2025 წელი კრიპტოინდუსტრიისათვის განსაკუთრებით საინტერესო და ვოლატილური აღმოჩნდა, მსოფლიოს მასშტაბით მომხდარი მოვლენების ფონზე, ბიტკოინის ფასი რეკორდულ 126,000 დოლარამდე გაიზარდა, ინდუსტრიის საერთო შეფასებამ კი 5 ტრილიონ დოლარს მიაღწია, რაც ისტორიული მაქსიმუმი იყო.
კრიპტობირჟის აღმასვლის ფონზე, ყოველდღიურად იზრდებოდა ბიტკოინითა და სხვა აქტივებით გამდიდრებული ინვესტორების რაოდენობა. მაგალითად, მიმდინარე წელს ბიტკოინით გამდიდრებული მილიონერების რაოდენობამ 20,000-ს გადააჭარბა, რაც ასევე რეკორდული მაჩვენებელია.
რეკორდულ ზრდასთან ერთად, მკვეთრი დაღმასვლაც ვიხილეთ, რადგან ოქტომბერში დაფიქსირებულ პიკურ მაჩვენებელთან შედარებით, წლის ბოლოსთვის ბიტკოინის ფასი 30%-ით არის შემცირებული.
რა გეგმები აქვს დონალდ ტრამპს კრიპტოაქტივებთან მიმართებით?
2025 წლის მთავარი მოვლენა, რომელმაც კრიპტოინდუსტრიას რეკორდული ტემპით აღმასვლის საშუალება მისცა, ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებს უკავშირდება, რომელშიც დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა, რადგან ის პრო-კრიპტო პოლიტიკოსია. ტრამპის განცხადებით, ამერიკაში შეიქმნება „ბიტკოინის სტრატეგიული ეროვნული რეზერვი“, ისეთი, როგორიც ქვეყანას ოქროსთან და ნავთობთან მიმართებით აქვს. გარდა ამისა, ის გეგმავს, რომ ამერიკა "დედამიწის კრიპტო-დედაქალაქი" გახდეს, როგორც ეს უოლ-სტრიტის და საფონდო ბირჟების შემთხვევაშია.
ასევე, ტრამპმა პირობა დადო, რომ შექმნის ბიტკოინისა და კრიპტოვალუტების საკონსულტაციო საბჭოს, რომელიც შეიმუშავებს ახალ პრო-კრიპტო რეგულაციებს და გააუქმებს ისეთ კანონებს, რომელთა გამო ინდუსტრია უაზროდ იზღუდება.
ამასთან, ეროვნული საინვესტიციო საბჭოს, ფინანსურ საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლისა და საფონდო ბირჟების მარეგულირებელი კომისიის ხელმძღვანელის თანამდებობებზე ტრამპა პრო-კრიპტო ადამიანები დანიშნა, რომლემაც უკვე დაიწყეს რეფორმების გატარება.
მართალია, ტრამპის დაპირებების უდიდესი ნაწილი დაპირებებად რჩება, თუმცა ეს მაინც პოზიტიურ დამოკიდებულებას ქმნის მისი ადმინისტრაციის მიმართ.
ტრამპმა კრიპტობირჟა Binance-ის დამფუძნებელი ჩანგპენგ ჟაო შეიწყალა
პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კრიპტობირჟა Binance-ის დამფუძნებელი, მილიარდერი მეწარმე ჩანგპენგ ჟაო ოფიციალურად შეიწყალა.
თეთრი სახლის განცხადებით, პრეზიდენტმა გამოიყენა თავისი კონსტიტუციური უფლება და შეწყალებულად გამოაცხადა ადამიანი, რომელიც კრიპტოინდუსტრიის წინააღმდეგ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ გაჩაღებული ომის მსხვერპლი იყო.
შეგახსენებთ, რომ 2023 წელს ფულის გათეთრების ბრალდებით ჩანგპენგ ჟაო დააკავეს, მას თავისუფლების აღკვეთა 4 თვით მიუსაჯეს, თუმცა შემდგომ პირობითით გაათავისუფლეს. ამასთან, პირადად მას $200 მილიონის, ხოლო მის კომპანიას $4 მილიარდის ჯარიმის გადახდა დაეკისრა, რაც რეკორდული მაჩვენებელი იყო.
ჩანგპენგ ჟაო თავად ბრალს აღიარებს და ადასტურებს, რომ მისი კომპანია ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით სათანადო ზომებს არ იღებდა, რაც დაუშვებელი იყო.
ექსპერტების შეფასებით, ჩანგპენგ ჟაოს შეწყალება იმაზე მიანიშნებს, რომ ტრამპის ოჯახს Binance-თან კავშირების დამყარება და აშშ-ში კრიპტობიზნესის განვითარება სურს, რაც გასაკვირი არ არის, რადგან ამჟამად ტრამპის ოჯახი კრიპტოთი უფრო მეტ ფულს შოულობს, ვიდრე ყველა სხვა ბიზნესით ჯამურად.
