პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა პარტნიორებისგან 250 საბრძოლო თვითმფრინავის მიღებას ელოდება.

ამის შესახებ ზელენსკიმ კვირას, 8 თებერვალს, კიევის საავიაციო ინსტიტუტის სტუდენტებთან შეხვედრისას ისაუბრა.

„დღეისათვის უკრაინას მიღწეული აქვს შეთანხმება 150 „გრიპენისა“ და 100 „რაფალის“ მოწოდების თაობაზე. ჩვენი აზრით, ეს საუკეთესო თვითმფრინავებია, რაც კი მსოფლიოში არსებობს“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ ომში მყოფი ქვეყნისთვის ავიაცია პრიორიტეტულია.

„ახლა ჩვენ უფრო მეტად სამხედრო ავიაციაზე ვართ ფოკუსირებული. ეს სიმართლეა. თუმცა, სამოქალაქო ავიაციაც ძალიან მნიშვნელოვანია - ესეც სიმართლეა. ჩვენ განვავითარებთ სამხედრო ავიაციას, მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ ამ სფეროს“, - დასძინა სახელმწიფოს მეთაურმა.

2025 წლის ოქტომბერში, ზელენსკიმ შვედეთში ხელი მოაწერა განზრახულობათა ოქმს უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალებისთვის 100-დან 150-მდე „გრიპენის“ შეძენის შესახებ. მოგვიანებით მან დააზუსტა, რომ უკრაინა 150 ავიაგამანადგურებლის მიღებას ელოდება, რომლის პირველი პარტია ქვეყანაში 2026 წელს ჩამოვა.

გასული წლის ნოემბერში, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე კი ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა საფრანგეთისგან მიიღებს საჰაერო თავდაცვის რვა სისტემა SAMP-T-ს, 100 საბრძოლო თვითმფრინავ „რაფალ F-4“-ს, ფრანგულ რადარებსა და სხვადასხვა შეიარაღებას.

წყარო: 1არხი