7 წლის პაციენტს, რომელსაც წინაგულთაშუა ძგიდის დეფექტი დაუდგინდა, „ნიუ ჰოსპიტალსის კარდიოლოგებმა ლიკა კაპანაძემ და ეკა კაპანაძემ მკურნალობის შედარებით ახლად დამკვიდრებული -  ენდოვასკულური (არაქირურგიული) მეთოდით უმკურნალეს, რომლის დროსაც აღარ არსებობს გულმკერდის ღრუს გახსნასთან დაკავშირებული რისკები, შემცირებულია რეაბილიტაციის ხანგრძლივობისა და საავადმყოფოში ყოფნის პერიოდი.

„კომერსანტი“ „ნიუ ჰოსპიტალსის“ კარდიოლოგებს - ლიკა კაპანაძესა და ეკა კაპანაძეს წინაგულთაშუა ძგიდის დეფექტის მკურნალობის თანამედროვე მეთოდზე, მის უპირატესობებსა და ახლახან „ნიუ ჰოსპიტალსში“ 7  წლის პაციენტისთვის ჩატარებულ წინაგულთაშუა ძგიდის დეფექტის არაქირურგიული დახურვის მეთოდის შესახებ ესაუბრა, რომელიც წარმატებით, ყოველგვარი გართულების გარეშე ჩატარდა. პროცედურიდან 2 დღეში 7 წლის ანდრია სახლში გაეწერა და ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა.

რამდენად ხშირია ბავშვებში გულის თანდაყოლილი პათოლოგიები და კონკრეტულად წინაგულთაშუა ძგიდის დეფექტი?

ლიკა კაპანაძე, კარდიოლოგი: წინაგულთაშუა ძგიდის დეფექტი არის გულის თანდაყოლილი პათოლოგია, რომელიც თანდაყოლილი მანკის მქონე პაციენტების 10-15%-ში გვხვდება, ყველაზე ხშირი გულის თანდაყოლილი ანომალიაა, რომელიც ბავშვთა ასაკში შეუმჩნევლად მიმდინარეობს, ამიტომ ეს პათოლოგია გვხვდება არა მხოლოდ ბავშვებში, ასევე დიდებში. წინაგულთაშუა ძგიდის დეფექტი ზოგჯერ შეიძლება იყოს შეძენილიც, როდესაც სხვადასხვა მანიპულაციის დროს წინაგულთაშუა ძგიდეზე დეფექტის შექმნა ხელოვნურად (მაგალითად არითმიის გამო ჩატარებული აბლაციის შემდეგ, მიტრალური სარქვლის ბალონირება ან მიტრალურ სარქველში არაქირურგიული გზით სარქვლის იმპლანტაციის, მარცხენა წინაგულის ყურის არაქირურგიული გზით დახურვის შემდეგ) ხდება. დღევანდელი ჩვენი საუბარი შეეხება  წინაგულთაშუა ძგიდის დეფექტს, როგორც გულის თანდაყოლილ ანომალიას.

ამ პათოლოგიის მკურნალობის რა მეთოდები არსებობს და თქვენ რომელს ანიჭებთ უპირატესობას?

ეკა კაპანაძე, კარდიოლოგი: არსებობს წინაგულთაშუა ძგიდის დეფექტის ქირურგიული და არაქირურგიული დახურვის მეთოდი. ქირურგიული მეთოდის დროს, როდესაც ქირურგი აღადგენს ძგიდის მთლიანობას, ხდება პაციენტის გადაყვანა სისხლის ხელოვნურ მიმოქცევაზე, რაც გულისხმობს იმას, რომ სისხლის მიმოქცევას სპეციალური აპარატი უზრუნველყოფს.

არაქირურგიული გზით დეფექტის დახურვა კი ხდება ბარძაყის ვენიდან ერთი ნაჩხვლეტის მეშვეობით სპეციალური იმპლანტის - ოკლუდერის შეყვანით. დეფექტის დახურვა მომუშავე გულზე ხდება და არ საჭიროებს სისხლის ხელოვნურ მიმოქცევას და ბევრად უფრო ხანმოკლე ანესთეზიაა. ამ დროს ქირურგიული მკურნალობისგან განსხვავებით, გულმკერდის ღრუ არ იხსნება და, შესაბამისად, გულმკერდის ღრუს გახსნასთან დაკავშირებული ისეთ რისკებიც არ გვაქვს როგორიცაა: დრენაჟების არსებობა, გულმკერდის ჭრილობა და მისი დამუშავების აუცილებლობა და ჭრილობის ინფექციის რისკი (პაციენტს აქვს მხოლოდ ნაჩხვლეტი საზარდულის მიდამოში), რაც რეაბილიტაციის ხანგრძლივობას და საავადმყოფოში ყოფნის პერიოდს ამცირებს.

პაციენტი, არაქირურგიული ჩარევის შემთხვევაში, პროცედურის მეორე დღეს ეწერება სახლში და აგრძელებს ცხოვრების ჩვეულ რიტმს. რა თქმა უნდა, თუ  შესაბამისი კვლევების საფუძველზე ექიმ-სპეციალისტის მიერ (ინტერვენციული კარდიოლოგის მიერ) გადაწყდა რომ, პაციენტი ამ მეთოდით დახურვის კანდიდატია, საქართველოში, როგორც მთელ მსოფლიოში, უპირატესობა არაქირურგიული გზით დახურვას ენიჭება.

