პირველი სუნამო ძველ ცივილიზაციებში უნდა ვეძებოთ, რა დროსაც მას სარიტუალო, ჰიგიენური თუ სამედიცინო დანიშნულება ჰქონდა. ზოგი ამბობს რელიგიამ შემოინახაო, ზოგიც დედოფლებს დაბანის ფუფუნება ხშირად არ ჰქონდათ და სუნამოს ჰიგიენური დანიშნულებისთვის გამოიყენებდნენო, ზოგიც რაღაც ძველ რიტუალებს მიაწერს… ეს კი იმიტომ, რომ სუნამოები ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მრავალმა კულტურამ განავითარა.
ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე პირველ სუნამოს ანტიკურ მესოპოტამიასა და ეგვიპტეს უკავშირებენ, სადაც ფიქრობენ, რომ, ზოგადად, პარფიუმერიას ჩაეყარა საფუძველი. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ სწორედ ძველი ეგვიპტური მითოლოგია გვაცნობს ნეფერტუმს — მცენარეულობის, პარფიუმერიისა და ტკბილი არომატების ღმერთს.
ამბობენ, რომ ძველი ეგვიპტელები პირველები იყვნენ, რომლებმაც სუნამო თავიანთ კულტურაში შეიტანეს, ამას მოჰყვა შემდეგ ჩინელები, ინდუსები, ისრაელელები, კართაგენლები, არაბები, ბერძნები და რომაელები. უძველესი სუნამოები არქეოლოგებმა კვიპროსში აღმოაჩინეს – ლურსმული ფირფიტა მესოპოტამიიდან ძვ. წ. 1200 წლით თარიღდება და ქალს, სახელად Tapputi-ს, პირველ პარფიუმერად გვაცნობს. როგორც ვიგებთ, იგი მნიშვნელოვანი ფიგურა გახლდათ მესოპოტამიურ მთავრობასა და რელიგიაში. ამბობენ, რომ მესოპოტამიის სამეფო სასახლის ზედამხედველიც იყო.
ტაპუტი სუნის შექმნის მეთოდებზე მუშაობდა და ზედმიწევნით იწერდა თავისივე აღმოჩენილ თუ გამოყენებულ ტექნიკებს. იგი პირველია მათ შორის, რომელსაც სუნამოების შექმნისას გამხსნელების გამოყენებას მიაწერენ. მოწყობილობა, რომელსაც იგი სითხეების გამოსახდელად თუ გასაფილტრად იყენებდა, თანამედროვეს წინამორბედი გახლავთ.
მართალია, ზუსტად ვერ გეტყვით, როგორ სუნამოებს ამზადებდა ტაპუტი, მაგრამ ამაზე გარკვეული წარმოდგენა შეგვიძლია შეგიქმნათ ინგრედიენტებით, რომლითაც ადრე სუნამოებს ამზადებდნენ. მათ შორის ვხვდებით ხეს, ფოთლებს, ფესვებს, ყვავილსა და თესლს. ყვავილები ტკბილი სუნის გამო განსაკუთრებით პოპულარული იყო ძველ სუნამოებში, ვარდის გარდა, შროშანა, ჟასმინი, ლავანდა, ია და ლოტოსიც ხშირად გამოიყენებოდა.
ხოლო სავაჭრო გზების განვითარებასთან ერთად, უფრო მეტი ნედლეული გახდა ხელმისაწვდომი სუნამოების დასამზადებლად და არჩევანი ეგზოტიკური სანელებლებითა თუ მწვანილებით გამდიდრდა. თუმცა ძველ დროში უფრო მეტად ერთნოტიანი სუნამოები იყო გავრცელებული. ფუფუნების საგანს წარმოადგენდა და ფასიც საკმაოდ მაღალი გახლდათ.
რაც შეეხება სუნამოების ბოთლებს, ეს ნამდვილად შეგვიძლია დავუკავშიროთ ეგვიპტეს — მათ მიაწერენ მინის არსებობას, მაშინ კი სუნამოებისთვის მინის გამოყენება ერთ-ერთი გავრცელებული მეთოდი გახლდათ. ეს ქრისტეს შობამდე 1000 წელს მოხდა, მას შემდეგ კი სუნამოების გამოყენება პირდაპირ ებმოდა ისტორიულ მოვლენებს. თუმცა ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, გეტყვით, რომ ძველად არსებული სუნამოების ტრადიციების შენარჩუნება მუსლიმანურმა სამყარომ მოახერხა და მის განვითარებასაც კი შეუწყო ხელი საერთაშორისო ვაჭრობის დაწყებისას.
ისლამურმა კულტურებმა სუნამოების ინდუსტრიისთვის ინოვაციების გაცნობა დაიწყო. ისინი ორთქლით დისტილაციის მეთოდზე მუშაობდნენ, რამაც დიდი როლი ითამაშა პარფიუმერიაში ახალი ნოტების დამკვიდრებაში. სწორედ ახლო აღმოსავლეთის გავლენის გამო გახდა პოპულარული სანელებლების, მწვანილების, ფისებისა და ძვირფასი ხეების გამოყენება…
დაბოლოს, კვლავ პირველ სუნამოს დავუბრუნდეთ. გამოდის, იგი ტაპუტის დამზადებული უნდა იყოს ძველ მესოპოტამიაში, თუმცა, სამწუხაროდ, სუნი და სხვა მახასიათებლები ისტორიამ არ შემოგვინახა… მაგრამ, რადგან გვეუბნებიან, რომ ტაპუტი ყველაფერს ზედმიწევნით ინიშნავდა, ვინ იცის, შესაძლოა, პასუხები კიდევ ერთ ლურსმულ ფირფიტაზე იმალებოდეს…
წყარო: marketer.ge