მოუწევთ თუ არა ავტომობილების მფლობელებს ზეთის შესაცვლელად ქალაქიდან გასვლა და ჩატარდა თუ არა ამ მიმართულებით შესაბამისი კვლევა, დეტალურ ინფორმაციას არ ფლობს საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარე დავით მესხიშვილი, რომელიც რადიო „კომერსანტის“ ეთერში აღნიშნავს, რომ ბოლო პერიოდში მსგავს საკითხების არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად განხილვა აღარ ხდება.
„ძალიან დიდი ხანია, არასამთავრობო სექტორი არ ყოფილა ჩართული იმ ცვლილებებში, რომლებიც ბოლო პერიოდში განხორციელდა. თუნდაც ცვლილება, რომელიც ზეთის გამოცვლის მიზნით ქალაქიდან გასვლას ითვალისწინებს, დაკავშირებული უნდა იყოს საგზაო უსაფრთხოებასთან. საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევები 4-5-ჯერ მეტია, ვიდრე საშუალო ევროპული მაჩვენებელია. საგზაო უსაფრთხოებაში სულ 2-3 ორგანიზაცია ვართ, თუმცა, არანაირი კონსულტაცია არ ყოფილა ამ მიმართულებით. ბოლო პერიოდში გადაწყვეტილებები ასე პირდაპირ ქვეყნდება და წინ არ უსწრებს რაიმე კვლევა, განხილვა, ზოგადად, არ მიმდინარეობს დიალოგი. ერთი რამ შემიძლია ვთქვა, რომ სფერო ნამდვილად დასარეგულირებელია, მაგრამ რისკები არის შესაფასებელი. ეს პირველ რიგში ეხება ნაწილებისა და სერვისის გაძვირებას. ნაწილების ხარისხს კონტროლი უნდა, მაგრამ რას გამოიწვევს ცვლილებები, თუ არის შეფასებული, მეც მაინტერესებს“, - აცხადებს დავით მესხიშვილი.
მისი თქმით, პირველი, რასაც ევროდირექტივა ითვალისწინებს, ავტოსერვისების ლიცენზირებაა, რაც ნიშნავს იმას, რომ ბაზარზე მხოლოდ კვალიფიციური სერვისები დარჩება, თუმცა, ამ საკითხზე დამატებით ინფორმაციას ის არ ფლობს.