„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით, აბიტურიენტები, რომლებიც მომავალ წელს კერძო უნივერსიტეტის სტუდენტები გახდებიან, სახელმწიფო გრანტს ვეღარ აიღებენ.

„ოცნების“ რეფორმის მიხედვით, სახელმწიფო აღარ დააფინანსებს სტუდენტს, არამედ უნივერსიტეტებში დააფინანსებს იმ ფაკულტეტს, რომელსაც თავად მიიჩნევს პრიორიტეტულად. შესაბამისად, თუ აბიტურიენტი კერძო უნივერსიტეტში ჩაირიცხება, მას სახელმწიფო გრანტი აღარ ექნება და სწავლის საფასურის გადახდა მთლიანად მისი ჯიბიდან მოუწევს.

რას ართმევს სტუდენტს „ოცნება“ და როგორი იქნება ამ კონცეფციის შედეგები? – ამ თემაზე „ბათუმელები“ განათლების მკვლევარს, ლელა ჩახაიას ესაუბრა.

  • ქალბატონო ლელა, „ოცნების“ ხელისუფლებამ მომავალ სტუდენტებს გრანტი წაართვა და ეს შეფუთა „უფასო სწავლებით“. რას კარგავენ რეალურად ამ მოდელით როგორც სტუდენტები, ასევე უნივერსიტეტები?

ყველაზე დიდი პრობლემა, რაზეც შეგვიძლია ვილაპარაკოთ, არის ის, რომ გაუგებარია რამდენ ადგილს გამოყოფს სახელმწიფო ამა თუ იმ ფაკულტეტზე საჯარო უნივერსიტეტებში. გაუგებარია, რომელი ფაკულტეტი დარჩება რომელ უნივერსიტეტში და რა კრიტერიუმებით შეირჩევა სტუდენტები.

ავიღოთ, ვთქვათ, სამართალი. თსუ სამართლის ფაკულტეტზე დაახლოებით 800 სტუდენტს იღებს ყოველწლიურად. ამ ახალი მოდელით ისევ ამდენის მიღების უფლება ექნებათ და ყველას დააფინანსებენ, თუ უფრო მეტს მიიღებენ? – ამაზე პასუხები არ გვაქვს.

  • სავარაუდოდ ნაკლების, რადგან ითქვა, რომ კონკურენცია გაიზრდება…

გამოდის, შემცირდება ჩარიცხვების რაოდენობა, რადგან ყველა რომ დააფინანსონ, ან მეტის მიღების უფლება მისცენ, მაშინ ეს დაჯდება ძალიან ძვირი და სახელმწიფო ბიუჯეტი ვერ გასწვდება. თანხის ოპტიმიზაცია უნდათ რეალურად და თანხაც რომ იყოს, იმდენ სტუდენტს ვერ მიიღებს თსუ ერთ ფაკულტეტზე, რამდენსაც რამდენიმე უნივერსიტეტი იღებდა, მაგალითად, სამართალზე. ადამიანური რესურსი არ ეყოფა უბრალოდ. ამიტომ, ეს იმას ნიშნავს, რომ სტუდენტების მიღება ამ მიმართულებით მნიშვნელოვნად შეიზღუდება, თუნდაც სამართლის ფაკულტეტზე.

  • რადგან ჯერ ადგილების რაოდენობას არ ასახელებენ, ეს ნიშნავს იმას, რომ თავადაც არ აქვთ დაანგარიშებული რეალურად რამდენი სტუდენტის მიღების უფლებას დაუტოვებენ სახელმწიფო უნივერსიტეტებს?

სავარაუდოდ, ამას არ იტყვიან ჯერ, წინააღმდეგობა რომ არ გაჩნდეს საზოგადოებაში, მაგრამ აჟღერებენ პოზიტიურ მესიჯს, რომ აი, სწავლა ყველასთვის იქნება უფასო, ვინც ჩააბარებს.

უფასო ფაკულტეტები აქამდეც იყო, მაგრამ არ იყო მოთხოვნადი.

გაუგებარია, რისი მიხედვით შეარჩევენ სტუდენტებს. თუ ბარიერს იმაზე მეტი გადალახავს, ვიდრე ადგილებია გამოყოფილი, მაშინ რა მოხდება? მხოლოდ ისეთ კატეგორიას მიიღებენ, ვინც, ვთქვათ, 100%-იან გრანტს იღებდა? ეს ნიშნავს, რომ მაშინ ძალიან შემცირდება სახელმწიფო უნივერსიტეტებში სტუდენტების მიღება.

2026 წლის ბიუჯეტის პროექტი რაც დევს, იქ არ არის მაინც და მაინც დიდად გაზრდილი განათლების დაფინანსება და ესეც მიანიშნებს, რომ მისაღები ადგილების გაზრდას არ აპირებენ.

არც იმაზე საუბრობენ, ბარიერის გადალახვა როგორ მოხდება. რამდენი ქულის აღება ნიშნავს ჩაბარებას. ამიტომ ეს არის ბუნდოვანებით მოცული საკითხი.

  • დღეს არსებული მოდელით აბიტურიენტს აქვს 3-4 უნივერსიტეტის მითითების უფლება, მაგრამ ახალი მოდელით ამის შესაძლებლობა აღარ ექნებათ ალბათ, რადგან უნივერსიტეტების არჩევის შესაძლებლობა იზღუდება, არა?

ეს უკვე გარანტირებულად ვიცით, რომ არ ექნებათ ფაკულტეტების მიხედვით უნივერსიტეტების არჩევანის შესაძლებლობა აბიტურიენტებს და ისიც, რომ თბილისში აპირებენ 60%-ზე ჩამოიყვანონ სტუდენტების რიცხვი.

ამიტომ, გარდა იმისა, რომ ფაკულტეტებს შორის არჩევანი არ ექნება ბევრს, თბილისში მოხვედრის შანსებიც მცირდება.

  • ვთქვათ, აბიტურიენტების დიდმა ნაწილმა გადაწყვიტა, რომ თბილისში არსებულ უნივერსიტეტებში ჩააბაროს, როგორ აპირებენ რეგიონების უნივერსიტეტებში ადგილების შევსებას. ხომ ვერ აიძულებენ?

კვოტირების შემცირებით. რადგან თუ თბილისში აღარ დარჩება ადგილი, მაგალითად, სამართლის ან ტექნოლოგიების ფაკულტეტზე, მაშინ იძულებული იქნება აბიტურიენტი, დარეგისტრირდეს, მაგალითად, ქუთაისის უნივერსიტეტში და ყველა ფაკულტეტი ხომ ისედაც არ იქნება თბილისში ხელმისაწვდომი.

  • ფიქრობთ, რომ რეგიონის უნივერსიტეტებს მეტ კვოტას მისცემენ და თბილისს ნაკლებს?

მთლად ასიმეტრიული ალბათ არ იქნება, მაგრამ სავარაუდოდ რაღაც მსგავსს იზამენ, რომ თბილისში შეზღუდონ ადგილების რაოდენობა და მაგალითად, ქუთაისში გაზარდონ.

ამ წუთას თბილისში ჯამურად 105 000 სტუდენტი სწავლობს და თუ უნდათ, რომ ეს პროცენტი თბილისში შეამცირონ, სავარაუდოდ, კვოტებს დააწესებენ.

აბიტურიენტები თებერვალში უკვე რეგისტრირდებიან ეროვნულ გამოცდებზე და წესით, უკვე უგვიანდებათ მათ უნივერსიტეტების არჩევანის გაკეთება. მით უმეტეს, ახლა იგებენ, რომ იმ უნივერსიტეტში, რომელიც შერჩეული ჰქონდათ, საერთოდ ვერ შეიტანენ განაცხადს. ახლა უნდა ეძებონ ეს ფაკულტეტი კერძო უნივერსიტეტებში, მაგრამ ამ შემთხვევაში აღარ აქვთ გრანტის მიღების შესაძლებლობა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბევრი აბიტურიენტი, რომელიც გრანტის იმედით აბარებდა კერძო უნივერსიტეტში, ვეღარ ჩააბარებს.

