Tasteatlas-მა საუკეთესო ქათმის კერძების რეიტინგი გამოაქვეყნა. მსოფლიოში რჩეულ საუკეთესო ქათმისგან მომზადებულ კერძებში 3 ქართული მოხვდა. ათეულში მე-6 პოზიციაზეა - წიწილა ტაბაკა, მე-16-ზე - ჩახოხბილი და 39-ზე - შქმერული.

შქმერულზე Tasteatlas-ი წერს, რომ ის საქართველოდან წარმოშობილი ქათმის ტრადიციული კერძია. მთლიანი ქათამი ორივე მხრიდანაა შემწვარი. სოუსის მოსამზადებლად ცალკე ურევენ დაჭრილ ნიორს, კარაქს და რძეს.

მისი სერვირება ტრადიციულად თიხის ჭურჭელში ხდება, რომელსაც კეცი ჰქვია.

კულინარიული გზამკვლევი წერს, რომ ჩახოხბილის შემთხვევაში მთლიანი ქათამი ნაწილებად იჭრება და იხარშება ხახვთან, პომიდორთან, ნიორთან და სანელებლებთან ერთად. კერძს სქელი კონსისტენცია აქვს და ჩვეულებრივ მიირთმევენ ცხლად, სასურველია მორთოთ ახლად დაჭრილი ქინძით.

Tasteatlas-ი იმასაც წერს, რომ მისი სახელწოდება ქართული სიტყვა ხოხობიდან მომდინარეობს, რაც იმას ნიშნავს, რომ ადრე მას ქათმის ნაცვლად ხოხბისგან ამზადებდნენ.

ათეულში მოხვედრილი „ქათმის ტაბაკა პოპულარული ქართული კერძია. შესაწვავად გამზადებული ქათამი უნდა გააბრტყელოთ ტაფაზე. Tasteatlas-ი წერს, რომ ის ისე უნდა შეიწვას, რომ ქათამი გარედან ხრაშუნა იყოს, შიგნიდან კი შეინარჩუნოს სინაზე და ტენიანობა. კერძს ხშირად ტყემლის ან ქლიავის სოუსით მიირთმევენ.