ჭოროხის დელტას ტერიტორია, რომელსაც უმნიშვნელოვანესი როლი აქვს ველური სახეობების შენარჩუნებაში და რომლის დაცვაც ხელისუფლების ვალდებულებაა, თანდათან ხელისუფლებისგან დასაცავი ხდება.
საფრთხის წინაშეა არა მხოლოდ ჰაბიტატებისთვის საჭირო ბუნებრივი გარემო, არამედ „გრძელვადიან პერსპექტივაში, შესაძლოა, ჭოროხის დელტის ფიზიკურ არსებობასაც შეექმნას საფრთხე“ – ზღვის მიერ სანაპირო ზოლის ეროზიის გამო.
მთავარი მიზეზი ჭოროხიდან ხრეშის ამოღებაა, რის აკრძალვაზეც ბოლო რამდენიმე წელია საუბარია ყველა შესაბამის კვლევაში. სპეციალისტთა დასკვნებით ჭოროხის ისედაც შემცირებული ნატანი მხოლოდ ზღვის სანაპიროს დაცვას უნდა მოხმარდეს.
ჭოროხის დელტა და „ზურმუხტის ქსელი“
ბათუმში არის ათკილომეტრიანი „სამიგრაციო ძაბრი“, რომელიც მსოფლიოში მესამე ადგილზეა მექსიკის და ისრაელის შემდეგ გადამფრენ ფრინველთა რაოდენობის მიხედვით. აჭარის ცას ყოველწლიურად ევრაზიიდან აფრიკისკენ გადამფრენი, მილიონზე მეტი მტაცებელი ფრინველი გადაუფრენს.
ამ სამიგრაციო ძაბრის ნაწილია სწორედ ჭოროხის დელტაც, რომელიც თავის მხრივ შედის „ზურმუხტის ქსელში“. „ზურმუხტის ქსელი“ კი პანევროპული ეკოლოგიური ქსელია, რომელიც ევროპის ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას ემსახურება.
„აჭარაში გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვების სეზონი დაიწყო… რეგიონი ყოველწლიურად უფრო და უფრო მეტ ტურისტსა და ამ დარგით დაინტერესებულ მეცნიერს იზიდავს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან“ – დაწერა რამდენიმე დღის წინ აჭარის კურორტებისა და ტურიზმის დეპარტამენტმა.
თუმცა, ზოგადად ზურმუხტის ქსელი საქართველოში და მათ შორის ჭოროხის დელტაც, სახელმწიფოს მხრიდან ფაქტობრივად მართვის გარეშეა დატოვებული. „ზურმუხტის ქსელის“ ტერიტორიის [ჭოროხი დელტას-GE0000054] მართვის გეგმის“ შედგენაში კი ბიუჯეტიდან 2021 წელს 36 000 ლარია გადახდილი. ეს „მართვის გეგმა“ კი, როგორც „ბათუმელებმა“ გაარკვია, უკვე მეოთხე წელია არც კი ამოქმედებულა.
ფოტოზე: ბათუმი. გონიოს ყოფილი სამხედრო პოლიგონის ტერიტორიის ნაწილი და ჭოროხის შესართავი
„ჭოროხის დელტის ზურმუხტის ტერიტორიის მართვის გეგმა შემუშავდა სახელმწიფო ტენდერის ფარგლებში 2021 წელს, თუმცა ამ ეტაპისთვის დოკუმენტი არის სამუშაო ვერსიის სახით. საჯარო განხილვის ჩატარება დაგეგმილია საკანონმდებლო საფუძვლების, კერძოდ ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კანონის მიღების შემდგომ. შესაბამისად, გეგმაში გაწერილი ამოცანებისა და ქმედებების აღსრულება ამ ეტაპზე არ ხორციელდება“ – მოგვწერეს „ბათუმელებს“ 2025 წლის 27 აგვისტოს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან.
სამინისტრო ასევე გვწერს, რომ „ზურმუხტის ტერიტორიების მართვაზე პასუხისმგებელი ორგანოები დადგინდება ბიოლოგიური მრავალფეროვნების კანონის მიღების შემდეგ. ჭოროხის დელტას ტერიტორიის მართვის ორგანოდ მოიაზრება ბათუმის მერიაც, ვინაიდან აღნიშნული ზურმუხტის ტერიტორია მდებარეობს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საზღვრებში“.
საქართველოს არალეგიტიმურმა პარლამენტმა მთელი რიგი ანტიდემოკრატიული და ანტიკონსტიტუციური კანონები დაჩქარებული წესით მიიღო, მაშინ როცა, წლებია საუბარი მიდის „ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“ კანონის მიღების აუცილებლობაზე, თუმცა კანონის პროექტი უკვე მეორე წელია პარლამენტშია და ხუთი კომიტეტიდან ჯერ მხოლოდ ორის დასკვნა დევს. ამასთან, კანონპროექტში მითითებულია, რომ ის [მიღების შემთხვევაში] სრულად მხოლოდ 2029 წლიდან ამოქმედდება. ამ კანონის მიღების ვალდებულება კი, საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით აქვს აღებული.
