რადიო „კომერსანტის“ რუბრიკაში „საზღვრებს მიღმა“, Amazon-ის პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერმა, სტეფანე გურგენიძემ, საკუთარ კარიერულ მიღწევებსა და გამოცდილებაზე ისაუბრა. დამწყებ პროგრამისტებს კი პროფესიული რჩევები მისცა.

- საიდან დაიწყო ყველაფერი და რა გზა გაიარეთ, სანამ Amazon-მდე მიხვიდოდით?

პროგრამირების სწავლა უნივერსიტეტიდან დავიწყე. ჩემი პირველი ნაბიჯები ამ სფეროში სწორედ იქ გადავდგი. მივიღე კარგი საბაზისო ცოდნა, რის შემდეგაც, მალევე, სწავლის პარალელურად, ერთ-ერთ ქართულ კომპანიაში, AzRy-ში, დავსაქმდი, სადაც რამდენიმე საინტერესო პროექტზე ვიმუშავე.

მას შემდეგ, რაც AzRy-ში კარგი სამუშაო გამოცდილება მივიღე, მარტივად შევძელი ისეთ საერთაშორისო კომპანიაში დავსაქმებულიყავი, როგორიც Microsoft-ია (AzRy-ში მუშაობიდან დაახლოებით წელიწად-ნახევარში, სწორედ Microsoft-დან მივიღე შემოთავაზება).

Microsoft-ში დისტანციურად, საქართველოდან, ვმუშაობდი წელიწად-ნახევრის განმავლობაში და ვაკეთებდით საგანმანათლებლო ვებ აპლიკაციას - takelessons.com, რომელსაც დღესდღეობით მთელი მსოფლიოს მასშტაბით უამრავი ადამიანი იყენებს სხვადასხვა სფეროში განათლების მისაღებად.

Microsoft-ში მუშაობის პარალელურად, კვლავ ვაგრძელებდი სწავლას და სწავლის დამთავრების შემდეგ, გადავწყვიტე საზღვარგარეთ, სხვა კომპანიაში, ადგილზე მუშაობის გამოცდილებაც მიმეღო. სწორედ ამიტომ, სივი გავგზავნე ბარსელონას Amazon-ის ოფისში და უკვე წელიწად-ნახევარია, რაც პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინრად ვმუშაობ აქ.

ამჟამად, ჩემს გუნდთან ერთად ვაკეთებ ძალიან საინტერესო და Amazon-ისთვის მნიშვნელოვან აპლიკაციას, რომლის დახმარებითაც პროგრამულად და ქსელურად იმართება მთელი მსოფლიოს მასშტაბით, Amazon-ის საწყობებში არსებული მოწყობილობები, მათ შორის რობოტები.

- როგორი სამუშაო გრაფიკი გაქვთ?

Amazon-ში ვმუშაობ ჰიბრიდულად, კვირაში რამდენიმე დღე ოფისში მივდივარ, თუმცა შემიძლია სახლიდანაც ვიმუშაო. გარდა ამისა, იმის შესაძლებლობაც მაქვს, რომ წლის განმავლობაში გარკვეული დრო საქართველოდანაც ვიმუშაო, რასაც მაქსიმალურად ვიყენებ.

- რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რასაც გაძლევთ ეს საერთაშორისო ორგანიზაციები. რა არის ის მთავარი, რაც გუნდს კრავს კომპანიებში?

ცხადია, დასაწყისში რთულია ასეთ კომპანიაში მუშაობა, მაგრამ ყველაზე მეტად, რაც მომწონს ამ დიდ საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანიებში, არის ის, რომ მაქსიმალურად გეხმარებიან ყველაფერში. გუნდის თითოეული წევრი ცდილობს, რომ თუ რამე პრობლემა ან დაბრკოლება შეგექმნება, დაგეხმაროს და მოგაგვარებინოს. მუშაობის პარალელურად, საკუთარ ცოდნას გიზიარებენ. შენ თვითონაც ძალიან ბევრ ინფორმაციას იღებ სხვადასხვა წყაროდან და სირთულეებიც მარტივად ილახება, უფრო კომფორტულად გრძნობ თავს და მუშაობის პროცესიც ბევრად უფრო სასიამოვნო ხდება. იგივე იყო Microsoft-შიც და არც იქ მქონია ამ მხრივ რამე პრობლემა.

მთავარი, რაც მგონია, არის ის, რომ ამ კომპანიებისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია თანამშრომლები. პირველ რიგში, აფასებენ თანამშრომლებს და შემდგომ - სხვა დანარჩენს. ცდილობენ, რომ თანამშრომლები თავს კომფორტულად გრძნობდნენ, როგორც ოფისში ყოფნისას, ასევე დისტანციურად მუშაობის დროს.

