არის წიგნები, რომელსაც ტრანსპორტში საკითხავად გაიმეტებ, არის ძილის წინ საკითხავი წიგნები, არის კიდევ მოგზაურობისას საკითხავი და ყველაზე ძვირფასი - ზაფხულში საკითხავი წიგნები.

მოგზაურობისას სპეციფიკურად ვარჩევ მხატვრულ ლიტერატურას: ბერლინში - დობლინის „ბერლინი ალექსანდერპლაცი" გავიყოლე, ინდოეთში - სალმან რუშდის „შუაღამის შვილები“, პარიზში - ლე კლეზიოს მოთხრობები, ბარსელონაში - კარლოს რუის საფონის „ქარის ჩრდილი“, იტალიაში - ალბერტო მორავიას „ზიზღი“ და ა.შ. და ა.შ. ავტორებისა და წიგნების ქვეყნებისა და ქალაქების მიხედვით შერჩევით ქალაქსა და ქვეყანასაც უკეთ შეიგრძნობ და წიგნსა და ავტორსაც. ასე დამემართა „ქარის ჩრდილის“ კითხვისას, როცა ფურცლებზე წიგნის მთელი სიუჟეტი გაცოცხლდა, გაფერადდა და ერთმანეთს დაუკავშირდა ჩემი და პერსონაჟების - დანიელის და ბეას გზები.

იმ წიგნებს კი, რომელთაც ვერც ტრანსპორტში საკითხავად ვიმეტებ და ვერც ძილის წინ, ზაფხულისთვის ვინახავ, ვარჩევ ყველაზე სასურველ ავტორებსა და ყველაზე სასურველ წიგნებს, ვწერ სიებს, ვცდილობ წიგნების ყიდვა წიგნის ფესტივალისთვის დავგეგმო. მაგრამ თუ ფესტივალზე წასვლაც ვერ მოახერხეთ, ონლაინ შოპინგი წიგნების შესარჩევად საუკეთესო საშუალებაა - კურსორის რამდენიმე დაწკაპუნება და 3-4 სამუშაო დღეში ყველა სასურველ წიგნს კურიერი სახლში მოგიტანთ.

ახლა კი ზაფხულისთვის საკითხავ 5 რჩეულ წიგნს გთავაზობთ:

1.

Be.ge-ზე იოლად ნახავთ ქართველი და უცხოელი ავტორების წიგნებს, თარგმანებსა და ბესტსელერებს. დიდი ინტერესით ველოდები „საბას“ლაურეატის და ძალიან საინტერესო ქართველი ავტორის ზურა ჯიშკარიანის ახალ რომანს - „სწრაფი ღამისიერი“, რომლის შესახებაც მხოლოდ დადებითი რეცენზიები წამიკითხავს;

2.

ასევე გირჩევთ ანა კორძაია-სამადაშვილის „ზინკა ადამიანს“. უნდა გაგიმხილოთ, რომ ჩემთვის ანა კორძაია-სამადაშვილი საუკეთესო მთხრობელია. მის ლექციებსა და მის მიერ მოყოლილ ამბებს ჯადოსნური ძალა აქვს და აუცილებლად გაიძულებს შენც მოჰკიდო ამ წიგნებს ხელი, წაიკითხო და შეიყვარო. ასე დამემართა პატი სმითის „უბრალოდ ბავშვებზე“ და ინგებორგ ბახმანის „მალინაზე“;

3.

ასევე გირჩევთ „ლიტერას“ და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლიტერატურული პრემიის გამარჯვებულ წიგნს „სამხრეთული სპილო“, რომლის ავტორიც მწერალი და ფოტოგრაფი არჩილ ქიქოძეა. დარწმუნებული ვარ, „სამხრეთული სპილოს“ წაკითხვის შემდეგ, მისი სხვა წიგნების - „ნორვეგიული დღიურისა“ და „ხვლიკი საფლავის ქვაზე“ წაკითხვის სურვილიც გაგიჩნდებათ.

4.

კიდევ ერთი ქართველი ავტორი, ვისი წიგნიც საზაფხულოდ გადავდე, ივა ფეზუაშვილია. 2020 წელს რომანისთვის „ბუნკერი“ ის წინანდლის პრემიით დაჯილდოვდა.  ამავე წიგნისთვის ავტორს 2021 წელს „საბასა“ და არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ სპეციალური პრემია გადაეცა;

5.

ხუთეულს ამჯერად ნობელის პრემიის ლაურეატ, მარიო ვარგას ლიოსას წიგნით - „საუბარი კათედრალში“ დავასრულებ. ლიოსა 2019 წელს საქართველოშიც აპირებდა ჩამოსვლას, მაგრამ რიგი მიზეზების გამო, ვიზიტი არ შედგა. იმედი ვიქონიოთ, რომ ნობელიანტი საქართველოში ჩამოვა, მანამდე კი მის წიგნებს გავეცნოთ.