საქართველოში დამატებით, 9 საეკლესიო დღესასწაული შესაძლოა, უქმე დღედ გამოცხადდეს. პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივით თბილისის ანჩისხატის ტაძრის მგალობელ-მომღერალთა გუნდის რეგენტმა ზაალ წერეთელმა მიმართა.

„სამოქალაქო დასვენების დღეებში ყველა მორწმუნეს (დასაქმებულს თუ დაუსაქმებელს) შესაძლებლობა ეძლევა დაუბრკოლებლად მივიდეს ეკლესიაში, დაესწროს საზეიმო წირვას და მონაწილეობა მიიღოს ეკლესიის მიერ დადგენილ დღესასწაულში. თუმცა, ყურადღების მიღმაა დარჩენილი არაერთი უმნიშვნელოვანესი საეკლესიო დღესასწაული. შვიდი მათგანი განეკუთვნება თორმეტი საუფლო დღესასწაულის კატეგორიას, ხოლო ორი - მოციქულთა სწორის და დიდი წმინდანის ხსენების დღეა. შესაბამისად, თუ ეს საზეიმო თარიღები, სამუშაო დღეს ემთხვევა, მოქალაქეები სამსახურის გამო ვერ ახერხებენ ეკლესიებში მისვლას და ღვთისმსახურებები თითქმის ცარიელ ტაძრებში აღესრულება,“ - აღნიშნულია პარლამენტისთვის გაგზავნილ წერილში.

 

ინიციატორი ითხოვს რომ უქმე დღეებად გამოცხადდეს:

ღვთისმშობლის შობა - 21 სექტემბერი;

ჯვართამაღლება - 27 სექტემბერი;

ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანა - 4 დეკემბერი;

მირქმა - 15 თებერვალი;

ხარება - 7 აპრილი;

ამაღლება - აღდგომიდან მეორმოცე დღეს;

ფერისცვალება - 19 აგვისტო;

ნინოობა - 27 იანვარი;

ნიკოლოზობა - 19 დეკემბერი.