გამოცემა Cybernews-ის ცნობით, გერმანულმა ღრუბლოვანმა სერვისის პროვაიდერმა (Cloud Service Priveder) შემთხვევით საქართველოს თითქმის მთლიანი მოსახლეობის პირადი მონაცემები ხელმისაწვდომი გახადა. ამის შესახებ თავდაპირველად კიბერუსაფრთხოების კონსულტირების პლატფორმა SecurityDiscovery-მ აღმოაჩინა.
კომპანიის კიბერუსაფრთხოების ექსპერტმა, ბობ დიაჩენკომ თქვა, რომ მათ ახლახან აღმოაჩინეს პაროლით დაუცველი მონაცემთა ბაზა, რომელიც საქართველოს მოქალაქეების დიდი რაოდენობით პერსონალურ დეტალებს შეიცავდა. მონაცემთა ბაზის ერთ ნაწილში თითქმის 5 მილიონი პერსონალური მონაცემების ჩანაწერი იყო, ხოლო მეორეში 7 მილიონზე მეტი.
იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ საქართველოს მოსახლეობა დაახლოებით 4 მილიონია, ხოლო გამჟღავნებულ ჩანაწერთა რაოდენობა რამდენიმე მილიონით აღემატება ამ რიცხვს, აღნიშნულ მონაცემთა ბაზაში, შესაძლოა, გარდაცვლილი ქართველი მოქალაქეების პერსონალური მონაცემები ან კონკრეტული ადამიანების პერსონალური მონაცემების განმეორებითი ჩანაწერები ყოფილიყო.
ბაზა შეიცავდა ისეთ სენსიტიურ პერსონალურ ინფორმაციას, როგორებიცაა მოქალაქეთა პირადი ნომრები, სრული სახელები და გვარები, დაბადების თარიღები, გენდერი, ტელეფონის ნომრები და სხვა. ყოველივე ეს საქართველოს მოქალაქეებს იდენტობის ქურდობის, ე.წ. ფიშინგისა და სხვა საფრთხეების წინაშე აყენებდა.
"როგორც ჩანს, მონაცემები შეგროვდა ან გაერთიანდა მრავალი წყაროდან, მათ შორის, პოტენციურად სამთავრობო ან კომერციული მონაცემთა ბაზებიდან და ნომრების იდენტიფიკაციის სერვისებიდან". - თქვა დიაჩენკომ.
ექსპერტებმა მიაკვლიეს იმ გერმანულ CPS-ს, რომელმაც ეს მონაცემები შემთხვევით გაასაჯაროვა, თუმცა ისინი კომპანიის სახელს ჯერჯერობით არ ამბობენ. მკვლევრების თქმით, სერვერი აღმოჩენიდან მალევე offline რეჟიმში გადაიყვანეს. უცნობია, შეატყობინეს თუ არა კომპანიას მონაცემთა გაჟონვის შესახებ.
"მონაცემთა მფლობელობაში სიცხადის გარეშე, დაზარალებული პირების კომპენსაცია შეზღუდულია და კვლავ რთული რჩება მონაცემთა დაცვის შესახებ კანონების აღსრულება ან პასუხისმგებლობის ძიება. ეს გაჟონვა ხაზს უსვამს მონაცემთა ტრანსსასაზღვრო დაცვისა და რეგულირების სირთულეებს". - თქვა დიაჩენკომ.
წყარო: ტაბულა