რატომ არის სასკოლო კვება მნიშვნელოვანი, ამის შესახებ, რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში, „განათლების უფლება“განათლების კოალიციის ხელმძღვანელმა გიორგი ჭანტურიამ ისაუბრა. მისი თქმით ერთის მხრივ არიან ბავშვები, რომლებიც სკოლაში შიმშილობენ, და მშიერი ბავშვები კარგად ვერ ისწავლიან და მეორე მხრივ სკოლა არის საზოგადოების ნაწილი და სკოლის დანიშნულება განათლების მიცემის გარდა არის მოსწავლის სოციალიზაცია და ბევრი სხვა რამ.

„ძალიან ბევრ ქვეყანაში თითქმის 90%-ში სხვადასხვა ფორმით და დოზით კვების პროგრამები ხორციელდება. ეს არის ყველაზე დიდი სოციალური პროგრამა მთელ მსოფლიოში, რომელსაც  გავლენა აქვს უამრავ რამეზე, პირველი ეს არის ჯანმრთელობის მიმართულება, მეორე ეს არის განათლების მიმართულება, კვებას მოსწავლეების აკადემიურ მოსწრებაზე აქვს გავლენა და ახდენს ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას. ასევე უამრავ ქვეყანაში ეს კვების პროგრამები დაიწყეს სოფლის მეურნეობის და ადგილობრივი მოსახლეობის მხარდაჭერის მიზნით“ - აღნიშნა გიორგი ჭანტურიამ.

ჭანტურიას თქმით მსოფლიო სურსათის ორგანიზაციის დოკუმენტში ასახულია თუ როგორ უწყობს ხელს სასკოლო კვების პროგრამები  მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებას.

„ამ კვლევებში ძალიან კარგი მაგალითები იყო მტკიცებულებებად მოყვანილი, რომ იქ სადაც სასკოლო კვების  პროგრამები ხორციელდება, ამას დიდი გავლენა აქვს იმ თემის განვითარებაზე და ვხედავთ რომ თუ იქ მზადდება პროდუქტი, რომელსაც სკოლა მოიხმარს ამით თემიც ხეირობს. მაგალითად აშშ-ში ჯანდაცვით და განათლებით გამოწვეული მიზეზების გარდა იმიტომ დაიწყეს სასკოლო კვების პროგრამები,რომ ამას თან ახლდა თემის და ეკონომიკის გაძლიერება“ - აღნიშნა გიორგი ჭანტურიამ.