მაშინ, როცა არც სმარტფონები არსებობდა და არც მობაილბანკი, როცა კომპიუტერებიც მთლიან ოთახებს ავსებდა, ფულის გადახდის ერთადერთი ვარიანტი ნაღდი ანგარიშსწორება იყო. სადღაც 1950-იან წლებზე გიყვებით, როცა ფრანკ მაკნამარამ გადაწყვიტა, ნიუ-იორკის ერთ-ერთ რესტორანში ბიზნესშეხვედრისთვის ემასპინძლა, გადახდისას კი აღმოაჩინა, რომ საფულე დაკარგა… ნაღდი ფული რომ დღეს ჯიბეში თითქმის აღარ გვიდევს, სწორედ ამის ბრალია და ქვემოთ ზუსტად ამ ამბავს მოგიყვებით.

საკრედიტო ბარათების გამოყენების პირველი შემთხვევა უძველეს მესოპოტამიაში ფიქსირდება, ამ ცივილიზაციაში მცხოვრები ხალხი მეზობლებთან სავაჭროდ თიხის ფირფიტებს იყენებდა. 1800-იანი წლების ბოლოს ვაჭრები საკრედიტო მონეტებსაც აძლევდნენ მომხმარებლებს, რაც მათ შესყიდვის კრედიტით განხორციელების საშუალებას აძლევდა. 

მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს კი ბაზარზე ჭარბად გამოჩნდა ე. წ. Charge ბარათები მრავალ ზომასა თუ ფორმაში, რომელიც ცელულოიდისგან, სპილენძისგან, ალუმინისგან, ფოლადისა და სხვა თეთრი მეტალისგან მზადდებოდა. ზოგიერთს მონეტის ფორმა ჰქონდა და პატარა ნახვრეტიც, რათა გასაღებზე ჩამოეკიდათ. იმ მომხმარებლებს აძლევდნენ, რომელთაც სასტუმროში ან მაღაზიებში ჰქონდათ ანგარიშები. თითოეულს გადახდის ანგარიშის ნომერიც გააჩნდა, ვაჭრის სახელსა და ლოგოსთან ერთად. 

ამგვარად, საკრედიტო ბარათების ერთ-ერთ პირველ წინამორბედად Charga-Plate მიიჩნევა, რომელიც ამერიკაში 1930-1950-იან წლებში გვხვდება. დაახლოებით 6 სანტიმეტრი სიგრძისა და 3 სიგანის მქონე მართკუთხა მეტალის ნაჭერი იყო. მასზე მომხმარებლის სახელი, ქალაქი და შტატი ეწერა. ფურცელიც ახლდა ხელმოწერისთვის. უმეტესად მას მსხვილი ვაჭრები გასცემდნენ ჩვეულებრივ მომხმარებლებზე, ბევრი ასეთი ბარათი მაღაზიაში ინახებოდა და მომხმარებლები მას ნაკლებად ატარებდნენ, უფრო მეტად კლერკს უხმობდნენ ტრანზაქციაში დასახმარებლად… 

ამასობაში კი ისტორიაში პირველი საკრედიტო ბარათის ამბამდეც მივედით —1949 წლის თებერვალში ფრანკ მაკნამარა მანჰეტენის Major’s Cabin Grill-ში ბიზნესშეხვედრაზე იმყოფებოდა, ქვითრის მოტანისას კი აღმოაჩინა, რომ საფულე თან არ ჰქონდა… გადაწყვიტა, რომ ეს აღარასდროს უნდა განმეორებულიყო, რამაც გადახდის ახალი ფორმის მოფიქრებისკენ უბიძგა. რალფ შნეიდერსა და მეტ სიმონსთან პარტნიორობით Diners Club ჩამოაყალიბა ბიზნესმენებისთვის. 1950 წლის 8 თებერვალს კი ისინი Major’s Cabin Grill-ში დაბრუნდნენ და Diners Club Card-ის პროტოტიპით გადაიხადეს.

ბარათის გამოყენება ნიუ-იორკის მხოლოდ 27 რესტორანში შეიძლებოდა, მოკლედ რომ გითხრათ, მომხმარებელს თვის მანძილზე ჩვეულებრივ შეეძლო მოხმარება, თუმცა თვის ბოლოს ერთიანად უნდა გადაეხადა დავალიანება. ერთი წლის შემდეგ კლუბს 42 000-ზე მეტი წევრი ჰყავდა. ხოლო გაერთიანებულ სამეფოში, კანადაში, კუბასა და მექსიკაში არსებულმა ბიზნესებმა პირველ საერთაშორისოდ მიღებულ ბარათად აქციეს იგი. 

ამავე ეპოქაში მოხდა საკრედიტო ბარათის ზომების სტანდარტიზება, რომლის ავტორიც Bank of America გახლავთ — 1958 წელს BankAmericard გამოუშვეს, პირველი ზოგადი დანიშნულების საკრედიტო ბარათი. ამის პარალელურად კი, Diners Club-ის წევრების რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა!

ამგვარად, თუ Charge ბარათები ლოკალურად მოქმედებდა მხოლოდ იმ სავაჭრო ობიექტებში, რომლებიც ბანკთან თანამშრომლობდა და მომხმარებლებს დავალიანების თვის ბოლოს დაფარვა მოეთხოვებოდა, BankAmericard მათ უკვე სხვადასხვა ბანკსა თუ სავაჭრო ობიექტთან გამოყენების შესაძლებლობას სთავაზობდა, ნაწილ-ნაწილ გადახდით. მოკლედ რომ ვთქვათ, საკრედიტო ბარათის თანამედროვე სისტემა შემოგვთავაზა, 1976 წელს ოფიციალურად Visa-ს სახელით გაგვეცნო და მალევე მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს გლობალურ გადახდის სისტემად მოგვევლინა. 

პირველი საკრედიტო ბარათების კომპანია კი დღემდე ფუნქციონირებს, წელს 75 წლის იუბილეს აღნიშნავს და გვეუბნება: Our journey is just getting started!

წყარო: marketer.ge