გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე კვირის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მომატება (თბური ტალღა).
ცალკეულ დღეებში, დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის ტემპერატურამ შესაძლებელია 37, 39◦C, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 39, 41◦C-ს მიაღწიოს.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით 2003 წელს დაფიქსირებული „თბური ტალღები“ ევროპაში 70,000 სიკვდილის მიზეზი გახდა. ცოდნამ, თუ როგორ დაიცვა თავი ცხელ დღეებში, შესაძლოა იხსნას შენი და შენი ახლობლების სიცოცხლე.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოსახლეობისთვის ავრცელებს რეკომენდაციებს, თუ როგორ უნდა დავიცვათ თავი სიცხისგან.
როგორ გავუმკლავდეთ სიცხეს:
შეინარჩუნეთ სახლში სიგრილე
- შეეცადეთ საცხოვრებელ გარემოში შეინარჩუნოთ სიგრილე. სახლში ტემპერატურა შეამოწმეთ დილის 08:00 საათიდან 10:00-მდე, 13:00-ზე და ღამით 22:00 საათის შემდეგ. დღისით ოთახის იდეალური ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 320C, ხოლო ღამით კი 240C-ს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვებისა და 60 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებისათვის; აგრეთვე მათთვის, ვისაც ქრონიკული დაავადებების დიაგნოზი აქვთ.
- ღამით გააღეთ ფანჯრები და დატოვეთ ღია დილამდე, სანამ გარეთ სიგრილე იქნება (თუ ეს სახიფათო არ არის).
- დღისით შეამცირეთ სახლში სიცხის შეღწევა - დახურეთ ფანჯრები, ჟალუზები და დარაბები, განსაკუთრებით მზის მხარეს. შეძლებისდაგვარად გამორთეთ ელექტრო მოწყობილობები და ხელოვნური განათება.
- მზის მხარეს ჩამოაფარეთ დამჩრდილავი ფარდები, ჟალუზები, დარაბები.
- ჩამოკიდეთ სველი პირსახოცები, რაც გაგრილებასთან ერთად სახლს დაატენიანებს.
- თუ სახლში გაქვთ კონდიციონერი, დაკეტეთ კარები და ფანჯრები, რათა ეფექტურად გამოიყენოთ ელექტროენერგია. ეს აგაცილებთ ქვეყანაში ელექტრო ენერგიის დეფიციტის საფრთხეს.
- ვენტილატორი გამოგადგებათ იმ შემთხვევაში თუ ტემპერატურა არ აღემატება 350C-ს. ხოლო თუ ტემპერატურა აღემატება 350C-ს, იგი ვერ მოგიხსნით სიცხესთან დაკავშირებულ პრობლემებს.
- მიიღეთ დიდი რაოდენობით სითხე.
თავი აარიდეთ სიცხეს
- გადადით ცხელი ოთახიდან გრილში, განსაკუთრებით ღამით.
- თუ შეუძლებელია სახლში სიგრილის შენარჩუნება, შეეცადეთ დღის 2-3 საათი გაატაროთ გრილ ადგილას.
- მოერიდეთ ქუჩაში გასვლას დღის ყველაზე ცხელ პერიოდში.
- მოერიდეთ მაღალინტენსიურ ფიზიკურ აქტივობას. თუ ეს აუცილებელია, მაშინ მის შესასრულებლად გამოიყენეთ დილით ყველაზე გრილი პერიოდი: 04:00 საათიდან 07:00 საათამდე.
- დარჩით/გაჩერდით ჩრდილში
- არ დატოვოთ ბავშვები და შინაური ცხოველები გაჩერებულ სატრანსპორტო საშუალებებში!
შეინარჩუნეთ სხეული გრილად და ტენიანად
- მიიღეთ გრილი შხაპი, ან გამოიყენეთ ყინულის პაკეტები, სველი პირსახოცი, და სხვა.
- ქუჩაში გასვლისას ატარეთ ნატურალური მასალის, ღია ფერის, თავისუფალი ტანსაცმელი, ფართოფარფლებიანი ქუდი ან კეპი, ან ქოლგა, და მზისგან დამცავი სათვალე.
- იხმარეთ საწოლის მსუბუქი თეთრეული და არავითარი ბალიში, რათა სიცხის დაგროვება აიცილოთ თავიდან.
- მიიღეთ დიდი რაოდენობით სითხე, გარდა ალკოჰოლის, ტკბილი და კოფეინიანი სასმელებისა.
- საკვები მიიღეთ ხშირად და მცირე ულუფობით. მოერიდეთ ცილის მაღალი შემცველობის მქონე პროდუქტებს.
