ჩვენთვის ცნობილია, რომ ეს არ იყო სამეცნიერო-პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებული, ეს არის კრიმინალური, საშინელი შემთხვევა , - ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, დავით გურგენიძემ პროფესორი ოთარ გელაშვილის გარდაცვალების ფაქტზე საუბრისას „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა.

დავით გურგენიძის განცხადებით, პროფესორი ოთარ გელაშვილი სტუდენტობიდან ტექნიკურ უნივერსიტეტში მუშაობდა და არასდროს ყოფილა კონფლიქტური ადამიანი.

„მინდა კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო ბატონი ოთარ გელაშვილის ოჯახს, მთლიანად საზოგადოებას, როგორც ჩემი სახელით, ასევე, უნივერსიტეტის სახელით. ოთარ გელაშვილი იყო საკმაოდ დიდი მეცნიერი, იყო პედაგოგი, მრავალი სტატიისა და მონოგრაფიის ავტორი. მოხდა კრიმინალური შემთხვევა ზუსტად 40 დღის წინ, სამუშაო საათების შემდეგ ის გაემართა ქვემო ქართლის რეგიონში და როგორც ჩვენთვის ცნობილია მოხდა ყაჩაღური თავდასხმა, იყო ძალიან მძიმედ ნაცემი. დილის 9 საათისთვის ის იყოფებოდა რუსთავის საავადმყოფოში. გაუკეთდა ურთულესი ოპერაცია, ტრეპანაცია თავის ქალაზე. იყო გადმოყვანილი საუნივერსიტეტო კლინიკაში, იყო კომატოზურ მდგომარეობაში და ძალიან სამწუხარო რამ მოხდა, გუშინ დილას გარდაიცვალა.

დაწყებულია საგამოძიებო მოქმედებები, დაკავებულია ერთი პიროვნება , რომელმაც ადამიანი მიიყვანა სიკვდილამდე. მეორე პიროვნებას მისჯილი აქვს, როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, იმავე დღეს დატოვა საქართველო. მიმდინარეობს ინტენსიური გამოძიება.

ბატონი ოთარი სტუდენტობიდან ამ უნივერსიტეტში მუშაობდა, ის იყო ერთ-ერთი უმაღლესი თანამდებობის პირი ამ უნივერსიტეტში, ის იყო სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანი. იყო უკეთილშობილესი ადამიანი და ყველას დიდის თუ პატარის მეგობარი, კონფლიქტური ადამიანი ის არ ყოფილა“, - განაცხადა დავით გურგენიძემ.