7 წლის ანდრიას რა დიაგნოზი დაუდგინდა, რატომ აირჩიეთ, ამ შემთხვევაში, მკურნალობის არაქირურგიული მეთოდი?

ლიკა კაპანაძე, კარდიოლოგი: ანდრიას დაუდგინდა წინაგულთაშუა ძგიდის დეფექტის დიაგნოზი, დეფექტი უკვე იწვევდა გულის გადატვირთვას, რაც ნიშნავს იმას, რომ გულის გარკვეული ნაწილები მის ასაკთან შედარებით გადიდებული იყო. ვინაიდან, ამ დაავადების დროს არის  გაზრდილი ნაკადი ფილტვებში, მარტივად რომ ვთქვათ, ფილტვებში მიდის იმაზე მეტი სისხლი, ვიდრე უნდა მიდიოდეს. ამას დროთა განმავლობაში შეიძლება ფილტვის დაზიანება გამოეწვია. როდესაც გადავწყვეტთ ამ მეთოდით მკურნალობას ყურადღება ექცევა არა მხოლოდ მილიმეტრებში დეფექტის ზომას, არამედ პაციენტის წონას, სიმაღლეს, ასაკს, დეფექტის მდებარეობას (გულის რომელ სარქველთან ან სტრუქტურასთან არის სიახლოვეში), თვითონ ამ დეფექტის კიდეებს რასაც უნდა მოეჭიდოს იმპლანტი. პაციენტს ჩაუტარდა სპეციალური ექოკარდიოგრაფიული კვლევა, სადაც დადგინდა რომ, რომ ამ დეფექტის დახურვა წარმატებით იქნებოდა შესაძლებელი არაქირურგიული გზით.

როგორ მიდის ანდრეას პოსტოპერაციული პერიოდი და რამდენ ხანში დაუბრუნდება ის ცხოვრების ჩვეულ რიტმს?

ეკა კაპანაძე, კარდიოლოგი: ანდრიას პოსტ პროცედურულმა პერიოდმა ჩაიარა ძალიან კარგად. პაციენტი მეორე დღეს გაეწერა ბინაზე. ეს პროცედურა არის ბევრად უფრო ხანმოკლე, ვიდრე ჩვეულებრივი ქირურგიული ჩარევა. ამ მანკის დროს, პაციენტი იმავე დღეს არის პალატაში მშობელთან და არ საჭიროებს რეანიმაციულ განყოფილებაში დაყოვნებას და მეორე დღეს მიდის სახლში. პაციენტს მხოლოდ საზარდულის მიდამოში აქვს დაახლოებით ისეთივე ნაჩხვლეტი, როგორიც გქონიათ ვენიდან სისხლის აღების შემდეგ. სხვა რაიმე განაკვეთი არ აღენიშნება. განსაკუთრებული კვების ან მოვლის რეჟიმს არ საჭიროებს. გაწერის მეორე დღეს შეუძლია წავიდეს სკოლაში. ამ პროცედურის ჩატარებიდან 6 თვის განმავლობაში მხოლოდ ასპირინი ინიშნება. თუ კი პაციენტი დაკავებულია პროფესიული სპორტით, ამ პროცედურიდან 6 თვის შემდეგ შეუძლია, დაუბრუნდეს პროფესიულ სპორტს.

ერთ-ერთი ხშირი კითხვა რასაც მშობლები სვამენ პროცედურამდე, საჭიროებს თუ არა ოკლუდერი გამოცვლას ბავშვის ზრდის პერიოდში. ამ კითხვაზე პასუხია არა. პაციენტი დეფექტში იმპლანტირებული ოკლუდერი გამოცვლას არ საჭიროებს, დახურვიდან 6 თვის განმავლობაში ოკლუდერი იფარება გულის ქსოვილით.

ასეთი პაციენტების ცხოვრების წესი თუ განსხვავდება ჯანმრთელი ბავშვის ცხოვრების რიტმისგან და რა რჩევები და რეკომენდაციები გაქვთ ასეთი პაციენტებისა და მათი მშობლებისთვის?

ლიკა კაპანაძე, კარდიოლოგი: პაციენტის ცხოვრების წესი ამ პროცედურის შემდეგ ჯანმრთელი ადამიანის ცხოვრების წესისგან არ განსხვავდება. რჩევა რაც შემიძლია მივცე მშობლებს არის ის რომ, როდესაც გაიგებთ რომ თქვენს პატარას აქვს წინაგულთაშუა ძგიდის დეფექტი და ეს დეფექტი საჭიროებს ჩარევას იცოდეთ, რომ ამ პრობლემის მოგვარების სხვადასხვა გზა არსებობს, არ აჰყვეთ ნერვიულობას, შიშს, შფოთვას და საღი გონებით თქვენს ექიმთან ერთად შეარჩიეთ მკურნალობის საუკეთესო მეთოდი. ეს ის დაავადებაა, რომელიც სრულად განკურნებადია!