როგორ მოვიქცეთ, თუ ვინმეს დახმარება სჭირდება?
- ზემოთ წაკითხული გააცანით სხვებსაც - ოჯახის წევრებს, მეგობრებს, მეზობლებს, რომლებიც ძირითადად მარტონი არიან.
- ოჯახში განიხილეთ, თუ როგორ იმოქმედოთ მაღალი სიცხის დროს ექსტრემალურ პირობებში, რათა ყველამ იცოდეს, თუ როგორ დაეხმარონ საკუთარ თავს და სხვა ადამიანებს.
- თუ იცნობთ ავადმყოფ ან მარტოხელა ხანდაზმულს, რომელსაც სჭირდება თქვენი დახმარება, მოინახულეთ სულ მცირე ყოველდღე.
- თუ იცით, რომ ადამიანი ყოველდღიურად იღებს რომელიმე მედიკამენტს, ჰკითხეთ მის მკურნალ ექიმს, წამალი ხომ არ მოქმედებს ორგანიზმის თერმორეგულაციაზე ან სითხის ბალანსზე.
- შეისწავლეთ პირველი დახმარების ჩვევები, რათა იცოდეთ როგორ მოიქცეთ სხვადასხვა საგანგებო სიტუაციების დროს. ეს ყველამ უნდა იცოდეს, რადგან შესაძლოა დასჭირდეს.
- თვალყური ადევნეთ ამინდის პროგნოზს ტელევიზიის, რადიოს ან ინტერნეტის საშუალებით.
დავეხმაროთ ერთმანეთს
თუ თქვენ ან სხვას ექნება ასეთი შეგრძნება:
- თუ იგრძენით თავბრუდახვევა, სისუსტე, ფორიაქი, ძლიერი წყურვილი ან თავის ტკივილი, სასწრაფოდ მოთავსდით გრილ ადგილას და გაიზომეთ სხეულის ტემპერატურა.
- მიიღეთ წყალი ან ხილის ნატურალური წვენი.
- თუ გაქვთ კუნთების მტკივნეული სპაზმი (განსაკუთრებით ფეხებში, ხელებში ან მუცელზე), საჭიროა ელექტროლიტების შემცველი ხსნარების მიღება. თუ აღნიშნული სიმპტომები ერთ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა, სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს.
- ექიმს მიმართეთ მაშინაც, თუ გრძნობთ უჩვეულო სიმპტომებს და ეს სიმპტომები დიდხანს ნარჩუნდება.
- თუ ვინმემ თავი შეუძლოდ იგრძნო, მოსასვენებლად გადაიყვანეთ გრილ ადგილას. მიეცით დიდი რაოდენობით სითხე.
- მიმართეთ ექიმს, თუ პიროვნებას აღენიშნება სუნთქვის გაძნელება, ტკივილი გულმკერდის არეში, სისუსტე, თავბრუდახვევა, გულისრევა ან კრუნჩხვები.
- თუ შეამჩნევთ, რომ ოჯახის რომელიმე წევრს, ან ნებისმიერ ადამიანს აქვს მაღალი ტემპერატურა, გამომშრალი კანი, ბოდავს, აქვს კრუნჩხვა ან დაკარგა გონება, სასწრაფოდ გამოიძახეთ სასწრაფო დახმარების ბრიგადა ან დაუკავშირდით ოჯახის ექიმს. სასწრაფო დახმარების მოსვლამდე დაზარალებული გადაიყვანეთ გრილ ადგილას, დააწვინეთ ჰორიზონტალურად, აუწიეთ ფეხები, გაუხსენით ტანსაცმელი, რომ არ უჭერდეს; კისერზე, იღლიის ქვეშ, საზარდულის არეში დაადეთ ყინულის პაკეტი, ტანი დაუზილეთ 250-300C ტემპერატურის წყლით და გაუზომეთ სხეულის ტემპერატურა. გონება დაკარგული ადამიანი მოათავსეთ გვერდზე.
თუ ჯანმრთელობის პრობლემები გაქვთ
- მედიკამენტი შეინახეთ 250C-ზე დაბალ ტემპერატურაზე ან მაცივარში (შენახვის წესები წაიკითხეთ ინსტრუქციაში)
- თუ გაქვთ ქრონიკული დაავადების დიაგნოზი ან იღებთ ერთდროულად რამდენიმე მედიკამენტს, მათი დოზისა და მიღების ჯერადობის შესახებ აუცილებლად მიმართეთ ექიმს.