კრიპტოპროექტ Terra/Luna-ს დამფუძნებელს 15 წლით პატიმრობა მიესაჯა
2025 წელს კრიპტოაქტივების ინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური თაღლითური სქემის ორგანიზატორ და პროექტ Terra/Luna-ს დამფუძნებელ დო კვონს ამერიკის შეერთებული შტატების სასამართლომ 15 წლით პატიმრობა მიუსაჯა.
ფედერალური მოსამართლის განცხადებით, ეს იყო ისტორიული მასშტაბის თაღლითური სქემა და კაცობრიობის ისტორიაში ძალიან ცოტა დამნაშავეს თუ მიუყენებია საზოგადოებისათვის იმხელა ზიანი, რამხელაც დო კვონმა მოახერხა.
წარმოშობით სამხრეთ კორეელ თაღლითს ბრალად ედება ინვესტორებისთვის 50 მილიარდი დოლარის მოცულობის ზარალის მიყენება და 2022 წელს კრიპტოინდუსტრიის ჩამოშლა. Terra/Luna-ს კოლაფსი კრიპტოინდუსტრიის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური მოვლენა იყო, რომელმაც რამდენიმე მილიონ მომხმარებელს მიაყენა ზიანი, მათ შორის ათასობით ქართველს.
ასეთი მძიმე ბრალდების ფონზე, Terra/Luna-ს ამერიკის შეერთებული შტატების საფონდო ბირჟების მარეგულირებელი კომისიისათვის 4.5 მილიარდი დოლარის მოცულობის ჯარიმის გადახდა დაეკისრა, რაც კრიპტოაქტივების ინდუსტრიაში დაფიქსირებული რეკორდული მაჩვენებელია.
რუსეთი ბიტკოინის სტრატეგიული რეზერვის შექმნას გეგმავს
რუსეთის ფედერაციის მთავრობა ბიტკოინის სტრატეგიული რეზერვის შექმნას გეგმავს. ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში კანონპროექტი უკვე დარეგისტრირებულია და დამტკიცების შემთხვევაში, ის ფინანსთა სამინისტროს ბიტკოინის რეზერვის შექმნას დაავალებს, რაც რუსეთისთვის უპრეცედენტო მოვლენა იქნება.
ზოგადად, სტრატეგიული რეზერვი არის კრიტიკული რესურსის მარაგი, რომელსაც კრიზისულ ვითარებაში ან მწვავე დეფიციტის დროს იყენებენ. ყველაზე ცნობილი მაგალითი აშშ-ის ნავთობის სტრატეგიული რეზერვია, რომელიც 1975 წელს შეიქმნა, არაბული ემბარგოს შემდეგ. წლების განმავლობაში, ამერიკის პრეზიდენტებმა ნავთობის რეზერვი არაერთხელ გამოიყენეს, რათა ბაზარზე სტაბილურობა შეენარჩუნებინათ და ენერგეტიკული კრიზისი თავიდან აერიდებინა.
ბრიტანეთმა კრიპტოვალუტები ლეგალურ საკუთრებად აღიარა
დიდმა ბრიტანეთმა ახალი საპარლამენტო აქტის მეშვეობით, ოფიციალურად აღიარა კრიპტოვალუტები და სტაბილკოინები, როგორც ლეგალური, იურიდიული საკუთრება.
კანონპროექტს მიენიჭა სამეფო თანხმობა მეფის მიერ, რაც იმას ნიშნავს, რომ კრიპტოაქტივები ახლა უკვე დაცული იქნება საკუთრების შესახებ ზოგადი კანონმდებლობით.
ექსპერტების შეფასებით, ეს ნაბიჯი კრიპტოაქტივებს გაცილებით მკაფიო და მყარ იურიდიულ საფუძველს უქმნის, რაც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ციფრული აქტივების მიმართ ნდობას ქვეყანაში.
კანონის ინიციატორების განცხადებით, ამ ცვლილების მიღება მიზნად ისახავს მეტი სიცხადისა და დაცვის შემოტანას კრიპტოინდუსტრიაში, რაც ხელს შეუწყობს უსაფრთხო საინვესტიციო გარემოს განვითარებას.
Tether-მა $1 მილიარდის ბიტკოინი შეიძინა
მსოფლიოს ყველაზე მოთხოვნადი სტეიბლკოინის, USDT-ის ემიტენტმა კომპანია Tether-მა 1 მილიარდი დოლარის ღირებულების ბიტკოინი შეიძინა.
Tether-ის მიერ ბიტკოინის შესყიდვა ინვესტორებისათვის მოულოდნელი არ არის, რადგან კომპანიამ ჯერ კიდევ 2023 წელს განაცხადა, რომ ყოველი კვარტლის მოგების 15% ბიტკოინში იქნებოდა ინვესტირებული, მიუხედავად მიმდინარე ფასების და საბაზრო დინამიკისა.
ამჟამინდელი მონაცემებით, Tether-ის მფლობელობაში დაახლოებით 12 მილიარდი დოლარის ბიტკოინია, რაც კომპანიას ბიტკოინის ერთ-ერთ უმსხვილეს კორპორაციულ ინვესტორად აქცევს.
Strategy-ის საკუთრებაში არსებული ბიტკოინის რაოდენობა 671,000-მდე გაიზარდა
ამერიკულმა ტექნოლოგიურმა კომპანია Strategy-მ ბიტკოინში ინვესტიცია მკვეთრად გაზარდა. საერთო ჯამში, კომპანია 671,000-მდე ბიტკოინს ფლობს, პორტფელის საერთო შეფასება კი ამჟამინდელი ფასით $60 მილიარდს აღწევს.
როგორც ფინანსური ანგარიშიდან ირკვევა, Strategy-ს ბიტკოინზე თითქმის 200%-იანი საინვესტიციო ამონაგები აქვს. საინტერესოა ისიც, რომ ეს ამერიკული კომპანია ბიტკოინის გლობალური მიწოდების 2.5%-ს ფლობს, ანუ ის კრიპტოაქტივის ყველაზე მსხვილი მფლობელია.
GameStop-მა $500 მილიონის ბიტკოინი იყიდა
ვიდეოთამაშების სარეალიზაციო ქსელმა, GameStop-მა ბიტკოინში ინვესტირება ოფიციალურად დაიწყო. კომპანიამ პირველი ტრანზაქცია უკვე განახორციელა და 500 მილიონ დოლარად 4,710 ბიტკოინი შეიძინა.
საერთო ჯამში, GameStop-ი რამდენიმე მილიარდის ბიტკოინის შეძენას გეგმავს, რადგან კომპანიის მენეჯმენტს მიაჩნია, რომ კრიპტოაქტივს უკეთესი ამონაგები ექნება, ვიდრე კომპანიის ძირითად ბიზნესს.
კორპორაციული ამერიკის მიერ ბიტკოინში ინვესტირება, დიდწილად, საფონდო ბირჟებზე ბიტკოინის სავაჭრო ფონდების, იგივე ETF-ების გამოჩენას უკავშირდება, რადგან მანამ, სანამ ეს მოხდებოდა, კომპანიებს ციფრული აქტივები უშუალოდ კრიპტობირჟიდან უნდა ეყიდათ, რაც გარკვეულ რისკებთანაა დაკავშირებული, რომელთაც, ტრადიციული ინვესტორები, როგორც წესი, გვერდს უვლიან.
10 ევროპული ბანკი სტეიბლკოინის გამოსაშვებად ერთიანდება
ათი წამყვანი ევროპული ბანკი, მათ შორის: ING, UniCredit, Raiffeisen Bank და BNP Paribas, ოფიციალურად აფუძნებს ახალ ერთობლივ კომპანიას, რომლის სახელია: Qivalis (ქივალი). კომპანია ამსტერდამშია ბაზირებული და მისი მთავარი მიზანია ევროზე მიბმული სტეიბლკოინის შექმნა და გამოშვება.
ამჟამად, სტეიბლკოინების გლობალური ბაზრის თითქმის მთელი მოცულობა დოლარზეა ორიენტირებული, ამიტომ ევროპულ ბანკებს ალტერნატივის შექმნა სურთ.
Qivalis-ის მიერ დაგეგმილი პროექტი მიზნად ისახავს ევროპული ბიზნესებისა და მომხმარებლებისთვის სტაბილური, ნდობით აღჭურვილი ციფრული ვალუტის მიწოდებას, რომელიც ევროს სტაბილურობას შეინარჩუნებს, 24/7-ზე იმუშავებს და ბლოკჩეინის დახმარებით უსაფრთხო და თან იაფი იქნება.
2025 წელს ჰაკერებმა $3.4 მილიარდის კრიპტოაქტივები მოიპარეს
2025 წელი განსაკუთრებით წარმატებული თაღლითებისა და ჰაკერებისთვის აღმოჩნდა, რომლებმაც გასული 12 თვის განმავლობაში 3 მილიარდ 400 მილიონი დოლარის კრიპტოაქტივები მოიპარეს, რაც ახალი ისტორიული მაქსიმუმია.
ყველაზე მასშტაბური კიბერშეტევა Bybit-თან იყო დაკავშირებული, რა დროსაც ჰაკერებმა კრიპტობირჟიდან $1.5 მილიარდის აქტივები მოიპარეს, რაც წლიური მოცულობის 44% იყო.
Chainalysis-ის ინფორმაციით, შეტევების უდიდესი ნაწილი, ტრადიციულად, დეცენტრალიზებულ ბირჟებზე, ციფრულ საფულეებზე და ინდივიდუალურ ინვესტორებზე მოდიოდა. ასევე, გაიზარდა, AI-თაღლითობების და ე.წ. deepfake-ების წილი.
საერთო ჯამში, 2025 წელს დაიჰაკა 158,000-მდე ციფრული საფულე და კიბერდამნაშავეების მიერ დაზარალდა 100,000-მდე მომხმარებელი.