საქართველოს ბაზარზე ყალბი კოსმეტიკური საშუალებები იყიდება. ფალსიფიცირებული პროდუქციის რეალიზების შემთხვევებმა განსაკუთრებით ბოლო ორი წლის მანძილზე იმატა. პრობლემა, რომ მასშტაბურია ამაზე ,,კომერსანტთან’’ საქართველოში კორეული კოსმეტიკის შემომტანი კომპანია ,,პირველი კორეულის“ მენეჯერი საუბრობს. ანანო ციმინტია აცხადებს, რომ  ყალბი პროდუქცია ონლაინ მაღაზიებში იყიდება. თუმცა არის ხშირი შემთხვევა, როდესაც ფალსიფიცირებულ კოსმეტიკას დიდ სავაჭრო ცენტრებშიც აღმოაჩენთ.

,,ყალბი პროდუქციის არსებობის პრობლემა არის საქართველოში. ბოლო პერიოდში განსაკუთრებით. ეს არ ეხება მხოლოდ ონლაინ მაღაზიებს, როცა გადამყიდველი უცნობია. ეს ეხება დიდ სავაჭრო ცენტრებსაც. არის ყალბი პროდუქციის რეალიზების შემთხვევები. ჩვენც კი გვიჭირს ხოლმე განვასხვაოთ ყალბი ორიგინალისგან. იმდენად ჰგავს ვიზუალურად. ბევრი ჯგუფია სოციალურ ქსელებში, სადაც ტვირთავენ ინფორმაცია, რომ აქვთ პროდუქცია გასაყიდი. მომხმარებელს არ აქვს უშუალოდ შეხება ამ პროდუქტთან და ძალიან რთულია განსაზღვრა ყალბია თუ ორიგინალი.’’- აცხადებს ანანო ციმინტია.

პრობლემა განსაკუთრებით ბოლო 2 წლის მანძილზე გამწვავდა. იმატა ყალბი კოსმეტიკური პროდუქტის რეალიზების შემთხვევებმა. როგორ უნდა განვასხვაოთ ფალსიფიცირებული ორიგინალისგან? კითხვა ,,კომერსანტმა’’ ანანო ციმინტიას დაუსვა. ,,პირველი კორეულის“ მენეჯერი განმარტავს, რომ გარჩევა საკმაოდ რთულია, თუმცა მთავარი განმასხვავებელი ფასია. ყალბი პროდუქტი ქართულ ბაზარზე თვითღირებულებაზე ნაკლებ ფასად იყიდება.

,,პირველ რიგში გაყალბებაზე ფასი მიუთითებს, რადგან შეუძლებელია ქართულ ბაზარზე პროდუქცია იმაზე ნაკლები ღირდეს, ვიდრე მისი თვითღირებულებაა. მომხმარებლისთვისაც რთულია ამის გარჩევა. ჩვენც კი დეტალურად ვაკვირდებით. ხშირად კოდი არ ემთხვევა, დამზადების ვადა არ აწერია, ან თავსახური აქვს განსხვავებული. წვრილ-წვრილი ნიუანსებია, რაც რთულად შესამჩნევია, მაგრამ პროდუქტის სიყალბე ხარისხზე აისახება, ასევე გამოყენების შემდეგ ეფექტზე. დიდი პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს. მაქსიმალურად ვცდილობთ, მომხმარებელს მივაწოდოთ ინფორმაცია, რადგან ყალბი პროდუქტი საზიანო შეიძლება აღმოჩნდეს. ჯერჯერობით არ არის რაიმე მარეგულირებელი, რომ გაკონტროლდეს ყალბი და ორიგინალი პროდუქცია.’’- აცხადებს ანანო ციმინტია.

,,პირველი კორეულის“ მენეჯერი განმარტავს, რომ პრობლემა მას შემდეგ აღმოაჩინეს, რაც ბაზარზე კონკურენტების შესწავლა და მათზე დაკვირვება დაიწყეს. ანანო ციმინტია აცხადებს, რომ ფალსიფიცირებული კორეული კოსმეტიკა პირველად 2 წლის წინ გამოჩნდა, თუმცა დღეს ყალბ პროდუქტს პატარა მაღაზიებთან ერთად, დიდი სავაჭრო ცენტრებსა და სოციალურ ქსელებში არსებულ ჯგუფებში მრავლად აღმოაჩენთ. ანანო ციმინტია აცხადებს, რომ უცნობია საიდან შემოდის ყალბი კოსმეტიკა. ,,თავად მომხმარებელმა უნდა გადაწყვიტოს ვის ენდოს და იმედი მაქვს რომ მაქსიმალურად უსაფრთხო პროდუქტთან ექნებათ შეხება.’’- აცხადებს ანანო ციმინტია.