„სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ ზამთრის განმავლობაში ათასობით ადამიანმა გადაიტანა კორონა ვირუსი ისე, რომ არც გაუგია“, - ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ BMGTV-ის ეთერში ისაუბრა.

„ცირკულირებს ომიკრონი და ტესტირება იმ შემთხვევაშია აუცილებელი, თუ ინფიცირებული ადამიანი საავადმყოფოში მოხვდება, რისკის ჯგუფია და ექიმს აინტერესებს, რა უნდა გააკეთოს, თორემ სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ ზამთრის განმავლობაში ათასობით ადამიანმა გადაიტანა კორონა ვირუსი ისე, რომ არც გაუგია. აქვს მსუბუქი მიმდინარეობა , დაბალი სიცხე, მსუბუქი ხველება - დარჩა იმ ვირუსად, რომელსაც უნდა შევეგუოთ”, - ამბობს ივანე ჩხაიძე.

მისი თქმით, ძალიან ნიშანდობლივი აღმოჩნდა ჯანმოს განცხადება, რომ პანდემიის შემდეგ კორონა ვირუსი მოცირკულირე, სეზონურ ვირუსად გადაიქცევა - ეს იმას ნიშნავს, რომ კოვიდი არსად გაქრება.

„პანდემიის დასრულება არ ნიშნავს კორონა ვირუსის დასრულებას. ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა დაბალია, 2-5%. საბედნიეროდ, ის ვარიანტი, რომელიც დარჩა - ომიკრონი - ყველა იმ მუტაციას შორის, რომელსაც ჩვენ ძალიან კარგად გავეცანით პანდემიის დროს, ყველაზე მსუბუქია. ევოლუციურად სხვანაირად წარმოუდგენელია, პანდემიის დასრულებას მივყავართ იმ მუტაციამდე, რომელსაც ექნებოდა ყველაზე ნაკლები ზემოქმედება, სიმძიმის, ლეტალობის და გართულებების თვალსაზრისით”, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.