„საქართველოში ავარიებით 100 ათას ადამიანზე 12 კაცი იღუპება, მაშინ როდესაც ევროპის საშუალო მაჩვენებელი ამის ნახევარია,“ - ამის შესახებ რადიოგადაცემაში „თქვენი დრო“ საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის თავმჯდომარემ ეკა ლალიაშვილმა ისაუბრა.
საუბრისას ლალიაშვილმა ყურადღება გაამახვილა იმ ძირითად მიზეზებზე, თუ რა იწვევს ავტოსაგზაო შემთხვევებს, ერთ-ერთ მთავარ მიზეზად კი ისევ სიჩქარის გადაჭარბება სახელდება.
„საქართველოს „საგზაო უსაფრთხოების სტრატეგია 2022-2025 წელი“ აქვს. ავარიებით, საქართველოში 100 ათას ადამიანზე 12 კაცი იღუპება, მაშინ როდესაც ევროპის საშუალო მაჩვენებელი ამის ნახევარია, ხოლო საუკეთესო მაჩვენებელი 3-4 ადამიანს მოიაზრებს. ეს საკითხი მეტად კომპლექსურია, რადგან ეს არ არის ერთი მიმართულების და უწყისის საქმე, ეს სახელმწიფოს და საზოგადოების თანამშრომლობის საკითხია. ვაკვირდებით ტენდენციებს, როგორ ვითარდება სტატისტიკა, როგორ იცვლება ადამიანთა ქცევა. ბოლო წლებს თუ შევხედავთ, დაახლოებით 430 ადამიანი იღუპება წლიურად. სტატისტიკა შესაძლოა, 1%-ით ან 2%-ით იყოს გაუმჯობესებული ან გაუარესებული. ამ მონაცემით ვერ ვიტყვით, რომ რადიკალურად გაიზარდა ან შემცირდა. ეს სიგნალია იმისა, რომ უფრო აქტიურად ვიმოქმედოთ.
გლობალური წამოწყება, რაც არის გაეროს და მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის, გვეუბნება, რომ 10 წლის განმავლობაში უნდა გავანახევროთ ლეტალობა და მძიმე დაშავება გზებზე. 2020 წელს დასრულდა პირველი დეკადა ახლა არის მეორე დეკადა, ქვეყნის საგზაო უსაფრთხოების სტრატეგიით, 2025 წლის ბოლოს მსგავსი შემთხვევები 25%-ით უნდა იყოს შემცირებული.
მართალია ციფრებით ვსაუბრობთ, მაგრამ თითოეული ადამიანი თითოეული ისტორია და ტრაგედიაა, ამის ერთ წელში და ერთ დღეში მოგვარება შეუძლებელია. რთულია ეს ცვლილება სწრაფად მოხდეს, დეკადა გრძელდება, შემდეგი წლების განმავლობაში აქტიური მოქმედებაა საჭირო. ვხედავთ სტატისტიკას - მუდმივად იზრდება სიჩქარის გადაჭარბებით სიკვდილიანობა. 2023 წლის სტატისტიკით სიჩქარის გადაჭარბებით მილიონ ორასი ათასი ჯარიმაა გამოწერილი, წინა წელს შეიძლება ოდნავ ნაკლები, მაგრამ ერთ-ერთი ლიდერია სიჩქარის გადაჭარბება. მაშინ როდესაც წლის დასაწყისში მართვის მოწმობებზე 1.5 მლნ-ზე მეტი ქულა არის დარიცხული , წლის ბოლოს ვხედავთ, რომ 200-300 ადამიანს მთლიანად გაუნულდა, რაც ნიშნავს, რომ ძალიან აგრესიული მძღოლები არიან. ქულების მონიტორინგი გზაზე საპატრულო პოლიციის მეშვეობით ხდება და არა ვიდეოკამერის, შესაბამისად როგორ უნდა მოახერხო, რომ პატრულმა წლის განმავლობაში 5-6-ჯერ დაგაჯარიმოს,“ - აღნიშნა ლალიაშვილმა.
წყარო: bpn.ge