„თურქეთში მედიკამენტებზე ფასების ზრდა ჩვენს ბაზარზე მყისიერად არ აისახება“ - ამის შესახებ ფარმაცევტთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ლევან გოგიბერიძემ რადიო „კომერსანტის“ ეთერში განაცხადა.

მიმდინარე წლის 25 დეკემბრიდან თურქეთში წამლების ფასები იზრდება. ეს ჩვენს ბაზარზე მყისიერად არ აისახება იმიტომ, რომ კომპანიებს გარკვეული მარაგი აქვთ. ჩვენი სექტორი მხოლოდ თურქეთზე არაა დამოკიდებული, წამლების დისტრიბუცია ხდება როგორც ევროპიდან ისე აზიიდან. თურქეთში შედარებით დაბალ ფასში იყო ევროპაში ნაწარმოები მედიკამენტი. თუ თურქეთიდან მოწოდებული მედიკამენტის ფასი ვერ ჩაჯდება რეფერენტულ ფასების ჩამონათვალში, მას ისევ სხვა ქვეყნის მედიკამენტი ჩაანაცვლებს, რომელიც ამ რეფერენტულ ფასს დააკმაყოფილებს“, - აცხადებს ლევან გოგიბერიძე.

მედიკამენტების რეფერენტულ ფასებზე საუბრისას, ფარმაცევტთა ასოციაციის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ნებისმიერ რეფორმას და ახლის დანერგავს გარკვეული ხარვეზები და წინააღმდეგობები აქვს, თუმცა „სექტორი რეფორმას მიყვება და წარმატებით მიდის“.

„რეფერენტული ფასები აპრობირებული მეთოდია ევროპის ქვეყნებში და აბსოლუტურად მისაღებია ჩვენი კომპანიებისთვის. ნებისმიერ რეფორმას და ახლის დანერგავს გარკვეული ხარვეზები და წინააღმდეგობები აქვს. სექტორი მიყვება რეფორმას და მიდის წარმატებით. გუშინ ახალი მედიკამენტები დაემატა მედიკამენტების სიას და 5 000-მდე გაიზარდა იმ მედიკამენტების ჩამონათვალი, რომელიც რეფერენტულ ფასებს ექვემდებარება“, - განაცხადა ლევან გოგიბერიძემ.