1-6 აპრილს შუალედში ამერიკელი და კანადელი ასტრონავტები, შესაძლოა, მთვარის გარშემო 53 წლის შემდეგ პირველად გაფრინდნენ. გაფრენის შემთხვევაში, ასტრონავტები მთვარის ორბიტაზე 10 დღეს გაატარებენ, რის შემდეგაც დედამიწაზე წყნარ ოკეანეში დაშვებით დაბრუნდებიან.
მისიას, რომლის ფარგლებშიც 4 ასტრონავტი მთვარეზე გაფრინდება, არტემის II ეწოდება. მისიის კოსმიური ხომალდის ეკიპაჟის წევრები არიან: ეკიპაჟის მეთაური რიდ უაისმენი (აშშ), მისიის სპეციალისტი ჯერემი ჰანსენი (კანადა), მისიის სპეციალისტი კრისტინა კოხი (აშშ) და პილოტი ვიქტორ გლოვერი (აშშ). კოხი გახდება პირველი ქალი, გლოვერი - პირველი ფერადკანიანი ადამიანი, ხოლო ჰანსენი - პირველი არაამერიკელი, რომელიც მთვარის გარშემო იმოგზაურებს.
აშშ-ს კოსმოსური სააგენტო (NASA) ხომალდის მთვარეზე გაშვებას რაც შეიძლება მალე, 1 აპრილს გეგმავს. რაკეტის გასაშვებად NASA-ს აპრილის პირველი ექვსი დღე აქვს, რის შემდეგაც თითქმის ერთი თვით ლოდინი მოუწევს, სანამ მთვარე კვლავ შესაბამის პოზიციაში არ აღმოჩნდება.
ჟურნალისტებთან საუბრისას ეკიპაჟის მეუთაურმა უაისმენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ არ არსებობს გარანტია, რომ გაშვება გეგმის შესაბამისად აპრილის დასაწყისში შედგება და ის შესაძლოა მაისამდე ან თუნდაც ივნისამდე გადაიწიოს. NASA-ს ახალი Space Launch System-ის ტიპის რაკეტა-მატარებელი, რომელმაც კოსმიური ხომალდი კოსმოსში უნდა გაიყვანოს, აქამდე მხოლოდ ერთხელ არის გაშვებული - ეკიპაჟის გარეშე საცდელი ფრენა მთვარისკენ 2022 წელს წარმატებით ჩატარდა.
არტემის II 1972 წლის აპოლო 17-ის შემდეგ პირველი მისია იქნება, რომლის ფარგლებშიც ადამიანები მთვარის მიმართულებით გაფრინდებიან.
ცნობისთვის, აშშ-ს კოსმოსურმა სააგენტომ, NASA-მ განაცხადა, რომ აუქმებს მთვარის ორბიტაზე კოსმოსური სადგურის განთავსების პროგრამას და მის ნაცვლად დაახლოებით $20-მილიარდიან პროექტს მვარის ზედაპირზე ბაზის ასაშენებლად გამოიყენებს.
სააგენტოს ხელმძღვანელის, ჯარე აიზეკმენის თქმით, განახლებული გეგმა ასევე მოიცავს ბირთვულ ენერგიაზე მომუშავე კოსმოსური ხომალდის გაგზავნას მარსზე, რომლის გაშვებაც 2028 წლამდე იგეგმება.
NASA-ში აცხადებენ, რომ ახალი სტრატეგია მიზნად ისახავს მთვარეზე ადამიანის ხანგრძლივი ყოფნისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის შექმნას, მათ შორის, რობოტული ლენდერებისა და დრონების გამოყენებას, ბირთვული ენერგიის დანერგვასთან ერთად.
პროექტი დაკავშირებულია Artemis program-სთან, რომლის მიზანიც მთვარეზე ადამიანის დაბრუნებაა. პროგრამა მიმდინარეობს გლობალური კოსმოსური კონკურენციის ფონზე, რის ფარგლებშიც მთვარეზე ასტრონავტების გაგზავნას ჩინეთიც გეგმავს.