თბილისის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში თვალჭრელიძის ქუჩაზე განვითარებულ პროცესებს გამოეხმაურა და განმარტა, რომ აღნიშნულ მისამართზე არსებული შენობა-ნაგებობები არის კერძო საკუთრებაში და არც მუნიციპალიტეტის და არც იქ შეჭრილი ადამიანების საკუთრებას არ წარმოადგენს. კახა კალაძემ აღნიშნა, რომ თვალჭრელიძის ქუჩაზე მიმდინარე პროცესში მერია არ მონაწილეობს, რადგან ეს მუნიციპალიტეტის საკუთრება არ არის. მანვე წარმოადგინა ფოტოები, სადაც ნაჩვენებია აღნიშნული შენობა-ნაგებობების ავარიულობა.
„მინდა კარგად ნახოთ, რა საფრთხის მქონე შენობებზეა საუბარი, გაჩვენებთ ფოტოებს. აი, აქედან მოსახლეობის იძულებით გაყვანა ყოფილა დანაშაული. გახსოვთ ის ბრალდებები, შეურაცხყოფა და თავდასხმა, რაც სულ ახლახან სადგურის მოედნის მიმდებარედ სახლის ჩამოშლას მოჰყვა. ზუსტად ის ხალხი, ვგულისხმობ ზოგიერთი მედიის
წარმომადგენლებს, ოპოზიციას, ე.წ. ექსპერტებს, ვინც ერთი კვირის განმავლობაში გვლანძღავდა იმის გამო, რატომ არ გავიყვანეთ იძულების წესით იმ კორპუსის მცხოვრებლები ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მეოთხე კატეგორიის მქონე შენობებიდან ხალხის იძულებით გაყვანა, არის დანაშაული. თანაც ეს მათი საკუთრება არ არის. ეს იგივეა თქვენს საცხოვრებელში შემოიჭრას ვინმე, მიმართოთ სახელმწიფოს და სახელმწიფომ არ იმოქმედოს“, -
განაცხადა კახა კალაძემ.
როგორც დედაქალაქის მერმა განმარტა, თვალჭრელიძის N1-ში მცხოვრები თბილისში რეგისტრირებული ცხრა ოჯახიდან მუნიციპალიტეტის შეთავაზებას მხოლოდ სამი დათანხმდა, მათგან ორი ქირით დაკმაყოფილდა, ერთს უარი ეთქვა, საკუთრებაში დაფიქსირებული უძრავი ქონების გამო. რაც შეეხება დანარჩენებს, მათ
ქირით გასვლაზე უარი განაცხადეს.
„რა შეუძლია მუნიციპალიტეტს ამ შემთხვევაში და რას სთავაზობს მოსახლეობას მერია - პირველ რიგში, ესაა ქირით უზრუნველყოფა, რასაც ჯერ კიდევ ორი წლის წინ, როდესაც აღნიშნული შენობა თვითნებურად დაიკავეს, დედაქალაქში რეგისტრირებულ ყველა პირს სთავაზობდა სამგორის გამგეობა. იყო უარი ამასთან დაკავშირებით.
მათ, ასევე, შეხვდნენ თბილისის მერიის სოციალური მზრუნველობის სააგენტოს წარმომადგენლები. გვაქვს ოქმები ამ ადამიანების ხელმოწერებით, სადაც უარს აცხადებენ ქირით გასვლაზე. თბილისში რეგისტრირებული იყო 9 ოჯახი, მხოლოდ სამმა ოჯახმა გამოთქვა თანხმობა, სამგორის გამგეობისგან მიეღოთ შეთავაზება ქირით
უზრუნველყოფაზე. სამი ოჯახიდან ორი დათანხმდა და ერთზე ვერ მოხდება ქირით უზრუნველყოფა, რადგან მას უფიქსირდება გარკვეული ქონება. შესაბამისად, ორის გაყვანის უზრუნველყოფას მოახდენს მუნიციპალიტეტი. რაც შეეხება დანარჩენ ოჯახებს, მათ არ გააჩნიათ თბილისში რეგისტრაცია, შესაბამისად თბილისის მუნიციპალიტეტი მოკლებულია ყოველგვარ ბერკეტს, ჩაერთოს მათი პრობლემის მოგვარებაში.
წარმოგიდგენთ ოქმებს, სადაც დაფიქსირებულია ქირაზე უარი, მათივე ხელმოწერებით. ასევე, სრულიად აბსურდულია ის ტყუილი, რაც მოვისმინეთ, თითქოს მერია სთავაზობს ხალხს 3 თვით ქირის გადახდას. არ მინდოდა ამ დეტალებში შევსულიყავი, თუმცა საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, არავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ ხალხი მოატყუოს. თვალჭრელიძის ქუჩაზე მდებარე კერძო ტერიტორიაზე აღრიცხულია უკანონოდ შეჭრილი 200-ზე მეტი პირი. მათგან 58 მოქალაქეს გააჩნია დევნილის სტატუსი და უმეტესობა უკვე დაკმაყოფილებულია სახელმწიფოსგან, დანაჩენებზე კი მიმდინარეობს შესაბამისი პროცესი“, - განაცხადა კახა კალაძემ.