თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, მერიას ვარკეთილის მეტროსადგურის ჩაკეტვა არ დასჭირდება - მისივე ინფორმაციით, მეტროსადგური მგზავრებს მუშაობის მიმდინარეობის პარალელურად მოემსახურება.
"დღეს მინდა, საზოგადოებას მივაწოდო სიახლე, კარგი ინფორმაცია გვაქვს ამ მიმართულებით, რომ სადგურის დროებით ჩაკეტვა არ დაგვჭირდება, ისე ჩატარდება და განხორციელდება სამუშაოები. მინდა მოგაწოდოთ ასევე ინფორმაცია, რომ სამუშაოების შესრულების ჯამური ვადა შეადგენს 18 თვეს და, გეგმის მიხედვით, უნდა დასრულდეს მომდევნო წლის ზაფხულში.
ამ ეტაპზე, სამშენელო კომპანიის მიერ შესრულებულ სამუშაოებს გეტყვით - შემუშავდა სამუშაოთა წარმოების პროექტი, მეტროსადგურის დაბლა ბაქანზე განხორციელდა აზბესტის ჭერის დემონტაჟი სრულად, მიმდინარეობს ბაქნის ქვედა სივრცეების სარემონტო სამუშაოები, განხორციელდა ბაქნის სივრცის დეტალური სკანირება, რაც, რა თქმა უნდა, აუცილებელია ჭერის მოპირკეთების პროექტის საბოლოო დაზუსტებისთვის.
უახლოეს პერიოდში, მომდევნო დღეების განმავლობაში დაგეგმილია შემდეგი სამუშაოები - ესკალატორის დახრილ გვირაბში აზბესტის ჭერის დემონტაჟი, ბაქნის იატაკზე არსებული ფილების დემონტაჟი, მოჭიმვის მოწყობა და ფილების მონტაჟი. სამუშაოები არ საჭიროებს მეტროსადგურის დროებით დახურვას და ჩვეულებრივად მოემსახურება მგზავრებს. გარკვეულ არეალებში იქნება შეზღუდვები, როდესაც წარიმართება უშუალოდ ბაქნის მოპირკეთების სამუშაოები, თუმცა ამაზე საზოგადოებას ინფორმაციას ეტაპობრივად მივაწვდით". - ამბობს კახა კალაძე.