ევროკომისიამ თარგმანში  ხელოვნური ინტელექტის გამოყენების ინსტრუმენტები გააფართოვა და, ადამიანის ჩარევის გარეშე, პრესრელიზების ავტომატური თარგმნა დაუშვა. ინიციატივის ავტორების განმარტებით, ამით ინფორმაციის გამოქვეყნება და გავრცელება დაჩქარდება და უცხო ენების რაოდენობა გაიზრდება. ამის შესახებ Politico იუწყება.

ევროკომისიის სპიკერმა ერიკ მამერმა განაცხადა, რომ ახალი საპილოტე პროექტის ფარგლებში, ევროკომისია დაუყოვნებლივ გამოაქვეყნებს ავტომატიზებულ თარგმანს, რომელიც შეიცავს პუნქტს, რომ ტექსტი შეიძლება არ შეესაბამებოდეს ორიგინალს. ავტომატური თარგმანის შემდეგ, მომზადდება ხელით თარგმანი, რომელიც მასალას დაემატება.

„ეს ახალი ინსტრუმენტი, თქვენს მიერ არჩეულ ენებზე,  ჩვენი მასალების თარგმანებზე უფრო სწრაფი წვდომის საშუალებას მოგცემთ“, - განაცხადა მამერმა.

არსებული სისტემის მიხედვით, ევროკავშირის თანამშრომლები და კონტრაქტორები ევროკავშირის პრესრელიზებს მხოლოდ ფრანგულ, ინგლისურ და გერმანულ ენებზე თარგმნიან, (თემიდან გამომდინარე სხვა ენებზეც).

მიუხედავად იმისა, რომ ევროკომისიის მთარგმნელობითი განყოფილების დატვირთვა დაახლოებით 2 მლნ გვერდიდან 2,5 მლნ-მდე გაიზარდა (2013-2022 წლები), ბოლო ათწლეულის განმავლობაში მისი შტატი 17%-ით შემცირდა. გასულ წელს ევროპარლამენტის თარჯიმნები გარკვეული დროით გაიფიცნენ, ამის მიზეზი ევროპარლამენტარების ხმაურიანი ოთახებიდან ჩართვა იყო, რაც მათ მუშაობას ართულებდა.