ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ ნინო ენუქიძემ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) ორგანიზებულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც კომისიის დაარსებიდან 28 წლისთავს მიეძღვნა. კონფერენციაზე განიხილეს მარეგულირებელი კომისიის საქმიანობის შედეგები ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორების განვითარებაში.
ნინო ენუქიძემ სემეკის თანამშრომლებს ორგანიზაციის დაარსების დღე მიულოცა. მისი განცხადებით, სემეკის როლი მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკისა და რეგულირებადი სექტორების განვითარებაში და დღეს წარმატებით არეგულირებს ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზის, წყალმომარაგებისა და მელიორაციის სექტორებს.
როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, სემეკის მიერ შექმნილი რეგულირების ჩარჩო ორიენტირებულია, ერთი მხრივ, წაახალისოს სექტორში მოქმედი საწარმოები, ხოლო მეორე მხრივ - დაიცვას მომხმარებელთა ინტერესები, მათი უფლებები. მისი თქმით, კომისიის ორგანიზებით, 2026 წელს თბილისში ენერგეტიკის რეგულირების IX მსოფლიო ფორუმი გაიმართება, რაც ხაზს უსვამს სემეკის, როგორც წამყვანი მარეგულირებელი ინსტიტუციის პოზიციებს მსოფლიო მარეგულირებელ უწყებებს შორის.
კონფერენციის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე განიხილეს მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების განვითარების ხელშემწყობი მექანიზმები, განახლებადი ენერგიის წახალისება და ენერგოეფექტურობის ხელშეწყობა და სხვა პრიორიტეტული საკითხები.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს