„პირდაპირი ხელშეწყობაა საჭირო, ზოგიერთ შემთხვევაში, უნდა დასუბსიდირდეს, რომ ბევრი სანადირო მეურნეობა გაიხსნას“, - ამის შესახებ მონადირეთა და მეთევზეთა ფედერაციის პრეზიდენტმა თემურ ტყემალაძემ bpn-თან საუბრისას განაცხადა.

როგორც უკვე ცნობილია, გაზაფხულზე საქართველოში ნადირობის რეგულირება იგეგმება, თუმცა, კონკრეტული გეგმა ოფიციალურად ჯერ გაწერილი არ არის.

თემურ ტყემალაძე ამბობს, რომ საკითხს კომპლექსური მიდგომა სჭირდება, რადგან ამ მიმართულებით ქვეყანაში არსებული პოტენციალი ფაქტობრივად, აუთვისებელია.

ამასთან, მონადირეთა და მეთევზეთა ფედერაციის პრეზიდენტი იმედს გამოთქვამს, რომ პარლამენტში საკითხის განხილვა დარგის წარმომადგენლების დასწრებით მოხდება.

„ეს სექტორი არის ძალიან მისახედი და არ დაადგა საშველი. ყველა ქვეყანა (ევროპაში, თუ აზიაში), ააქტიურებს და ინტენსიურად მუშაობს ამ დარგის განვითარებაზე. აქ ერთდროულად არის ეკონომიკა, სოციალური საკითხები, ბიომრავალფეროვნება, გარემოსდაცვა და ა.შ. ეს სფერო არის ფაქტობრივად, აუთვისებელი, განსაკუთრებით ტურიზმის ნაწილში. ამ დარგის ალბათ, 0.1% არის ათვისებული, ამ მიმართულებით. ამიტომ, ძალიან კარგია, რომ კანონი იწერება, მაგრამ ჩემი აზრთ, ეს უნდა იყოს გარდამავალი, რადგან მოთხოვნები იზრდება, შეხედულებები იცვლება.

მე ვფიქრობ, პარლამენტში სათანადო განხილვა უნდა მოეწყოს და ჩვენ, არასამთავრობოები და ამ დარგის გულშემატკივრები უნდა დავესწროთ. საჯარო განხილვა აუცილებელია. ამაზე ადრეც მქონდა საუბარი, მაგრამ კანონზე მუშაობა გაიწელა და ვფიქრობ, ახლაც დროული იქნება, თუ ბოლომდე მივა. მითუმეტეს, რომ ჩვენთან ძალიან აქტიურად ეს სექტორი, კლუბებია შექმნილი, სადაც ასეულობით ადამიანია გაწევრიანებული. ბოლო ერთ წელში ვერ წარმოიდგენთ რამდენი ადამიანი მიდის საზღვარგარეთ სანადიროდ. მეც რამდენიმე დღეში თურქეთში ვაპირებ წასვლას, ხალხი მიმყავს. ეს ნიშნავს, რომ მოთხოვნა არის გაზრდილი. ამ დროს, აქედან ხალხი სადღაც მიდის, ხარჯავს ათასობით დოლარს და ჩვენ აქ ვართ უყურადღებოდ“,- ამბობს თემურ ტყემალაძე.

მისი თქმით, პირველ რიგში კანონი უნდა გამკაცრდეს ბრაკონიერობის წინააღმდეგ და სამინისტროში შესაბამისი რეორგანიზაცია მოხდეს.

„ეს თემა თავისებურია და არაპირდაპირი შემოსავლების ერთ-ერთი ძალიან დიდი წყარო. ბევრ ბიზნესს უსწრებს წინ. მისი განვითარებისთვის, რა თქმა უნდა, ბრაკონიერობა უნდა მოისპოს, ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვართ ამ მხრივ. თითქოს კონტროლი მიდის, მაგრამ არ არის საკმარისი, კანონი გასამკაცრებელია. ასევე, პირდაპირი ხელშეწყობაა საჭირო, ზოგიერთ შემთხვევაში უნდა დასუბსიდირდეს, რომ ბევრი სანადირო მეურნეობა გაიხსნას. ამით ჩვენ არაფერს ვკარგავთ. ჩვენ შეგვიძლია ტყით დაფარული, თუ უდაბნო ტერიტორიები მოვიცვათ ამით. დაცული ტერიტორიებს ვაქცევთ ყურადღებას და ეს კარგია, ძალიან გაიზარდა მათი მოცულობა, მაგრამ ყველაფერს დაცულ ტერიტორიად ხომ არ ვაქცევთ?! აქ თუ მივაღწევთ კონტროლს და ბიომრავალფეროვნებას, უფრო მეტი ვიზიტორი გვეყოლება, იმიტომ რომ ჩვეულებრივ ტურისტებს დაემატება მონადირე ტურისტიც, რომელსაც ჭამა, სამა, იარაღი, საწვავი, გამყოლი უნდა და ეს საკმაოდ ბევრ დარგს მოიცავს. ბევრი მუშაობა სჭირდება, მაგრამ შედეგი გვექნება ძალიან კარგი.

მე ვფიქრობ, კანონი უნდა მიიღონ დროულად, მაგრამ აღსრულება უკვე შეგვიძლია დავიწყოთ სამინისტროში რეორგანიზაციით. შეხვედრები უნდა განვაახლოთ სამონადირეო კლუბებთან. შეიძლება, მე ერთი პოზიცია მქონდეს, მაგრამ ამხელა კლუბში ყველას თავისი მოსაზრება აქვს. ამიტომ, შეხედულებები უნდა შეჯერდეს და შემდეგ მოექცეს საკანონმდებლო ჩარჩოში“,-ამბობს თემურ ტყემალაძე.

ცნობისთვის, როგორც პარლამენტის 2025 წლის საგაზაფხულო სესიისთვის გათვალისწინებულ კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიან გეგმაში ვკითხულობთ, საქართველოში ბოლო წლებში გახშირებულმა უკონტროლო ნადირობამ და გამოვლენილმა კანონმდებლობის ნაკლოვანებებმა აჩვენა, რომ მოქმედი სამართლებრივი ნორმები ვერ პასუხობს იმ გამოწვევებს, რაც დღეს ქვეყანაში არსებობს. შესაბამისად, დღის წესრიგში დგას სფეროს ახლებურად მოწესრიგების საჭიროება. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მოქმედი კანონმდებლობა არ შეესაბამება საერთაშორისო და ევროპული კანონმდებლობის მოთხოვნებს.

www.bpn.ge