი ახალი, უმნიშვნელოვანესი მემორანდუმის ხელმოწერის ღონისძიებაზე განაცხადა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცნობით, დოკუმენტებს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში რექტორმა აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ და ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის (CERN) საერთაშორისო დეპარტამენტის არაწევრ და ასოცირებულ წევრ ქვეყნებთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა, ოქსფორდის უნივერსიტეტის ფიზიკის დეპარტამენტის პროფესორმა ემანუელ თესმელისმა მოაწერეს ხელი.

ურთიერთგაგების მემორანდუმი #1 CERN-ში მიმდინარე CMS ექსპერიმენტის ფაზა 2-ის განახლებას და მასში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მკვლევართა მონაწილეობის გაგრძელებას ეხება, მემორანდუმი #2 კი, CERN-ში მომავლის ციკლური კოლაიდერის (FCC – Future Circular Collaider) რეალიზების სამუშაოებში უნივერსიტეტის მეცნიერთა და ინჟინერთა აქტიურ ჩართულობას ითვალისწინებს.

დავით გურგენიძის განცხადებით, ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციასთან ურთიერთგაგების ახალი მემორანდუმების ხელმოწერის საფუძველზე, CERN-ის სამომავლო სამეცნიერო საქმიანობაში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კვლევითი პოტენციალის მონაწილეობა უმნიშვნელოვანესია უნივერსიტეტისა და მისი მკვლევრებისთვის, განსაკუთრებით კი, ახალგაზრდა მეცნიერთა და სტუდენტებისთვის. როგორც რექტორმა აღნიშნა, CERN-თან სამეცნიერო კოლაბორაციის გაღრმავება საქართველოს მთავრობის, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ხელშეწყობით ხორციელდება.

"საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ხელი მოეწერა ორ მემორანდუმს, რომლებიც ჩვენი ქვეყნის განვითარებისა და წინსვლისთვის უმნიშვნელოვანესია. ამ დოკუმენტების საფუძველზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერები მონაწილეობას მიიღებენ ისეთ გლობალურ პროექტებში, როგორიცაა CERN-ში მიმდინარე CMS ექსპერიმენტის ფაზა 2-ის განახლება და CERN-ში მომავლის ციკლური კოლაიდერის - FCC-ის რეალიზების სამუშაოებში მონაწილეობა. მეორე დოკუმენტს თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ „საუკუნის მემორანდუმი“, რომელიც რეგიონში პირველად, სწორედ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან ფორმდება. დოკუმენტი ითვალისწინებს მომავლის, 100 კილომეტრი სიგრძის ციკლური კოლაიდერის, FCC-ის ფიზიკური პროგრამის განხორციელებას, რაც დიდი ადრონული კოლაიდერის, LHC-ის ფიზიკური პროგრამის დასრულებისთანავე დაიწყება. ამჟამად, LHC-ის რეალიზების პარალელურად, მიმდინარეობს მნიშვნელოვანი სამუშაოები, მათ შორის, FCC კოლაბორაციაში ქვეყნების გაერთიანება, სამუშო ჯგუფების შექმნა; FCC-თვის ხორციელდება სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოები ამაჩქარებლის და უახლესი ტიპის დეტექტორების მიმართულებით. ყველა ამ სამუშაოში აქტიურად არიან ჩართულნი ჩვენი უნივერსიტეტის კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის მეცნიერთა და ინჟინერთა ჯგუფი, ამ ინსტიტუტის დირექტორის, CERN-ში საქართველოს მთავრობის წარმომადგენლის, პროფესორ ზვიად წამალაიძის ხელმძღვანელობით. ისინი ამ ეტაპზე FCC პროგრამის ტექნიკური დიზაინის რეპორტის - TDR-ის შექმნაზე მუშაობენ.

მეორე მემორანდუმის თანახმად, CMS ექსპერიმენტის ფაზა 2-ის განახლება ითვალისწინებს არა მხოლოდ ამჟამად მოქმედი დეტექტორების განახლებას, არამედ, ზოგიერთი მათგანის ახლით ჩანაცვლებასაც. განახლების პროგრამაში უაღრესად მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია ახალი ტიპის მაღალი გრანულირების უნივერსალური კალორიმეტრის - HGCAL-ის შექმნა. უნდა აღინიშნოს, რომ დღემდე მსგავსი კალორიმეტრი მეცნიერებაში არ შექმნილა და ჩვენთვის სასიხარულოა, რომ ამ მიმართულებით განსაკუთრებულ წვლილს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინჟინრები, მეცნიერები და ახალგაზრდა მკვლევრები შეიტანენ.

დღეს უმნიშვნელოვანესი დღეა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის, ჩვენი მეცნიერებისთვის. სასიხარულო და საამაყოა, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და CERN-ს შორის არსებული სამეცნიერო კოლაბორაცია სამომავლოდ კიდევ უფრო გაფართოვდება. დღეს, სწორედ ამ მიზნით, ჩვენს უნივერსიტეტში იმყოფებიან ფიზიკოსები, მსოფლიოში სიცოცხლის შემეცნების ერთ-ერთი უმსხვილესი კოლაბორაციიდან - ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციიდან. ამასთან ერთად, პოსტსაბჭოთა სივრცეში პირველად, საქართველოში მე-5 დღეა მიმდინარეობს ჰეგელის 35-ე საერთაშორისო კონგრესი, რომელსაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მასპინძლობს. ამ დიდებულ სამეცნიერო ფორუმში მსოფლიოს თვალსაჩინო მეცნიერები მონაწილეობენ და ახალგაზრდებს ფილოსოფიაში წამყვან იდეებს უზიარებენ. როგორც ძველი ბერძნები იტყოდნენ, მთელი კაცობრიობის არსი და შემეცნება ფიზიკა და ფილოსოფიაა. ამიტომ, გულწრფელად მიგვაჩნია, რომ ჩვენს უნივერსიტეტში მეცნიერების ზეიმია“, - განაცხადა დავით გურგენიძემ.