ჩინური სმარტფონების გაყიდვებმა რუსეთში I კვარტალში რუსული ბაზრის 70%-ს გადააჭარბა, მაშინ როცა გასულ წელს ეს მაჩვენებელი 50% იყო. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
ჩინური სმარტფონების პოპულარობის მკვეთრი ზრდა რუსეთში მას შემდეგ მოხდა, რაც Samsung-მა და Apple-მა რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთში გაყიდვები შეაჩერეს და ახლა ბაზარზე პირველ ორ პოზიციას ჩინელი მწარმოებლები - Xiaomi და Realme იკავებენ, ხოლო Apple-მა და Samsung-მა მესამე-მეოთხე ადგილებზე გადაინაცვლეს.
მოსკოვი სულ უფრო მეტად ხდება პეკინზე დამოკიდებული, მან მკვეთრად გაზარდა იუანის გამოყენება საერთაშორისო ვაჭრობაში, კრიტიკულად გაზარდა ენერგორესურსების მიწოდება ჩინეთში და სწრაფად გაზარდა ჩინური პროდუქტების გაყიდვები დასავლური კომპანიებისა და ბრენდების რუსეთიდან გაყვანის გამო.
რუსი საცალო ვაჭრობის მონაცემებით, ჩინეთიდან სმარტფონების ბრენდებზე მოთხოვნა გასულ წელთან შედარებით 42%-ით გაიზარდა და მათმა საერთო საბაზრო წილმა 70%-ს გადააჭარბა.
რუსეთი ცდილობს უარი თქვას დასავლურ ტექნოლოგიებზე და აუკრძალოს ჩინოვნიკებს დასავლური მოწყობილობების, კერძოდ iPhone-ის გამოყენება. მათ მიაჩნიათ, რომ ისინი დაუცველები არიან დასავლური სადაზვერვო სააგენტოებისგან.
ამით, კრემლმა ეფექტურად მოახდინა დასავლური კონტრაბანდული საქონლის ლეგალიზება. რუსულ კომპანიებს, ლიცენზიის მფლობელის ნებართვის გარეშე, მიეცათ უფლება მიეწოდებინათ გარკვეული პროდუქტები, მათ შორის სმარტფონები, რაც ცნობილია როგორც „პარალელური იმპორტი“.