ერთ დროს Amazon-მა სმარტფონების ბაზარზე შესვლა სცადა, რათა კონკურენცია გაეწია Apple-ისა და Samsung-ისთვის, თუმცა მისი პირველი მოწყობილობა Fire Phone წარუმატებელი აღმოჩნდა და ერთ წელიწადში პროექტი დაიხურა.
ახლა კი კომპანიის მეორე მცდელობა იწყება. პროექტი, რომელიც შიდა სახელით Transformer-ად არის ცნობილი, მუშავდება Amazon-ის მოწყობილობებისა და სერვისების განყოფილებაში. ახალი ტელეფონი განიხილება როგორც პერსონალიზებული მობილური მოწყობილობა, რომელიც მჭიდროდ იქნება დაკავშირებული ხმოვან ასისტენტ Alexa-თან და მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, დღის განმავლობაში მუდმივად იყვნენ დაკავშირებულნი Amazon-ის ეკოსისტემასთან.
ეს ინიციატივა წარმოადგენს ჯეფ ბეზოსის დიდი ხნის ხედვის გაგრძელებას, შექმნას უნივერსალური, ხმაზე დაფუძნებული ასისტენტი, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებაში აქტიურად იქნება ინტეგრირებული. იდეის მიხედვით, ახალი სმარტფონი განსაკუთრებულ აქცენტს გააკეთებს ონლაინშოპინგზე, Prime-წევრობის უპირატესობებზე და მომხმარებლის ქცევითი მონაცემების უფრო ღრმა ანალიზზე.
ამ ეტაპზე უცნობია, რა ეღირება ახალი მოწყობილობა, რა ფინანსური რესურსია ჩადებული პროექტში და როდის შეიძლება მისი გამოშვება. ასევე არ არის გამორიცხული, რომ პროექტი საერთოდ გაუქმდეს სტრატეგიული ან ფინანსური მიზეზების გამო.
ახალი ტელეფონის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაციაა, რამაც შესაძლოა ტრადიციული აპლიკაციების მაღაზიების საჭიროებაც კი შეამციროს. მიუხედავად იმისა, რომ Alexa მნიშვნელოვანი კომპონენტი იქნება, ის, სავარაუდოდ, არ იქნება ოპერაციული სისტემის მთავარი საფუძველი.
პირველი Fire Phone, რომელიც 2014 წელს გამოვიდა, შეიცავდა ინოვაციურ ფუნქციებს, მათ შორის კამერაზე დაფუძნებულ შოპინგის ინსტრუმენტს, თუმცა მას აკლდა პოპულარული აპლიკაციები და ჰქონდა ტექნიკური პრობლემები, როგორიცაა ბატარეის სწრაფი დაცლა და გადახურება. მიუხედავად ფასის მკვეთრი შემცირებისა და Prime-წევრობის ბონუსისა, მოწყობილობა ცუდად იყიდებოდა და საბოლოოდ პროექტი დაიხურა, რაც კომპანიას მნიშვნელოვანი ფინანსური ზარალი დაუჯდა.
ახალი პროექტი „ZeroOne“ ჯგუფის ფარგლებში ვითარდება, რომლის მიზანია რადიკალურად ახალი მოწყობილობების შექმნა. ჯგუფს ხელმძღვანელობს J Allard, რომელიც ადრე Microsoft-ში მუშაობდა ისეთ პროდუქტებზე, როგორიცაა Xbox და Zune.
Transformer-ის პროექტის ფარგლებში კომპანია განიხილავს როგორც სრულფუნქციური სმარტფონის, ასევე მინიმალისტური „დამბფონის“ შექმნას, რომელიც შეზღუდულ ფუნქციებს შესთავაზებს მომხმარებლებს და შესაძლოა ეკრანზე დამოკიდებულების შემცირებასაც შეუწყოს ხელი. ამ მიმართულებით ერთ-ერთი შთაგონების წყარო გახდა Light Phone – მარტივი მოწყობილობა, რომელიც მხოლოდ ძირითად ფუნქციებს მოიცავს.
ასევე განიხილება იდეა, რომ ასეთი მოწყობილობა მომხმარებლებმა გამოიყენონ როგორც დამატებითი ტელეფონი უკვე არსებულ iPhone-ებთან ან Samsung-ის სმარტფონებთან ერთად. სტატისტიკის მიხედვით, მსგავსი მარტივი ტელეფონები 2025 წელს გლობალური გაყიდვების დაახლოებით 15%-ს შეადგენდა.
ამჟამად პროექტი კვლავ განვითარების ეტაპზეა და მისი მომავალი ჯერ კიდევ უცნობია.