ილონ მასკის კომპანია Neuralink-მა ტვინის იმპლანტების ადამიანებზე ცდების დაწყებისთვის აშშ-ის სურსათისა და წამლების ადმინისტრაციისგან (FDA) ნებართვა მიიღო.
„მოხარული ვართ გაგიზიაროთ, რომ მივიღეთ FDA-ის თანხმობა, დავიწყოთ ჩვენი პირველი კლინიკური კვლევა ადამიანებზე“, - დაწერა კომპანია Neuralink-მა Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე.
კომპანიის განცხადებით, ეს არის პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ტექნოლოგიებით უამრავი ადამიანის დახმარების გზაზე.
FDA-ის აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.
ინფორმაციისთვის, Neuralink ილონ მასკმა მაქს ჰოდაკთან ერთად 2016 წლის ივლისში დააფუძნა. კომპანია ტვინის მიკროჩიპების შექმნასა და დახვეწაზე მუშაობს. აღნიშნული მიკროჩიპებით ტვინში ნეირონების სტიმულირებაა შესაძლებელი.
კომპანიის საბოლოო მიზანია ინტერფეისის შექმნა, რომელიც ადამიანის ტვინს კომპიუტერებთან დააკავშირებს. შემქმნელების განცხადებით, ტვინის იმპლანტები პირველ რიგში სამედიცინო მიზნებისთვის იქმნება, რათა ადამიანების ცხოვრება მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს.
აქამდე კომპანია ცდებს მხოლოდ ცხოველებზე ატარებდა, რადგან ადამიანებზე ცდების დასაწყებად FDA-ის თანხმობა იყო საჭირო.