პურის მრეწველთა კავშირის თავმჯდომარე ,,კომერსანტთან’’ აცხადებს, რომ ქვეყანაში პურისა და პურპროდუქტების მოხმარებამ იკლო. მალხაზ დოლიძე განმარტავს, რომ მიზეზი ბაზარზე სხვა პროდუქტების სიჭარბე გახდა. მათ შორის ისეთი პროდუქტებს, რომლებიც პურის ჩამნაცვლებლებია.

,,პურის მოხმარება სოციალური ბარომეტრივით არის. როდესაც სხვა პროდუქტების სიჭარბეა, პურპროდუქტები ნაკლებად იყიდება. გაყიდვებს პერიოდებიც აქვს. პური ზამთარში მეტი იყიდება. როცა შემოდის ბაღჩეული, მაშინ უკვე ნაკლები იყიდება. გაყიდვას პიკებიც აქვს. მაგალითად ახალი წელი, როცა ყველას უნდა მოიმარაგოს. ადრე საქართველოს სჭირდებოდა დაახლოებით 800-900 ათასი ტონა. ახლა მოხმარება ფიქსირდება 700 ათასი ტონა. თბილისი ადრე თუ მოიხმარდა 420 ტონა პურს, ახლა 300 ტონა პური იყიდება.აზარზე სხვა პროდუქტების სიჭარბეა. მაღაზიებში არის ფქვილოვანი ნაწარმი, ასევე ყველა ფეხის ნაბიჯზე არის საცხობი და ცომეული იყიდება. ამან განაპირობა.’’- აცხადებს მალხაზ დოლიძე.

ქვეყანაში ყველაზე მეტად პირველი ხარისხის, ბატონის ტიპის პური იყიდება. პურის მრეწველთა კავშირის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ბოლო პერიოდში შავ და ჭვავის პურებზე მოთხოვნის ზრდა შეინიშნება.

,,საქართველოში ტრადიცია გვაქვს, რომ მოთხოვნაა მაღალია, პირველი ხარისხის პურზე, რომელიც ყველაზე მეტად იყიდება. ამ ბოლო დროს იყიდება შავი და ჭვავის პური. დიეტური პურებიც არის. ვისაც შაქარი აქვს, მათთვის ნაკლებ ნახშირწყლებიანი პური იყიდება, მაგრამ ძირითადად ქართველი ხალხის რაციონში პირველი ხარისხის პურია. ადამიანები ძირითადად ბატონის ტიპის პურს, (ქვის პურს ეძახიან) მოიხმარენ. შავ პურზე მოთხოვნა არის და ბევრი მოიხმარს.’’- აცხადებს მალხაზ დოლიძე.