ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში არჩეულად მერობის ის კანდიდატი ჩაითვლება, რომელიც ამომრჩეველთა ხმების 50%-ზე მეტს მიიღებს.

წინააღმდეგ შემთხვევაში მერის არჩევნების მეორე ტური უნდა ჩატარდეს, რომლის ბოლო ვადაც 1-ელი ნოემბერია.

რაც შეეხება საკრებულოებს, მუნიციპალურ საკრებულოებში პროპორციული სისტემის მიხედვით მანდატს ის პარტიები მიიღებს, რომლებიც 4%-იან საარჩევნო ბარიერს გადალახავს. მაჟორიტარად კი საკრებულოში მაჟორიტობის ის კანდიდატი შევა, რომელიც შესაბამის მაჟორიტარულ ოლქში ყველაზე მეტ ხმას მიიღებს.

თბილისში მერობის 9 კანდიდატია რეგისტრირებული. დანარჩენ 63 მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულია მერობის 112 კანდიდატი, მათ შორის საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილია 4 კანდიდატი.

რაც შეეხება 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის რეგისტრირებულ საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატებს - სულ რეგისტრირებულია 2 228 კანდიდატი, მათ შორის თბილისში - 160 კანდიდატი. საინიციატივო ჯგუფების მიერ კი წარდგენილია - 32 კანდიდატი.

ამომრჩეველი ახალ მერებსა და საკრებულოებს 4-წლიანი უფლებამოსილების ვადით აირჩევს.

interpressnews.ge