„თბილისის ფინანსური სამიტი” დღეს, 23 ოქტომბერს თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში ოფიციალურად გაიხსნა. სამიტი წელს პირველად ტარდება და იგი "აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში" იმართება.
ღონისძიება ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ გახსნა. სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდრომარემ შალვა პაპუაშვილმა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა მიმართა.
,,საქართველოს გლობალურ საფინანსო რუკაზე გამოჩენა არ არის შემთხვევითი. ბოლო წლებში ქვეყანამ მიაღწია შთამბეჭდავ ეკონომიკურ ზრდას, შეინარჩუნა ფინანსური სტაბილურობა გლობალური გამოწვევების ფონზე და განავითარა ხელსაყრელი საინვესტიციო გარემო. საქართველოში ჩამოყალიბდა და ნარჩუნდება სტაბილური მაკროეკონომიკური გარემო, თითქმის ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, რომელიც შედარებით დაბალ ინფლაციასთან ერთად გამოარჩევს ჩვენს ქვეყანას მეტად განვითარებულ ეკონომიკებთან შედარებითაც კი,” - აღნიშნა ნათია თურნავამ.
სებ-ის პრეზიდენტის შეფასებით ქართული საბანკო სისტემა მედეგია გლობალური გამოწვევების მიმართ, იგი მაღალკაპიტალიზირებულია, მომგებიანია და აქტივების მაღალი ხარისხით გამოირჩევა.
,,გასაკვირი არ არის, რომ წლების განმავლობაში საქართველოს ფინანსური ინდუსტრია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის კუთხით სხვა დარგებთან შედარებით ლიდერობს. როგორც რეგიონული, ისე გლობალური ინვესტორები სულ უფრო მეტ ინტერესს იჩენენ საქართველოს ფინანსურ სექტორში ინვესტირების მიმართულებით. შედეგად, უკვე არაერთი ახალი ჯგუფი შემოდის ქართულ ბაზარზე,” - განაცხადა ნათია თურნავამ.
ცნობისთვის, თბილისის ფინანსური სამიტის ერთ-ერთი თანაორგანიზატორია „გლობალური ფინანსური და ტექნოლოგიური ქსელი“ (GFTN) - წამყვანი საერთაშორისო ქსელი ფინანსური ტექნოლოგიების სფეროში.
ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს