ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი ამბობს, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვა წარმატებით განხორციელდა. მისივე ინფორმაციით, საარჩევნო უბნებზე განთავსებული 15 000 აპარატიდან, მწყობრიდან მხოლოდ 20 გამოვიდა, რაც მთლიანი რაოდენობის 0.1%-ია. კალანდარიშვილის შეფასებით, ეს ძალიან კარგი მაჩვენებელია.

„საარჩევნო ადმინისტრაციის თითქმის 2-წლიანმა დაუღალავმა შრომამ შესაბამისი შედეგი გამოიღო და სიამაყით შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ჩვენ მიერ პროცესის დაგეგმარება ყველა ეტაპზე სწორად იყო წარმართული, ამის დასადასტურებლად კი რამდენიმე შედეგს მოგიყვანთ.

26 ოქტომბრის არჩევნების დღეს საერთო ჯამში გამოყენებული იყო 15 000-მდე აპარატი, საიდანაც მწყობრიდან მხოლოდ 20 აპარატი გამოვიდა, ამის მიუხედავად ყველა შემთხვევაში მოხერხდა საარჩევნო პროცესის გაგრძელება ტექნოლოგიების გამოყენებით და არც ერთ საარჩევნო უბანზე არ დამდგარა ხმის მიცემის პროცესის ტრადიციულ მეთოდზე გადასვლის საჭიროება. არსებული კარგი პრაქტიკის შესაბამისად ტექნოლოგიების გამოყენებით ძალიან კარგ შედეგად ითვლება თუ არჩევნების დროს აპარატების 1% გამოდის მწყობრიდან, ჩვენ შემთხვევაში კი ამ რიცხვმა მხოლოდ 0.1% შეადგინა, რაც ძალიან კარგი მაჩვენებელია“, - განაცხადა კალანდარიშვილმა და დაამატა, რომ ელექტრონული ტექნოლოგიების გამართულმა მუშაობა დაადასტურა საერთაშორისო აუდიტორულმა, ამერიკულმა კომპანიამაც დაადასტურა, რომელიც ორიდან ერთ-ერთი აკრედიტებული ორგანიზაციაა ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომელსაც არამხოლოდ ხმის მიცემის სისტემის ტესტირების უფლება გააჩნია, არამედ ის თავად გასცემს ლიცენზიებს ვენდორი კომპანიებისთვის.

შეგახსენებთ, დღეს, 26 ოქტომბერს, საქართველომ XI მოწვევის პარლამენტი აირჩია.  ქვეყნის ისტორიაში ეს პირველი საპარლამენტო არჩევნებია, რომელიც სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდა - პარლამენტის 150-ვე მანდატი პროპორციული წესით იმ საარჩევნო სუბიექტებს შორის განაწილდა, ვინც 5%-იან საარჩევნო ბარიერს გადალახავს. ასევე პირველად, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ელექტრონული არჩევნებია, სადაც ამომრჩეველთა დაახლოებით 90%-მა  ხმა ელექტრონული მოწყობილობების მეშვეობით მისცა. ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 508 294-ს შეადგენდა. ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით კი არჩევნებში 3 113 747 ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა.

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში 18 საარჩევნო სუბიექტი მონაწილეობდა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს საერთაშორისო ორგანიზაციის 1700-ზე მეტი და ადგილობრივი ორგანიზაციის 23 000-ზე მეტი დამკვირვებელი დააკვირდა. საარჩევნო პროცესს დააკვირდება 76 საერთაშორისო ორგანიზაციის 1700-ზე მეტი დამკვირვებელი, 111 ადგილობრივი ორგანიზაციის 23 000-ზე მეტი დამკვირვებელი, ასევე პროცესს აშუქებდა 199 მედია ორგანიზაციის 2800-ზე მეტი წარმომადგენელი. ჯამში წელს საპარლამენტო არჩევნებს 24 700 ქართველი და უცხოელი დამკვირვებელი დააკვირდა.

2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში ყველაზე ძვირად ღირებული არჩევნებიცაა. წელს საარჩევნო ადმინისტრაციის ბიუჯეტი 171 მილიონი ლარია, საიდანაც უშუალოდ არჩევნების ჩატარების ღონისძიებები 126.5 მილიონი ლარი ჯდება. ამ თანხიდან 54 მილიონი ლარი ხმის მიცემის ელექტრონული აპარატების შესყიდვაზე დაიხარჯა, რაც კომპანია Smartmatic-თან გაფორმებული კონტრაქტის საფუძველზე მოხდა. ხელფასებზე კი წელს ცესკოში 42.7 მილიონი ლარის ხელფასების გაცემა იგეგმება, რაც არასაარჩევნო 2023 წელთან შედარებით ორჯერ მეტია.

რაც შეეხება, პარტიების დაფინანსებას, პოლიტიკურ პარტიები პოლიტიკურ შემოწირულობებთან ერთად სახელმწიფოსგან გარანტირებულ საბიუჯეტო დაფინანსებასაც იღებენ, რაც საპარლამენტო არჩევნებზე მათ შედეგებზე არის მიბმული, პოლიტიკური პარტიების დაფინანსება გადახედვას ყოველ 4 წელში, საპარლამენტო არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე ექვემდებარება. ამ მიზნისთვის ცესკო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების საფუძველზე ყოველწლიურად 12,742,941 ლარის დაფინანსებას გასცემს.

როგორ ნაწილდება არსებული დაფინანსება, გაეცანით აქ