უცხო ქვეყნის ან მოქალაქეობის არ მქონე პირებს საქართველოში მართვის მოწმობის გამოცდებზე დაშვებისთვის დამატებითი პირობები განესაზღვრათ.
კერძოდ, კანონში შესული ცვლილებების მიხედვით, მართვის უფლების მისაღებ თეორიულ ან/და პრაქტიკულ გამოცდაზე პირი დაიშვება იმ შემთხვევაში, თუ გამოცდამდე ქვეყანაში უწყვეტ თორმეტ თვიან პერიოდში სულ მცირე 185 კალენდარული დღის კანონიერი საფუძვლით ყოფნის დამადასტურებელ დოკუმენტს ან ბინადრობის მოწმობას წარადგენს.
„უცხო ქვეყნის მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე მძღოლობის იმ კანდიდატს, რომელმაც ამ ბრძანების ამოქმედებამდე წარმატებით ჩააბარა შესაბამისი კატეგორიის/ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდა, „მომსახურების სააგენტო“ მომსახურებას გაუწევს ამ ბრძანების ამოქმედებამდე არსებული წესით“, - აღნიშნულია საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნებულ ბრძანებაში.
აღსანიშნავია, რომ ეს მოთხოვნა არ გავრცელდება საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობების თანამშრომლებზე.
აღსანიშნავია, რომ გარდა ამ მოთხოვნებისა, როგორც საქართველოს მოქალაქეებმა, ასევე უცხო ქვეყნისა და მოქალაქეობის არმქონე პირებმა გამოცდაზე დასაშვებად შემდეგი სახის ინფორმაცია უნდა წარადგინონ:
- ელექტრონული ან მატერიალური სახის განცხადება, რომელშიც მითითებული იქნება იმ სატრანსპორტო საშუალების კატეგორია ან ქვეკატეგორია, რომლის მართვის უფლების მოპოვებაც სურს;
- ფოტოსურათი (ფოტოსურათის გადაღება ხორციელდება საგამოცდო სამსახურში, სპეციალური ტექნიკური საშუალებების გამოყენებით);
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
- საცხოვრებელი ადგილის ამსახველი დოკუმენტი, თუ ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დოკუმენტი არ მოიცავს აღნიშნულ ინფორმაციას;
- მომსახურების გაწევისათვის კანონმდებლობით განსაზღვრული საფასურების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები;
- მძღოლთა მოსამზადებელ დაწესებულებაში სათანადო მომზადების გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი (გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა);
- მართვის მოწმობა, თუ მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე დაშვების მოთხოვნამდე მძღოლობის კანდიდატს უკვე მოპოვებული აქვს სხვა კატეგორიის ან/და ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლება. ამ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, დოკუმენტების მიღების შემდგომ, პირს უბრუნდება წარმოდგენილი მართვის მოწმობა და მისი განმეორებით, ჩასაბარებლად წარმოდგენის ვალდებულება წარმოეშვება, მხოლოდ ახალი მართვის მოწმობის გაცემის საფუძვლის წარმოშობისას;
- ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა.