ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ასპარტამი სავარაუდო კანცეროგენური ნივთიერებების სიაში შეიტანა, თუმცა მისი უსაფრთხო გამოყენების ზღვარი უცვლელად დატოვა.

რა არის ასპარტამი?

ასპარტამი არის ხელოვნური დამატკბობელი, რაც ნიშნავს იმას, რომ ის ნახშირწყლების ძალიან მცირე ან ნულოვან ოდენობას შეიცავს და არ ამარაგებს ორგანიზმს ენერგიითა და კალორიებით, როგორც ამას შაქარი აკეთებს.

თუმცა, ზოგიერთი ხელოვნური დამატკბობლებისგან განსხვავებით, რომლებიც ორგანიზმიდან თითქმის უცვლელი სახით გამოიყოფა, ასპარტამი მეტაბოლიზირდება და მის 1 გრამში 4 კალორიაა.

ასპარტამი ბევრ საკვებსა და სასმელში გამოიყენება, რადგან ის დაახლოებით 200-ჯერ უფრო ტკბილია ვიდრე შაქარი. შესაბამისად, შაქრის მსგავსი სიტკბოს მისაღებად მისი გაცილებით ნაკლები ოდენოით გამოყენებაა საჭირო. 

რამდენად მავნებელია ასპარტამი?

არაერთმა კვლევამ აჩვენა კორელაცია ხელოვნურ დამატკბობლებსა და ჯანმრთელობის სხვადასხვა საკითხებს შორის, როგორიცაა შაკიკი, დეპრესია, გულის დაავადება, კოგნიტიური, ქცევითი და განვითარების საკითხები და დემენციის, დიაბეტისა და კიბოს რისკი.

თუმცა, სურსათის დანამატების ექსპერტთა კომიტეტმა, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ერთობლივმა საკონსულტაციო კომიტეტმა, 2013 წელს დაასკვნა, რომ არ არსებობს დამაჯერებელი ექსპერიმენტული მტკიცებულება, ცხოველების ან ადამიანის კვლევებისგან, რომ ასპარტამის პერორალური გზით მიღებას არასასურველი ექფეტი აქვს, სანამ ის დადგენილ ნორმას (დღეში 40 მილიგრამი სხეულის წონის თითო კილოგრამზე) არ გადააჭარბებს.  

ამერიკის პედიატრიის აკადემია შეშფოთებულია ბავშვების მიერ ასეთი დამატკბობლების მიღებით, რომელიც 1999 წლიდან 2012 წლამდე 200%-ით გაიზარდა. 

რის წარმოებაში გამოიყენება ასპარტამი?

FDA-მ 1974 წელს დაამტკიცა ასპარტამის გამოყენება საღეჭი რეზინის, ცივი საუზმის მარცვლეულის, სასმელების, ჟელატინების, უნალექო ყავის, ჩაის, პუდინგებისა და რძის პროდუქტების წარმოებაში, ხოლო 1996 წლიდან  ასპარტამი დამტკიცებულია, როგორც ზოგადი დანიშნულების დამატკბობელი.

კალორიების კონტროლის საბჭოს თანახმად, დღეს ასპარტამი შეიძლება იყოს მსოფლიოში გაყიდული 6000 საკვები პროდუქტის შემადგენლობაში. დამატკბობელი ხშირად გვხვდება გაზიან დიეტურ სასმელებსა და გაზიან სასმელებში, როგორიცაა Coke Zero Sugar, Diet Coke, Mountain Dew Zero Sugar, Pepsi Zero Sugar და Sprite Zero Sugar.

ასპარტამი, ან სხვა დამატკბობლების ნაზავი, ხშირად შედის სხვადასხვა სასმელებში, როგორიცაა დაბალკალორიული ყავა, დაბალკალორიული წვენები და სასმელების მიქსები.

უფრო მეტიც, ასპარტამი გვხვდება სალათის უშაქრო სოუსებში, უშაქრო კაკაოს ნარევებში,  ჟელატინებსა და პუდინგებში, დაბალკალორიულ ნაყინში და სხვა.

ასპარტამი ასევე გვხვდება ზოგიერთ კბილის პასტაში, ხველის წვეთებში, ზოგიერთ მულტივიტამინისა და მედიკამენტის შემადგენლობაშიც კი.