თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოვაჭრეებს შეხვდა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო სადგურის მოედნის მიმდებარედ არსებულ ბაზრობაზე გუშინ გაჩენილი ხანძრის შედეგებსა და დაზარალებულების წინაშე არსებულ პრობლემებს.
ვიცე-მერმა მოვაჭრეებისგან მოისმინა ინფორმაცია მათი საჭიროებების შესახებ.
შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ დაზარალებულები მერიას მიაწვდიან უფრო ზუსტ ინფორმაციას დამწვარი ტერიტორიის ფართობის, დაზარალებულების რაოდენობისა და ზარალის ოდენობის შესახებ.
„ბევრი ხალხი ვართ დაზარალებული. ზარალი ძალიან დიდია. ირაკლი ხმალაძესთან შეხვედრით ძალიან კმაყოფილები ვართ. დიდ იმედებს ვამყარებთ. მჯერა, რომ შეხვედრას გარკვეული შედეგი მოჰყვება“, - განაცხადა ბაზრობა „ბაქანის“ მენეჯერმა მზია ბუჩუაძემ შეხვედრის შემდეგ.
ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს