თბილისში, მართალია, ბერლინის მსგავსად მუზეუმების კუნძული არ გვაქვს, მაგრამ ქალაქის ცენტრში აქაც ერთი ხელის გაწვდენაზეა: სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი, საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმი, თბილისის ისტორიის მუზეუმი - „ქარვასლა“, ეროვნულ გალერეა და ხელოვნების მუზეუმი, სადაც ყველა გემოვნების ხელოვნებით დაინტერესებული დამთვალიერებელი იპოვის თავის მხატვარს, ექსპონატსა და არტეფაქტს - არქეოლოგიიდან, ნუმიზმატიკიდან, აღმოსავლური კოლექციებიდან და კოლხური ოქროდან დაწყებული, ფიროსმანით, დავით კაკაბაძით და თანამედროვე ქართველი მხატვრებით დამთავრებული.
თბილისსა და რეგიონებში ეროვნული მუზეუმის შემადგენლობაში მყოფი 17 მუზეუმის, მათ შორის ეთნოგრაფიული მუზეუმის, ბილეთის ფასი ზრდასრულებისთვის 15 ლარია; მოსწავლეების, სტუდენტებისა და პენსიონერებისთვის - 2 ლარი. გიდის მომსახურება 30-დან 80 ლარამდე ღირს, ექსკლუზიური ტური წინასწარი ჩაწერით - 250 ლარი.
თბილისში მუზეუმების კიდევ ერთი „კუნძული“ - თბილისის მუზეუმების გაერთიანებაა, რომლის შემადგენლობაშიც 12 სახლ-მუზეუმია, მათ შორის ილია ჭავჭავაძის, გალაკტიონ ტაბიძის, ნიკოლოზ ბარათაშვილის, ზაქარია ფალიაშვილისა და მიხეილ ჯავახიშვილის მემორიალური მუზეუმები. მე თუ მკითხავთ, ხშირად, სახლ-მუზეუმებში მეტი სიმყუდროვე და ინტიმური გარემოა და ხშირად, ექსპოზიციის ნახვისას, ასეთ მუზეუმებში უფრო დიდი სიამოვნება მიმიღია, ვიდრე დიდ დარბაზებში. თბილისის მუზეუმების გაერთიანების შემადგენლობაში მყოფი მუზეუმების ბილეთის ფასი ზრდასრულებისთვის 10 ლარია, მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის - 2 ლარი, გიდის მომსახურება - 20 ლარი, აუდიოგიდი 10 ლარი ღირს. თუ თქვენც ჩემსავით გიყვართ პატარა სახლ-მუზეუმები, გირჩევთ არ გამოგრჩეთ - მხატვარ ელენე ახვლედიანის სახლ-მუზეუმი ქიაჩელის და ფიროსმანის მუზეუმი - ფიროსმანის ქუჩაზე.
ხელოვნების სასახლეში, სადაც ძვირფასი ხელნაწერები, თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიული კოსტიუმებია გამოფენილი, ბილეთის ფასი - 2-დან 5 ლარამდეა;
თბილისის ილუზიების მუზეუმში, რომელიც სტუმრებს საოცარ ვიზუალურ, სენსორულ და შემეცნებით გამოცდილებას ჰპირდება, შესვლა ზრდასრულებისთვის 31.5 ლარი ღირს, მოსწავლეებისთვის - 23.5 ლარი, სტუდენტებისთვის - 26.5 ლარი. ილუზიების მუზეუმში დაუვიწყარი გამოცდილების გარდა, ძალიან საინტერესო და სახალისო ფოტოების გადაღებასაც შეძლებთ.
ამ ჩამონათვალის გარდა, თბილისში კიდევ ათეულობით კერძო გალერეაა, რომლებიც ქართველი და უცხოელი ხელოვანების ნამუშევრებს და ფენენ. ამ ექსპოზიციების დათვალიერებას, რა თქმა უნდა, უფასოდ შეძლებთ.
გაითვალისწინეთ, ისევე როგორც მსოფლიოს სხვა ქალაქებში, მუზეუმებისა და გალერეებისთვის ორშაბათი უქმე დღეა.