კომუნიკაციების კომისიის მიერ გამოქვეყნებული 2024 წლის საქმიანობის ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს, ComCom-მა, ქვეყანაში მე-5 თაობის მობილური ინტერნეტის - 5G-ის დასანერგად, ოპერატორებისთვის აუქციონი მეორედ ჩაატარა. გამომდინარე იქიდან, რომ ComCom-ისთვის ახალი თაობის ტექნოლოგიების დანერგვა კრიტიკულად მნიშვნელოვანია, გაითვალისწინა ოპერატორების მომართვა და კომპანიებს მეორედ მისცა შანსი, მომხმარებლებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურება მიეწოდებინათ. გასულ წელს ჩატარებულ აუქციონში კომპანია „მაგთიკომმა“ გაიმარჯვა და 5G დანერგა. 2023 წელს ჩატარებულ აუქციონში კი სიხშირეები „სელფი მობაილმა“ მოიპოვა და 5G-ის დანერგვას ეტაპობრივად ახორციელებს.
ანგარიშში ვკითხულობთ, რომ მე-5 თაობის ინტერნეტის დასანერგად, 2024 წელს აუქციონი 17 ლოტზე გამოცხადდა. აუქციონზე გამოტანილი იყო 700, 3410-3710 და 2600 მეგაჰერცი დიაპაზონების სიხშირული ზოლები. ასევე. გამოცხადდა 4 აუქციონი 800 და 2100 მეგაჰერც სიხშირულ დიაპაზონებში ლიცენზიის მოსაპოვებლად. 5G აუქციონში მონაწილეობა მხოლოდ „მაგთიკომმა“ მიიღო და 7 აუქციონში გაიმარჯვა, ყველა შეძენილი სიხშირის ღირებულებამ კი ჯამში 149,025,808,00 ლარი შეადგინა.
ანგარიშის მიხედვით, 5G ტექნოლოგიის დასანერგად, ComCom-მა სამუშაოები ჯერ კიდევ 2020 წელს დაიწყო და საჭირო პირობები ევროკომისიის გადაწყვეტილებებისა და ევროპელი კოლეგა მარეგულირებლების გამოცდილების გათვალისწინებით განსაზღვრა. ხოლო სიხშირული რესურსის საფასური ე.წ. დიდ ოთხეულში შემავალ კომპანია „EY“-ის ექსპერტების ჩართულობით დაადგინა.
5G - ეს არის უსადენო ახალი თაობის ინტერნეტ ტექნოლოგია, რომელმაც მნიშვნელოვნად გაზარდა მობილური ინტერნეტის სიჩქარე, შეამცირა დაყოვნება და სატელეკომუნიკაციო სექტორთან ერთად, სრულიად ახალ საფეხურზე გადაიყვანა ისეთი უმნიშვნელოვანესი დარგები, როგორებიცაა: ჯანდაცვა, განათლება, ბიზნესი, სოფლის მეურნეობა, ინფრასტრუქტურა და სხვა.