დაჩქარებული წესით მიღებული ანტიდემოკრატიული კანონების, „ქართული ოცნების“ ანტიდასავლური პოლიტიკისა და „ოცნების“ მთავრობის რეპრესიების გამო კი ქვეყანა ევროპასთან უვიზო რეჟიმის დაკარგვის რეალური საფრთხის წინაშე დგას.
„ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“ კანონის მიღება, გარდა იმისა, რომ ვალდებულებაა, უპირველეს ყოვლისა მნიშვნელოვანია თავად ზურმუხტის ქსელის დასაცავად და ბიომრავალფეროვნების კონსერვაცია-შენარჩუნების თვალსაზრისით. ამ კანონის მიღებით ცვლილებები უნდა შევიდეს მთელ რიგ სხვა კანონებში, რომელმაც ამ ქსელთან დაკავშირებით არაერთი საკითხი უნდა დაარეგულიროს – ნადირობიდან დაწყებული, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებისა თუ მშენებლობების ჩათვლით.
სამინისტროს ინფორმაციით, „2025 წლის მდგომარეობით საქართველოში ზურმუხტის ქსელი შედგება 66 დამტკიცებული ტერიტორიისგან. ზურმუხტის ტერიტორიების საერთო ფართობი შეადგენს 1 307 501 ჰექტარს, რაც საქართველოს საერთო ტერიტორიის 18,75 პროცენტს შეადგენს. დაგეგმილია ქსელის შემდგომი განვითარება და მართვისა და მმართველობის ინსტრუმენტის გაძლიერება“.
აღნიშნულის მიუხედავად ეს „ინსტრუმენტი“ რეალურად არ არსებობს. მეტიც, ჭოროხის დელტას შემთხვევაში, „ოცნების“ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ 2025 წლის 17 მარტის განკარგულებით სამინისტროს „ზურმუხტის ქსელის“ საზღვრების კორექტირებაც კი დაავალა – გონიოს ყოფილი სამხედრო პოლიგონის ტერიტორიაზე „საინვესტიციო პროექტის წარმატებით განხორციელების მიზნით“. ყოფილი პოლიგონის ტერიტორია კი მთლიანად ჭოროხის დელტის საზღვრებშია მოქცეული.
ჭოროხის დელტის ზურმუხტის ტერიტორიის საზღვრების გადახედვაზე საუბარია ზემოთ აღნიშნული დოკუმენტის [მართვის გეგმის] რეკომენდაციებშიც, თუმცა, არა შემცირების, არამედ გაფართოების კუთხით.
„მოცემულ მართვის გეგმაში წარმოდგენილი გვაქვს გასწორებული საზღვრები. ზურმუხტის ტერიტორიის ძველი საზღვრები შემოფარგლავდა დელტის მხოლოდ ნაწილს, თუმცა იგივე ჰაბიტატები წარმოდგენილია მდინარის ზედა ნაწილშიც, საიდანაც დელტა იწყებს ფორმირებას. შესაბამისად, წარმოდგენილი ჰაბიტატების დაცვის გაუმჯობესებისთვის ტერიტორიის საზღვარი გაფართოვდა და გადაიწია მდინარე ჭოროხისა და მახოს შესართავამდე.“ – აღნიშნულია „მართვის გეგმაში“.
ჭოროხის დელტას განახლებული საზღვარი „მართვის გეგმიდან“
„არაშენდ[ებ]ა“ – ხიდი ჭოროხზე ზღვის შესართავთან
ჭოროხის დელტაში – ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებისთვის ამ უმნიშვნელოვანეს ადგილში ყოველთვის იყო არასასურველი ჩარევა – აქ იყო სამხედრო პოლიგონი, ახლოსაა აეროპორტი, მრავალი წელია და დღემდე მოქმედებს არასტანდარტული ნაგავსაყარი, გადის ბათუმი-სარფის ავტომაგისტრალი, აქვე ააშენეს ქალაქის საკანალიზაციო წყლების გამწმენდი ნაგებობა, ჭოროხის მიმართულებით გაგრძელდა ბულვარი [როგორც გონიოს ასევე ბათუმის მხრიდან], ჭოროხის შესართავთან იგეგმებოდა ხიდის მშენებლობაც.
გაგრძელდება თუ არა ბათუმის სანაპიროზე გზა და ბულვარი გონიოს მიმართულებით? აშენდება თუ არა ახალი ხიდი მდინარე ჭოროხზე ზღვის შესართავთან? როგორ განვითარდება გონიოს ყოფილი სამხედრო პოლიგონის ტერიტორია? – ამ კითხვებთან დაკავშირებით მუნიციპალური განვითარების ფონდში 2019 წელს „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ პასუხები ყოფილი პოლიგონის განვითარების ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მომზადდების შემდეგ ექნებოდათ.
