შოვში ვერტმფრენი არ იყოო. ჯერ ერთი, რომც ჩამოსულიყო ის ვერტმფრენები, რომლებიც შესყიდული გვაქვს, დარწმუნებული ვარ, შოვში ვერ იმუშავებდნენ და ვერ გააკეთებდნენ იმას, რაც გმირმა ადამიანებმა გააკეთეს, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ პოლიტიკური ჯგუფ „ევროოპტომისტებთან“ შეხვედრაზე განაცხადა, სადაც განხილვის საგანია 2023 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები.
ამასთან, როგორც კაკაურიძემ აღნიშნა, ამ დროისთვის შესყიდულია ყველა საჭირო კომპონენტით აღჭურვილი 3 სამაშველო ვერტმფრენი, რომელთაგან ორი, დიდი ალბათობით, მომავალ წელს ჩამოვა.
„ვერტმფრენებზე 50 მილიონი გასულ წელს დაემატა შინაგან საქმეთა სამინისტროს სწორედ ვერტმფრენების შეძენისთვის. თქვენ ხომ კარგად მოგეხსენებათ, რომ ვერტმფრენი არ არის მანქანა - წახვიდე, იყიდო და ერთ კვირაში დაიწყო ამ მანქანით სიარული. შეკვეთილია სამი ვერტმფრენი და ჯამში, ეს 3 ვერტმფრენი არის 80 მილიონი ლარის, დაახლოებით 65 მილიონ ლარამდე არის უკვე ანაზღაურებული. 18-თვიანი პერიოდი იყო პირველი ვერტმფრენის ჩამოსასვლელად და შემდგომში დამატებით 6-თვიანი პერიოდი იყო მეორე და მესამე ვერტმფრენის ჩამოსვლისთვის. შესყიდულია, თუმცა კომპანიას ჯერ არ მოუწოდებია და მომავალ წელს, ვფიქრობთ, რომ ორი მათგანის ჩამოსვლა მოესწრება. ეს არის თანამედროვე ტიპის სამაშველო ვერტმფრენი, აღჭურვილი ყველა იმ კომპონენტით, რაც სამაშველო ვერტმფრენს ესაჭიროება და ამის თანხის უდიდესი ნაწილი არის უკვე ანაზღაურებული“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.