ყველამ კარგად იცის, რომ მოდის ინდუსტრიაში ტყავის ნივთებისთვის, ყოველდღიურად გამოსაყენებელი ფეხსაცმლისა თუ საფულეებისთვის უმეტესად ძროხის ტყავს იყენებენ. ეს იმას ნიშნავს, რომ თითოეული პროდუქტის უკან მოკლული ცხოველია, რასაც ცოტა თუ აცნობიერებს… და ზუსტად ამას აპროტესტებს PETA-ს რობოტიც. სწორედ იმისთვის შეიქმნა, რომ ადამიანებს მოდის ინდუსტრიის სასტიკი მხარეები გააცნოს და დააფიქროს ისინი ყიდვის გადაწყვეტილების მიღებამდე.

Charli XC Cow AI ბოტია 3D ბეჭდვის ტექნიკით მიღებული ხბოს თავითა და ყელსახვევით, რომელზეც წარწერას Wear vegan ამოიკითხავთ.

ნიუ-იორკის ქუჩებში დადის და როგორც კი ადამიანს დაინახავს ტყავის აქსესუარითა თუ ტანსაცმლით, ეუბნება მათ, რომ მოაშორონ სისასტიკე თავიანთ გარდერობებს და უპირატესობა მიანიჭონ ისეთ ვეგანურ მასალებს, რომლისთვისაც არც ცხოველი კვდება და არც გარემო ბინძურდება. მოურიდებლად შემდეგ ფრაზებს აჟღერებს: Are you wearing my mother?, Yuck! Leather is someone’s skin! — ასე კი უბიძგებს ადამიანებს, სულ მცირე დაფიქრდნენ იმაზე, თუ რის ხარჯზე იცვამენ ლამაზ ტყავის სამოსს.

რობოტს არც ის ადამიანები რჩება ყურადღების მიღმა, რომლებმაც არჩევანი უკვე ვეგანურ ტყავზე შეაჩერეს, ამიტომ მათთვის არც ქებას იშურებს. ბედნიერების გამოსახატად ცეკვას იწყებს და ჰაერში გულსაც ხატავს.

თუ გგონიათ, რომ დაემალებით ან თქვენს ტყავის ჩანთას სადმე დამალავთ, ძალიან ცდებით, რობოტი ხბო მაშინვე დაგიყვირებთ: Stop, thief! That leather purse was my sister!.

წყარო: marketer.ge