ვრცლად: ბულვარის გაგრძელება და ყოფილი პოლიგონის განვითარება – რას აპირებს მთავრობა
ჭოროხის შესართავთან ხიდის საკითხზე ამჯერად გარემოს დაცვის სამინისტროს ვკითხეთ. სამინისტროს ინფორმაციით, მდინარის შესართავთან ხიდის მშენებლობა ამ დროისთვის არ განიხილება.
„მდინარე ჭოროხის შესართავთან არსებული ზურმუხტის ქსელის საზღვრებში ხიდის მშენებლობაზე გარემოსდაცვითი შეფასების სფეროში ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გაცემული არ არის. აქვე გასათვალისწინებელია, რომ შესაბამისი საქმიანობებისთვის [მათ შორის, ხიდის მშენებლობა] გარემოსდაცვითი შეფასების სფეროში გადაწყვეტილება/დასკვნა მიიღება კოდექსით დადგენილი შესაბამისი პროცედურის [სკრინინგის/სკოპინგის/გზშ] განხორციელებით.“ – მოგვწერეს სამინისტროდან.
„დამატებით გაცნობებთ, რომ მითითებული ზურმუხტის ქსელის საზღვრიდან დაახლოებით 200 მეტრში, საერთაშორისო მნიშვნელობის E-70 საავტომობილო გზის ბათუმის შემოვლითი – სარფის [თურქეთის საზღვარი] მონაკვეთის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, მდინარე ჭოროხზე დაგეგმილია სახიდე გადასასვლელის მოწყობა“ – აღნიშნულია სამინისტროს წერილში.
აქ სამინისტრო გულისხმობს ზურმუხტის ქსელის სტანდარტულ საზღვარს, რომელიც ე.წ. გონიოს ხიდიდან ზემოთ დაახლოებით ნახევარ კილომეტრში გადის. თუმცა, თუ „მართვის გეგმის“ დოკუმენტში მოყვანილი რეკომენდაცია იქნება გათვალისწინებული და ზურმუხტის ქსელის ტერიტორია გაფართოვდება, მაშინ ბათუმი-სარფის ავტობანის ახალი ხიდი უშუალოდ ამ ქსელის საზღვრებში მოექცევა.
ხრეშის ამოღება – საფრთხე ჭოროხის დელტისთვის
ჭოროხის დელტას მართვის გეგმის დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „ჭოროხის დელტაზე საკმაოდ ხშირად იყრება სამშენებლო ნარჩენები, რომელიც ახდენს ჭოროხის დელტისა და მიმდებარე ტერიტორიების ცვლილებას, უკონტროლოდ განთავსებული სამშენებლო ნარჩენები, ანადგურებს ბალახის საფარს, რაც ფრინველისთვის თავშესაფრის როლს ასრულებს და ასევე მნიშვნელოვან ზიანს აყენებს ადგილობრივ ფლორას.
ასევე, ჭოროხის დელტის ჩრდილო დასავლეთ ნაწილში მდინარიდან ხდება ქვიშა-ხრეშის მოპოვება, რაც მნიშვნელოვნად ზემოქმედებს მდინარის ნაპირებსა და მიმდებარედ არსებულ ჰაბიტატებზე, ხოლო ჰაბიტატის დაკარგვა გრძელვადიან პერსპექტივაში ნეგატიურად აისახება ფრინველთა მრავალრიცხოვნობაზე და მრავალფეროვნებაზე.
ჭოროხის დელატაზე ექსპედიციის დროს… გაირკვა, რომ ჭოროხის დელტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფრთხე ზღვის მიერ სანაპირო ზოლის ეროზიაა [ტერიტორიის მიტაცება ზღვის მიერ], რომლის გამოც, გრძელვადიან პერსპექტივაში, შესაძლოა, ჭოროხის დელტის ფიზიკურ არსებობასაც შეექმნას საფრთხე. ამიტომ მნიშვნელოვანია გატარდეს ნაპირსამაგრი ღონისძიებები [შესაბამისი სპეციალისტების ჩართულობით] რათა შეუქცევადი პროცესი შერბილდეს.
გარდა ამისა, კრიტიკულად მნიშვნელოვანია მდინარე ჭოროხიდან ქვიშა-ხრეშის მოპოვებითი სამუშაოების აკრძალვა, რადგან ისედაც შემცირებული ნატანის ფონზე, მაქსიმალურად უნდა მოხდეს არსებული ნატანი მასის ზღვაში ჩადინების უზრუნველყოფა“.
ჭოროხის დელტაში ხრეშის მოპოვება არა თუ აიკრძალა, არამედ არც კი შეჩერებულა და მან ახალი მასშტაბი მიიღო ხელოვნური კუნძულის მშენებლობის პროექტის გამო.