"რა ვიცით საქართველოს მოქალაქეების ციფრული მონაცემების ბოლო გაჟონვასთან დაკავშირებით და რა საფრთხეს შეიძლება შეიცავდეს ეს ფაქტი," - ამის შესახებ კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი, ანდრო გოცირიძე სოციალურ ქსელში პოსტს წერს.
საქმე ისაა, რომ გერმანიაში ბაზირებულ ღრუბლოვანი სერვისის ერთ-ერთ პროვაიდერზე თავისუფალი ძებნისას დაფიქსირდა და მალევე დაიხურა დაცვის გარეშე განთავსებული საქართველოს მოქალაქეების პერსონალური მონაცემების დიდი მასივი, ორი ბაზა, რომელთაგან ერთ შეიცავდა 4,5, მეორე კი 7 მილიონამდე ჩანაწერს;
კიბერუსაფრთხოების სპეციალისტის შეფასებით, მონაცემთა ბაზა შეიცავდა მგრძნობიარე პერსონალურ ინფორმაციას, როგორიცაა პირადი ნომერი, სრული სახელი და გვარი, დაბადების თარიღი სქესი,
"სერტიფიკატის მსგავსი ნომერი, რომელიც ჰგავს სადაზღვევო იდენტიფიკატორს, მობილური ტელეფონის ნომერი მფლობელის მიბმული აღწერილობით;
მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაციის ერთი ნაწილი ძალიან ჰგავს 2020 წელს მომხდარი მონაცემთა გაჟონვის შედეგად შექმნილ ინფორმაციას, რომელსაც მიაკუთვნებდნენ საარჩევნო კომისიის გაჟონილ ბაზას, თუმცა სახელმწიფომ ეს გაჟონვა უარყო. აღმოჩენილი მონაცემები სავარაუდოდ წარმოქმნილია სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებში დაცული ინფრომაციის შეჯერებით, მასში მრავლადაა დუბლირება, რის გამოც საერთო რიცხვი აღემატება საქართველოს მოსახლეობის რაოდენობას.
მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით, საქართველოს მოსახლეობის ცნობიერება კიბერსაფრთხეების შესახებ მეტნაკლებად მზარდია, პერსონალური მონაცემების გაჟონვიდან მომდინარე რისკები სახელმწიფოს და თავად მოსახლეობის მხრიდანაც არასათანადოდაა შეფასებული. ითვლება, რომ "რა პრობლემაა, ვინც უნდა იმან იცოდეს ჩემი პირადი ნომერი...", რაც მცდარი მიდგომაა, რადგან პერსონალური ინფრომაციის ეს რაოდენობა სრულიად საკმარისია თქვენი სახელით დანაშაულის ჩასადენად, ადამიანზე ფარული მიყურადებისთვის, ფიზიკური ანგარიშსწორების დასაგეგმად, ფოშინგის ან სოციალური ინჟინერიის სხვა კამპანიების საწარმოებლად.
გაჟონვა შესაძლოა არც იყოს ახალი, უბრალოდ ახლა იქნა აღმოჩენილი ეს ბაზა, რომელიც ვიღაცას ატვირთული ჰქონდა ქლაუდზე და არ ჰქონდა დაცული პასვორდით. მოსალოდნელია სოციალური ინჟინერიის კამპანიების გააქტიურება, ამიტომ ადამიანებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ საეჭვო გზავნილებსა და შეთავაზებებს;
გარდა ტრადიციული კიბერდანაშაულისთვის საბაზისო მონაცემების მოპოვებისა, ამ რაოდენობის ჩანაწერებით ეფექტურად შეიძლება მტრულად განწყობილი ქვეყნის ან პოლიტიკური აქტორების მხრიდან პროპაგანდის მიზანმიმართული გავრცელება ან დეზინფორმაციული კამპანიის დაგეგმვა-განხორციელება," - წერს კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი, ანდრო გოცირიძე სოციალურ ქსელში.