მოქანდაკე, მხატვარ-მონუმენტალისტი, რუსეთის სახვითი ხელოვნების აკადემიის პრეზიდენტი ზურაბ წერეთელი დღეს, 26 აპრილს თბილისში, დიდუბის პანთეონში, პირველი მეუღლის გვერდით დაკრძალეს.

წერეთელს, რომელიც 22 აპრილს მოსკოვში, საკუთარ სახლში, ოჯახის გარემოცვაში გარდაიცვალა, 23 აპრილს მოსკოვში გამოემშვიდობნენ, შემდეგ კი თბილისში გადმოასვენეს.

ცერემონიალი დიდუბის ღვთისმშობლის ეკლესიაში გაიმართა.

26 აპრილს თბილისში გამართულ სამოქალაქო პანაშვიდზე „ქართული ოცნების“ ლიდერები მივიდნენ.

მათ შორის იყვნენ „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაური ირაკლი კობახიძე, ასევე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, თბილისის მერი კახა კალაძე და სხვები.

მსახურებას დაესწრო მიტროპოლიტი სიო (მუჯირი), საპატრიაქო ტახტის მოსაყდრე.

ზურაბ წერეთელი თბილისში დაიბადა. 1950-იანი წლების ბოლოს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია.

1960-იანი წლებიდან წერეთელი ძირითადად, რუსეთში მუშაობდა.

რუსეთის ფედერაციისადმი დამსახურების გამო 2003 წელს პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ზურაბ წერეთელს რუსეთის მოქალაქეობა მიანიჭა.

1992-1995 წლებში ზურაბ წერეთელი იყო საქართველოს პარლამენტის დეპუტატი.

2006 წლის 23 ნოემბერს თბილისის თავისუფლების მოედანზე აღმართეს წმინდა გიორგის ქანდაკება, რომელიც ავტორმა, ზურაბ წერეთელმა თბილისს „ვარდების რევოლუციის” შემდეგ აჩუქა.