მიუხედავად იმისა, რომ სახლიდანაც შემიძლია მუშაობა, ხშირადაა შემთხვევები, როდესაც ოფისში მისვლა მირჩევნია, არა მხოლოდ იმ კომფორტიდან გამომდინარე, რაც ოფისშია, არამედ იმიტომ რომ იქ მყოფი ადამიანები ძალიან მოტივირებულები არიან და გაცილებით დიდ გამოცდილებას იღებ მათგან, როცა უშუალოდ ნახულობ და ელაპარაკები. ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც გადავწყვიტე, Microsoft-ი დამეტოვებინა და Amazon-ში გამეგრძელებინა მუშაობა, სწორედ ეს იყო, რომ ადგილზე მემუშავა, პირადად მენახა ეს ადამიანები და გამეგო, თუ რას ნიშნავდა ასეთ დიდ კომპანიაში მუშაობა.

- შემდეგი ნაბიჯი... ახლა რაზე ოცნებობთ? რა არის ის, რასაც გინდათ, რომ მიაღწიოთ?

გარდა იმისა, რომ ჩემი პროფესია ძალიან მომწონს, მიყვარს იმ ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება, რაც აქამდე დავაგროვე. ალბათ, ამიტომაც არის, რომ საქართველოში რამდენიმე უნივერსიტეტში ვიყავი ლექტორის და სწავლების ასისტენტი, ბოლო ნახევარი წელი კი - ლექტორი ერთ-ერთ კერძო აკადემიაში, სადაც ძალიან მაგარ, მოტივირებულ ქართველ პროგრამისტებს ვასწავლიდი ისეთ რაღაცებს, რაც შემდგომ უკვე დიდ ტექნოლოგიურ კომპანიებში დასასაქმებლად დასჭირდებათ.

ჩემი ოცნებაც დაახლოებით იმავეს უკავშირდება. ქართველებმა ჩვენი სათქმელი უნდა ვთქვათ და დავანახოთ სხვებს, რომ ჩვენც შეგვიძლია. ვფიქრობ, დღესდღეობით, ქართველ პროგრამისტებს ის აბრკოლებთ ყველაზე მეტად, რომ ჰგონიათ, რომ არ შეუძლიათ და მათთვის მიუწვდომელია. თავიდან მეც იმავეს ვფიქრობდი, მაგრამ თუნდაც ის პრეცედენტი, რომ მე მოვახერხე, უნდა აძლევდეთ იმის მოტივაციას, რომ მათაც შეუძლიათ და ისინიც მოახერხებენ.

ჩემი მიზანია, რომ ის ცოდნა და გამოცდილება, რაც აქამდე მაქვს დაგროვებული, სხვა ქართველ პროგრამისტებსაც გავუზიარო და დავეხმარო პროფესიული მიზნების მიღწევაში. ჯერჯერობით ვაპირებ, რომ ისევ აქ ვიყო, Amazon-ში, კიდევ უფრო მეტი ცოდნა და გამოცდილება მივიღო და შემდეგ ვფიქრობ, რომ სამშობლოში დავბრუნდე და იქ განვახორციელო ის გეგმები, რაც მაქვს.

- რჩევები, საიდან უნდა დაიწყონ პროგრამისტებმა, თუ სურთ მოხვდნენ ისეთ კომპანიებში, როგორიცაა Microsoft-და Amazon-ი.

პირველ რიგში, რასაც ვიტყოდი, არის ის, რომ მაქსიმალურად კონცენტრირდნენ კარგი ბაზისისა და საფუძვლის შექმნაზე (არ აქვს მნიშვნელობა, პროგრამირება იქნება ეს თუ ნებისმიერი სხვა სფერო ტექში ან მის გარეთ).

ერთ-ერთი მთავარი პრობლემა (რაც მეც მქონდა თავის დროზე) არის ის, რომ, გამომდინარე იქიდან, რომ არარეალური მეგონა ეს ყველაფერი, დიდად არ ვცდილობდი დიდ კომპანიებში სივის გაგზავნას ან ვაკანსიების მოძიებას, რაც ყველაზე დიდი შეცდომაა. ამის ნაცვლად, უკეთესი იქნება, თუ ადგები და პირდაპირ დაიწყებ მცდელობებს და არ გაჩერდები, რადგან საბოლოოდ აუცილებლად მიიღებ პასუხს და მიაღწევ დასახულ მიზანსაც.