როგორც თავად ამბობენ, ყველაზე სწრაფი და ჭკვიანი Windows PC წარადგინეს მათ შორის, რაც კი ოდესმე შექმნილა — Copilot+ PC წარმოუდგენელ შესრულებას, მთელი დღის მანძილზე ბატარეის მხარდაჭერასა და სრულიად ახალ AI გამოცდილებებს ჰპირდება მომხმარებლებს. ახლა კი დროა, 12-ინჩიან Surface Pro-სა და 13-ინჩიან Surface Laptop-ზე ვისაუბროთ, რომლებიც საერთო დიზაინის ფილოსოფიით გამოირჩევიან.
12-ინჩიანი Surface Pro 700 გრამამდე იწონის, რითაც ყველაზე მსუბუქია Copilot+ PC-ის ხაზში. მიუხედავად კომპაქტურობისა, სტანდარტული ზომის კლავიატურაც აქვს, რომელიც დაკავშირებისას ხმას გამოსცემს. შეცვლილი სისტემით პლანშეტსა და ლეპტოპს შორის მყოფ მოწყობილობად გვევლინება, რომელიც 23-საათიან მუშაობას გვპირდება ერთი დამუხტვით. ასე კი Surface Pro-საც სჯობნის, რომლის შემთხვევაშიც აღნიშნული მაჩვენებელი 16 საათს უდრის.
რაც შეეხება ვიზუალურ მხარეს, Surface-ის მოწყობილობებს ანოდირებული ალუმინის კორპუსი აქვს მომრგვალებული კიდეებითა და კუთხეებით. თამამი ფერები კი პროდუქტის ხაზის ვიზუალური იდენტობის წარმოჩენას ემსახურება — იასამნისფრის ინსპირაცია ჰორტენზია იყო, ხოლო ოკეანის ტალღების სიღრმის გადმოსაცემად ნაცრისფრის, ლურჯისა და მწვანეს ნაზავი შემოგვთავაზეს, რომელიც განათების მიხედვით იცვლება. რაც შეეხება კლასიკურ შავს, იმ ადამიანებისთვისაა, რომლებიც უპირატესობას ტრადიციულ ფერებს ანიჭებენ.
საინტერესოა, რომ Surface Pro-ს სადგამი ლეპტოპის როგორც პორტრეტის, ისე ლანდშაფტური ორიენტაციით გამოყენების საშუალებას იძლევა, დამატებითი აქსესუარების გარეშე. Slim Pen კი ახლა უკვე მაგნიტურად ემაგრება მოწყობილობის უკან მხარეს. Surface Pro-ს წინა კამერა მარჯვენა ზედა კუთხეშია მოთავსებული, ხოლო Surface Laptop-ში AI კამერა გვხვდება სტუდიური განათებით ვიდეოზარებისთვის. ორივე მოწყობილობას მაღალი გარჩევადობის სენსორული ეკრანებიც აქვს.
ხოლო AI ფუნქციებზე სწრაფი წვდომის მისაღებად ლეპტოპები სპეციალური Copilot ღილაკით არის აღჭურვილი. Surface Laptop-ს თითის ანაბეჭდის სკანერიც აქვს, რათა მოწყობილობაში უსაფრთხოდ შესვლა უზრუნველყონ. ხოლო Snapdragon X Plus პროცესორი, NPU-სთან ერთად, ლოკალურად უმკლავდება AI-ის დამუშავებას, რაც იმას ნიშნავს, რომ ფონის დაფარვა და ავტომატური კადრირება ვიდეოზარების დროს შეუფერხებლად მოხდება.
დაბოლოს, ფასებზეც ვისაუბროთ — 12-ინჩიანი Surface Pro-ს ღირებულება 799 დოლარიდან იწყება, ხოლო 13-ინჩიანი Surface Laptop-ის 899$-დან. რაც შეეხება Surface Pro Keyboard-ს, ფასი 149 დოლარია, ხოლო Surface Slim Pen 129$ ეღირება.
წყარო: marketer.ge