კერძო უნივერსიტეტებში მაღალია სწავლის გადასახადი და ბევრი სტუდენტი ვერ სწვდება ამ ხარჯებს. სახელმწიფო უნივერსიტეტებში მოხვედრის ალბათობა კი მცირდება. შარშან 1500 ადგილი იყო თბილისის მასშტაბით საჯარო უნივერსიტეტებში სამართლის ფაკულტეტზე, არავინ იცის რამდენს დატოვებენ.

ეს რეფორმა მართლა რომ გადასარევი და ბრწყინვალე იყოს, ასე, რამდენიმე თვეში ამის გატარება დაგეგმვის გარეშე მაინც რთული იქნებოდა. სამჯერ ჩაატარეს შეხვედრა რექტორთა საბჭოსთან. მერე ეს რექტორები უნდა შეხვედროდნენ უნივერსიტეტის წარმომადგენლებს, აკადემიურ საბჭოებს, პროფესორებს, სხვადასხვა წარმომადგენლობით ორგანოებს და ამათთან განხილვები მიმდინარეობს – არ მიმდინარეობს, არაფერი ვიცით.

  • კერძო უნივერსიტეტები რას კარგავენ ამ რეფორმით?

19 სახელმწიფო და 45 კერძო უნივერსიტეტია ამ წუთას ქვეყანაში. კერძო უნივერსიტეტები დაკარგავენ დაფინანსებას, რადგან სტუდენტი აღარ ფინანსდება. შესაბამისად, დაკარგავენ სტუდენტებსაც.

მეორე მხრივ, ითქვა, რომ მათ ექნებათ უცხოელი სტუდენტების მიღების შესაძლებლობა. მაგრამ ამ უცხოელ სტუდენტს რა უნდა, ეს არ ვიცით ჯერ. მოუნდება თუ არ მოუნდება კერძო უნივერსიტეტში სწავლა. ისინიც გაურკვეველ სიტუაციაში არიან.

  • „უფასო სწავლა“, – ამ მესიჯს ატრიალებს „ქართული ოცნება“ ძირითადად. სინამდვილეში რა ეწირება ამ „უფასო“ განათლებას?

ეს მათი სტრატეგიული სვლაა. ამიტომ არ საუბრობენ დეტალებზე. არ საუბრობენ კვოტირებაზე. რამდენი ათასისთვის იქნება უფასო, დანარჩენს რა ბედი ელის.

  • საბჭოთა კავშირის დროსაც უფასო იყო განათლება, მაგრამ მაინც მაღალი იყო კორუფცია სწორედ ამ კვოტირებების გამო. ხომ არ მივიღეთ იმავე სურათს? 

ესეც არის ერთ-ერთი კითხვა, კი. მაგრამ თუ ეროვნული გამოცდებით მიიღებენ სტუდენტებს, წესით, აქ გამჭვირვალე უნდა იყოს მიღება. პრობლემა ის უფროა, რომ რეალურად განათლების ხელმისაწვდომობას ზღუდავენ, მისაღებ ადგილებს და ფაკულტეტებს ამცირებენ.

ვის გაუჭირდება მოხვედრა უნივერსიტეტში? – ისევ იმ აბიტურიენტებს, რომლებიც ხელმოკლე ოჯახებში ცხოვრობენ და არ აქვთ შესაძლებლობა უფრო კარგად მოემზადონ. ამიტომ, პირველ რიგში ამ კატეგორიის აბიტურიენტებს დაარტყამს ეს სისტემა.

ამიტომ აჟღერებენ პოპულისტურ მესიჯებს და ამით ცდილობენ, რომ ნელ-ნელა შეაგუონ ადამიანები ამ ბუნდოვან ცვლილებებს.

batumelebi.netgazeti.ge