„ზარალი, რომელიც დიდთოვლობამ მოიტანა დასავლეთ საქართველოში, განსაკუთრებით კი გურიის მხარეში, როგორც ჩანს, კიდევ საკმაო ხანს იქნება საქართველოს მთელი საზოგადოების სატკივარი და აღმოსაფხვრელი. ჩვენ, საქართველოში აკრედიტებულმა უცხო ქვეყნების საპატიო კონსულებმა, მიმდინარე ეტაპზე, შევძელით და გარკვეული ოდენობის ფინანსური დახმარება მივმართეთ სტიქიით დაზარალებულ ჩოხატაურის რაიონში. ამ ქმედებას, პირველ რიგში, განვიხილავთ, როგორც სოლიდარობის აქტს და დარწმუნებული ვართ, რომ მსგავსი ფაქტები, მთლიანობაში, თავის მნიშვნელოვან სიტყვას იტყვის ამ საკმაოდ რთული სტიქიის შედეგების სრულად ლიკვიდაციის საქმეში“, - აცხადებს საპატიო კონსულთა ასოციაციის ხელმძღვანელი, თემურ ჭიჭინაძე.
მისი თქმით, სტიქიის მოძალების პირველივე დღეებიდანვე, საპატიო კონულთა ასოციაციის წევრებს შორის გაჩნდა დაზარალებულთა ქმედითი დახმარების სურვილი. გარკვეული კონსულტაციების შედეგად გადაწყდა, რომ ასოციაციის ფორმატში შეგროვებულიყო ფინანსური რესურსი და ის გადაცემოდა გურიის რეგიონს სტიქიის შედეგების ლიკვიდაციასთან საბრძოლველად.
„დიდთოვლობამ განსაკუთრებით დააზარალა მაღალმთიანი ჩოხატაურის რაიონი და ჩვენი ძალისხმევით მობილიზებული 25 000 ლარი, რეგიონის ხელმძღვანელობასთან გაწეული კონსულტაციის კვალდაკვალ, სწორედ ამ რაიონის გამგეობას გადაეცა. დარწმუნებული ვართ, ადგილზე მათ უკეთ უწყიან, სად იქნება ამ ფინანსური რესურსის ეფექტიანად გამოყენება ყველაზე საჭირო და სასწრაფო და ეს რესურსი კონკრეტული ადამიანების კონკრეტული პრობლემების გადაჭრას უზრუნველჰყოფს“, - აღნიშნა ასოციაციის ხელმძღვანელმა.
თემურ ჭიჭინაძის განცხადებით, საქართველოში უცხო ქვეყნების საპატიო კონსულთა ასოციაცია, გარდა საკუთრივ წესდებით გაცხადებული მიზნებისა, ყოველთვის გულისყურით აკვირდება მიმღებ ქვეყანაში, ანუ საქართველოში მიმდინარე საზოგადოებრივ-ეკონომიკურ პროცესებს. „ასოციაციის ფორმატისა და მანდატის გათვალისწინებით, ჩვენ მუდამ ვცდილობთ, ჩართული ვიყოთ საქართველოში მიმდინარე მოვლენებში და პოზიტიური როლი შევასრულოთ ჩვენი წარმდგენი ქვეყნების მთავრობებსა და საქართველოს ოფიციალური სტრუქტურებსა და მთლიანად საზოგადოებას შორის ურთიერთობაში“, - განაცხადა თემურ ჭიჭინაძემ.
საქართველოში მოქმედ საპატიო კონსულთა ასოციაცია 2015 წლიდან ფუნქციონირებს და მისი მისია არის ორგანიზაციის წევრ კონსულთა კონსოლიდირებული ძალისხმევა მოახმაროს მათ წარმდგენ ქვეყნებსა და საქართველოს შორის კულტურულ-სოციალური ხასიათის კონტაქტების დამყარებასა და გამყარებას, რათა მხარეები მუდმივად ფლობდნენ განახლებად და სრულ ინფორმაცია, თუ რა პრიორიტეტები და შესაძლებლობებია საქართველოში და მათ წარმდგენ ქვეყნებში.