იურისტმა, სამოქალაქო უფლებების სპეციალისტმა გვანცა ჟორჟოლიანმა რადიო „კომერსანტის“ ეთერში სამშენებლოს ამნისტიის შესახებ ისაუბრა. მან განმარტა, თუ კონკრეტულად რომელ შენობებს შეეხებათ ამნისტია. 

„სამშენებლო ამნისტია შეეხება საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომლებიც ცხოვრობენ სხვადასხვა რაიონებში, (თბილისის გარდა) ფლობს ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლს, რომელსაც არ აქვს სამშენებლო ნებართვა, შესაბამისად, არ არის მიღებული ექსპლუატაციაში. ან მაგალითად ფლობს ისეთ ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლს, რომელიც აშენებულია მშენებლობის ნებართვის  დარღვევით და არ არის ექსპლუატაციაში მიღებულია. 

ასევე ყველა იმ მოქალაქეს, რომელიც ფლობს ისეთ ინდივიდუალურ საცხოვრებელს სახლს, რომელიც მემკვიდრეობით გადაეცა და ეს სახლი ათეული წლისაა, შესაბამისად, როდესაც ის სახლი აშენდა, არ არსებობდა სამშენებლო ნებართვა. 

საბჭოთა კავშირის დროს ხშირი იყო ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების კანონდარღვევით აშენების ფაქტები. თვითნებური მშენებლობების აღსაკვეთად შესაბამისი რაიონების აღმასკომების მიერ შესაბამისი ზომების დროულად გაუტარებლობის გამო იზრდებოდა იმ სახლების რიცხვი, რომელთაც არ ჰქონდათ არანაირი სამშენებლო ნებართვა ან სამშენებლო ნებართვის დარღვევით მიმდინარეობდა“, - განაცხადა გვანცა ჟორჟოლიანმა. 

მისი თქმით, აღნიშნული ამნისტია დაახლოებით 1 მილიონ ადამიანს შეეხება. 

„სამშენებლო ამნისტია შეეხება ყველა იმ შენობას, რომელიც აშენებულია ან დასრულდება მისი მშენებლობა 2024 წლის 1-ელ იანვრამდე. საქართველოს რეგიონებში 791 585 მიწის ნაკვეთია, სადაც რეალურად შენობა-ნაგებობა არსებობს, თუმცა რეესტრში ეს ნაგებობები არ არის რეგისტრირებული. 

დაახლოებით საუბარია მილიონ ადამიანზე, რომელმაც აუცილებლად უნდა მიმართოს მარეგისტრირებელ ორგანოს. პროცედურა იქნება ძალიან მარტივი“, - აღნიშნა იურისტმა. 

მან ასევე განმარტა პროცედურები, რომლებიც მოქალაქეებმა ამნისტიის მისაღებად უნდა გაიარონ. 

„მსგავსი ტიპის ქონების რეგისტრაცია იქნება სრულიად უფასო. მოსახლემ უნდა წარადგინოს მომიჯნავე ორი მიწის ნაკვეთის მესაკუთრეების თანხმობა და დასტური ან არამომიჯნავე 3 მიწის ნაკვეთის მესაკუთრეების თანხმობა და ორთოფოტო. მათ ასევე შესაძლებელია დასჭირდეთ მუნიციპალიტეტში არსებული ინფორმაციის ამოღება, რომელსაც ასევე მარტივად შეძლებენ და შემდეგ ამ ყველა დოკუმენტის დართვით მარეგისტრირებელ ორგანოში საჭირო იქნება განცხადების დაწერა“, - აღნიშნა გვანცა ჟორჟოლიანმა.